გუნდა-ლახოსტაკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ უ ნ დ ა - ლ ა ხ უ ს ტ ა კ ი, თმისა და წარბ-წამწამის შესაღები ხალხ. კოსმეტიკური საშუალება. ამზადებდნენ გუნდის ხის (კვიპაროსი) გირჩისა და მინერალ ანტიმონიტისაგან. გუნდის ხის ნედლ გირჩას ღადარში წვავდნენ, ფხვნიდნენ და შავ საღებავს იღებდნენ (ზოგჯერ მას გამხმარ შავბალახსაც ურევდნენ). ლახოსტაკის მისაღებად ანტიმონიტს სპილენძის ქვაბში წვავდნენ (ნამწვავს ლილაქვასაც უწოდებდნენ). გუნდის ფხვნილს გახსნიდნენ თბილ წყალში, შიგ გაქნიდნენ ლახოსტაკს და სადაფის ნიჟარაში ან ავანდასტში მოლესავდნენ. ლახოსტაკი საღებავის შემაკავშირებლის როლს თამაშობდა. საღებავი რომ კარგად მიეღო, წარბ-წამწამზე ჯერ მცენარეულ ზეთს ისვამდნენ, შემდეგ ძვლის, ლითონის ან ხის სასურმე ჩხირებით მოიხატავდნენ. ძილის წინ ზედმეტ საღებავს თბილი წყლით იშორებდნენ. გ.-ლ., როგორც კოსმეტიკური საშუალება, იხსენიება ძვ. „მზითვის წიგნებში".

ლიტ. : Я ш в и л и А. О., Народная медицина в Закавказском крае, Тфл., 1904. ლ. ბესელია.