გუნიაყალას წარწერა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელის გამოსახულებიანი სტელა – "ველი", სამეფო მიწათმფლობელობის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი. აღმოჩენილია თრიალეთში (ყოფ. სოფელი გუნიაყალა ) 1936 წელს ეთნოგრაფიული ექსპედიციის მიერ (ხელმძღვ. – გ. ჩიტაია). იმავე წელს გადაიტანეს ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში (#173). მოვარდისფრო ქვის ოთხკუთხად გათლილი სტელა არის ზომით 133 სმ × 80 სმ × 20 სმ . სტელის ზედაპირზე, შუა ნაწილში, გამოსახულია დაბალი რელიეფით შესრულებული გაშლილი ხელი (მეფის ძალაუფლების მატერიალური ნიშანი) და სამეფო ნიშანი. ორივე გამოსახულება ჩასმულია თაღოვან ლილვისებურ ჩარჩოში. მის მარცხნივ და მარჯვნივ ამოკვეთილია 10-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: "სახელითა ღმრთისაΩთა, 211 ბრძანებითა ღმრთის სწორთა თამარისა და გიორგისითა, ჭყონდიდელის, ზაქარია, შალვა, ოვსიყმა, ვაჩესითა, ჯალაბაΩს მოჭირვებითა, სანობაΩს ძისა ინაΩსა ველითა დაΩსუა ველი ესე ღმრთისა სწორთა მეფეთ მეფისა გიორგისი". სტრიქონები გადადის ჩარჩოს ერთი გვერდიდან მეორეზე. წარწერას, ხელისა და სამეფო ნიშნის გამოსახულებას, თავის მხრივ, შემოუყვება შეწყვილებული ლილვის ჩარჩო. წარწერის ფართობი: მარცხენა მხარეზე – 43,5 სმ × 11,5 სმ ; მარჯვენა მხარეზე – 40 სმ × 9,6 სმ ; გრაფემების სიმაღლე – 2,5–3 სმ ; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. ქარაგმის ნიშნად ნახმარია კლაკნილი, კიდურწერტილოვანი განივი ხაზი. დამწერლობა კიდურწერტილოვანია, თარიღდება შინაარსისა და პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით. წარწერაში მოხსენიებული არიან თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV (ლაშა-გიორგი). ეს უკანასკნელიც მეფედ იხსენიება, რაც მიუთითებს, რომ წარწერა შესრულებულია თამარისა და გიორგის თანამოსაყდრეობის პერიოდში. თამარისა და გიორგის შემდეგ დასახელებული არიან "დარბაზის რიგის" უმაღლესი მოხელეები, უხუცესი- ვაზირები (იერარქიული თანმიმდევრობით), რ-ებიც მონაწილეობას იღებდნენ სამეფო დომენის გამგებლობაში: 1. ჭყონდ ი დ ე ლ - მ წ ი გ ნ ო ბ ა რ თ უ ხ უ ც ე ს ი (სახელის გარეშე); 2. ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი; 3. მანდატურთუხუცესი შალვა თორელ-ახალციხელი; 4. მეჭურჭლეთუხუცესი ოვსიყმა; 5. მსახურთუხუცესი ვაჩე. ბოლოს, წარწერაში მოხსენიებული არიან ძეგლის დადგმის მოთავე ჯალაბა ("ჯალაბაΩს მოჭირვებითა") და ოსტატი – ინა ("ინაΩსა ველითა").

ლიტ. : ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე ვ., ჩ ი ტ ა ი ა გ., ქართული ხალხური ორნამენტი, I. ხევსურული, თბ., 1939; ბ ა ქ რ ა ძ ე ა., XIII საუკუნის წარწერა გუნია-ყალადან, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე », 1953, ტ.17 B; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII საუკუნის წარწერებთან დაკავშირებით, იქვე, 1940, ტ. 10 B; ო თ ხ მ ე ზ უ რ ი გ., XII–XIII სს-ის მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, შედგ. ა. ბაქრაძისა და ს. ბოლქვაძის მიერ, თბ., 1953; ც ი ს კ ა რ ი შ ვ ი ლ ი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა, თბ., 1959; М е л и к с е т - Б е к Л., Рельефы руки на памятниках материальной культуры феодальной Грузии, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1957, ტ. 9. გ. ოთხმეზური.