გუნცაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით კონსტანტინეს ძე (8. IX. 1861, სოფ. შუა კვალითი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 1922, იუგოსლავია), რუსეთის არმიის გენერალ- ლეიტენანტი (1917). დაამთავრა ელიზავეტგრადის (უკრაინა) სამხ. პროგიმნაზია, კიევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1880). მონაწილეობდა 1904– 05 რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო (1914–18) ომებში. 1914 აგვ-ში მიენიჭა გენ.-მ. წოდება. მეთაურობდა ტამანის (1890-იდან), ლაპლანდიის 97-ე ქვეით პოლკს (1912-იდან), 53-ე ქვეით დივიზიას (1915-იდან). 1917 ნოემბერ-დეკემბერში იყო მე- 12 არმიის სარდალი. 1920-იდან იყო ემიგრაციაში. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებითა და მედლებით. ლ. დოლიძე.


გუნცაძე

იოსებ ალექსანდრეს ძე (1863, სოფ. კვალითი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 1934, იქვე), აგრონომი. 1887 დაამთავრა მონპელიეს (საფრანგეთი) აგრონ. ინ-ტი, დაბრუნდა სამშობლოში, სოფ. კვალითში, და შეუდგა სას.-სამ. საქმიანობას. აღმოაჩინა ვაზის დაავადება ჭრაქი, შეიმუშავა ბორდოს ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი და დაიწყო ვაზის შეწამვლა. ფილოქსერის წინააღმდეგ პირველმა დაამყნო ამერ. საძირეზე ვაზი, რაც ფართოდ დაინერგა მევენახეობაში. ამ წესს ვ. სტაროსელსკი პირველად გ-ის სანერგეში გაეცნო. გ-მ საზღვარგარეთიდან შემოიტანა ახ. გაუმჯობესებული სას.-სამ. მანქანა- იარაღები, ხელსაწყოები და აპარატები. სას.-სამ. ცოდნის პროპაგანდის მიზნით ატარებდა საცდელ- საჩვენებელ სამუშაოებს, ექსპერიმენტებს, აჩვენებდა ახ. აგროტექნიკურ წესებს. ევრ. მოწინავე მეღვინეთა გამოცდილების საფუძველზე ატარებდა სადემონსტრაციო ცდებს ღვინის ტექნოლოგიის საკითხებზე. შეიმუშავა ქართ. ვაზის ჯიშებისაგან ღვინის დაყენების რამდენიმე ხერხი. 1908 ზესტაფონში დააარსა სამომხმარებლო-საკრედიტო ამხანაგობა "იმერეთი", რომელსაც ხელმძღვანელობდა 1923-მდე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი, სისტემატურად თანამშრომლობდა ქართ. და რუს. პერიოდულ პრესასთან.

ლიტ .: ჩ ხ ე ი ძ ე თ., იოსებ გუნცაძე, თბ., 1985. თ. ჩხეიძე.