გურამიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (გ. 1795), კრწანისის ბრძოლის გმირი, მეფე ერეკლეს ნათლული. ჰქონდა მაიორის ჩინი. მეთაურობდა ქართველთა არტილერიას, იდგა მახათას მთაზე. როცა ირანელებმა მის პოზიციებს შეუტიეს, გ-მა 4 მომხდური ხმლით განგმირა და ზარბაზანზე გადამხობილი დაიღუპა.

ლიტ .: თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990.


სარჩევი

დავით ალექსანდრეს ძე

დ. ა. გურამიშვილი. "ავტოპორტრეტი".

(25. II. 1857, ქვემო ავჭალა, გურამიანთკარი, – 9. VIII. 1926, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი, ფოტოგრაფი, კოლექციონერი, საზ. მოღვაწე. ახ. ქართული ფერწერის უფროსი თაობის წარმომადგენელი. თბილ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1873 დასთან – ოლღასთან ერთად იმოგზაურა ციურიხსა და პარიზში. 1881–86 ცხოვრობდა პეტერბურგში. 1886–88 სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან ("ფალანგა", "ობზორი"). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა აქტ. შემოქმედებით მოღვაწეობას, იყო ი. ჭავჭავაძისა და ნ. ნიკოლაძის ახლო ნათესავი და ყოველგვარ საზ. საქმიანობაში მათ გვერდით იდგა. 1912 მოეწყო გ-ის ნახატების გამოფენა თბილისში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა მკვეთრი კოლორიტულობით; მხატვრისთვის დამახასიათებელია მახვილი თვალი, იუმორის გრძნობა და შესრულების მაღალი ოსტატობა. ნამუშევრების ["მოგზაურობა უდაბნოში", 1886; "მოხუცის პორტრეტი", "ქალიშვილის პორტრეტი", "ავტოპორტრეტი" (1924, ყველა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), ნ. ნიკოლაძის პორტრეტი (XIX–XX სს. მიჯნა), ი. ჭავჭავაძის სახლმუზეუმი, საგურამო] ნათელი, თბილი, ფერადოვანი გამა, მზის სხივებით განათებული პეიზაჟები გ. გაბაშვილის შემოქმედებასთან სიახლოვეზე მიუთითებს. ვ. ბერიძე.






დავით გიორგის ძე

დ. გურამიშვილი.
დ. გურამიშვილი. მოქანდაკე მ. ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი. არქიტექტორი ვ. ა ლ ე ქ ს ი - მ ე ს ხ ი შ ვ ი ლ ი. თუჯი. 1965. თბილისი.
დ. გურამიშვილის სახლ-მუზეუმი. მირგოროდი. უკრაინა.

[1705, სოფ. გორისუბანი, საგურამოს თემი, – 21. VII (1.VIII). 1792, მირგოროდი, უკრაინა], პოეტი. სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში, გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდ. შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი იყო. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გ-ის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფ. ლამისყანაში, გაიხიზნა. დაახლ. 1727–28 გ. ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში, ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ამ დროს ვახტანგ VI თავისი მრავალრიცხოვანი ამალით იმყოფებოდა. ვახტანგმა მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა და იარაღის საწყობი ჩააბარა. მეფის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გ. ინტენს. კულტ. საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გ-ის პოეტური ბიოგრაფია. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების (1737) შემდეგ ქართვ. ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების იმედი დაეკარგათ და რუს. ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 მათ შექმნეს ქართვ. ჰუსართა ასეული, რ-იც შემდეგ პოლკად გადაკეთდა. ჰუსარებს დაურიგეს მამულები რუს. სხვადასხვა პროვინციაში, მეტწილად უკრაინაში. გ-ის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართვ. ჰუსართა პოლკს. პოეტმა ადგილ-მამული მიიღო სამხრ. უკრაინაში – მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738–60 მონაწილეობდა რუს. ლაშქრობებში ოსმ., შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ. ამ ბრძოლებში თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756–63) გ. ტყვედ ჩავარდა და 1759 დეკემბრამდე მაგდებურგის ციხეში იჯდა. 1760 მრავალჭირნახულმა და სენთაგან დაუძლურებულმა პოეტმა პორუჩიკის ჩინით თავი დაანება სამხ. სამსახურს, თავის ახალგაზრდა მეუღლესთან, ტატიანა ავალიშვილთან, ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და შეუდგა სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტ. სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართ. ახალშენის ცხოვრებაში. სიცოცხლის დარჩენილი წლები უკრაინაში გაატარა. დაკრძალულია მირგოროდში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში. გ-მა თავის ლიტ. მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 საკუთარი ხელით გადაწერილი "დავითიანი" პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძე) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მისმა პოეტურმა მემკვიდრეობამ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფული კრებულის (ინახება ხელნაწ. ეროვნ. ცენტრში, S–1598) სახით მოაღწია ჩვენამდე. "დავითიანში" ლირ. ლექსებთან ერთად ორი პოემაა: პირველი ისტ. ხასიათისაა და პირობითად "ქართლის ჭირი" ეწოდება, მეორე – "ქაცვია მწყემსი" ან, როგორც თვით ავტორი უწოდებს, "მხიარული ზაფხული", საყოფაცხოვრებო ხასიათისაა. "ქართლის ჭირში" იშვიათი პოეტური ოსტატობით არის გადმოცემული იმდროინდელი სა213 ქართვ. მდგომარეობა. "მართლის თქმა" გ-ის შემოქმედებითი მეთოდია, რადგან "ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების". გ. ღრმად ჩასწვდა იმ მიზეზებს, რამაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა. მისი აზრით, გარეშე მტრების გარდა, ამაში ბრალი მიუძღვის ფეოდ. შინააშლილობასა და ძმათა სისხლისმღვრელ ომებს. პოეტი გვიხატავს საქართვ. ძნელბედობის შემზარავ სურათებს. საყურადღებოა, რომ პოემაში გზადაგზა ჩართულია მისი ტრაგიკული ბიოგრაფია. "ქართლის ჭირში" გადმოცემულ ყოველ ცალკეულ ფაქტს, კონკრეტულობასთან ერთად, დიდი განმაზოგადებელი ძალაც გააჩნია – პირადული და საზოგადოებრივი აქ ერთ მთლიან, მხატვრულად დამაჯერებელ სურათს ქმნის. პოემის შესავალ თავებში გადმოცემულია პოეტის დიდაქტ.- განმანათლებლური იდეები. დღესაც აქტუალურია აღზრდის გურამიშვილისეული პრინციპები. ჭეშმარიტებად რჩება "დავითიანის" ბრძნული შეგონება: "ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო". გ-ს სწამს, რომ ქვეყნის ხსნის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება სწავლა-განათლების აღორძინებაა ("სწავლა მოსწავლეთა"). გ-ის ლირ. ლექსებში წამოჭრილია ღრმა ფილოს. და ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ადამიანი, მისი ამქვეყნიური ხვედრი, სიკვდილ- სიცოცხლის მარადიული მონაცვლეობა გ-ის პოეტური შედევრების უმთავრესი თემაა. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ლირ. ლექსები: "გოდება დავითისა, საწუთროს სოფლის გამო ტირილი", "სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა", "კაცისა და საწუთროსაგან ცილობა და პჭობა, ერთმანეთის ძვირის ხსენება" და სხვ. გ-ის პოეზიაში დიდი ადგილი ეთმობა რელიგ. თემას. პოეტი ეხება შუა საუკ. მწერლობისათვის, კერძოდ, ჰიმნოგრაფიისათვის, დამახასიათებელ სას. მოტივებს ("ღვთისმშობლის მიცვალების დღის შესხმა", "ჯვარცმის ამბავი", "სიტყვა ესე ღვთისა" და სხვ.) და ღვთაებისა და ადამიანის მიმართების საკითხებს ქრისტ. რელიგ. პოზიციებიდან აშუქებს. მისტიკური განწყობილებითაა გამსჭვალული სას. თუ სატრფიალო თემატიკაზე დაწერილი ლექსები. მაგრამ გ-ის პოეზიაში ქრისტ. მისტიკა თავისებურადაა წარმოჩენილი და არ არის თვითმიზნური ხასიათისა. პოეტის ლექსები სავსეა ცხოვრებისეული ფაქტებით. რეალური და მისტიკური პლასტების შერწყმა გ-ის პოეზიის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. პოემა "ქაცვია მწყემსი" პირველი საყოფაცხოვრებო ხასიათის თხზულებაა ქართ. მწერლობაში. ქრისტ. მორალზე დაფუძნებულ ამ პოემაში პერსონაჟები უბრალო, დაბალი წრის ადამიანები, ბუნების ლაღი შვილები არიან. მიმზიდველადაა დახატული მათი უშუალობა, წრფელი განცდები და ზნეობრივი სისპეტაკე. ბუნება და ადამიანი აქ წარმოსახულია მთლიანობაში, რაც მოქმედი გმირების ბედნიერების წყაროდაა მიჩნეული. პოემას უწყვეტ ნაკადად გასდევს ჭეშმარიტი ჰუმანიზმი. "ქაცვია მწყემსს" თავისებურ კოლორიტს სძენს ისიც, რომ ზოგიერთი პასაჟისა თუ ბუნების სურათის აღწერისას აშკარად იგრძნობა უკრ. ყოფისა და ლანდშაფტის წარმოჩენის მცდელობა. გ. ქართ. პოეზიის მამამთავრად რუსთაველს აღიარებდა. ე. წ. "აღორძინების ხანის" სხვა მწერალთაგან განსხვავებით, მან შემოქმედებითად აითვისა რუსთაველის მემკვიდრეობა, შექმნა სრულიად ორიგინ. პოეტური სამყარო. ძვ. ქართ. პოეზიაში ქართვ. ხალხის ეროვნ. ბედიღბალი ისე არავის აუსახავს, როგორც გ-ს. ქართლის ჭირი რომ ასეთი სიძლიერით გამოეხატა, მან მიაგნო შესაფერ პოეტურ კილოს. მთელი "დავითიანი" ამ თემის დრამ. განცდის შედეგია. გ-მა ერთ-ერთმა პირველმა უკუაგდო "აღორძინების ხანაში" უკვე გაცვეთილი "ყვავილოვანი" პოეტური სტილი და სადა, ბუნებრივი მეტყველება შემოიტანა, რითაც პრინციპულად დაუპირისპირდა აღმოსავლური პოეზიის ზეგავლენას. საგულისხმოა, რომ სას. ჰიმნების დამუშავებისას მან მარტივი, სასაუბრო ენა გამოიყენა და ამით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა ისინი. გ-მა თავის ბევრ ლექსს ხალხური (როგორც ქართ., ისე უკრაინული და რუს.) სიმღერებისა და პოეზიის კილო დაუდო საფუძვლად და ამით ხელი შეუწყო ქართ. ლექსთწყობის გამდიდრებას. შინაარსისა და ფორმის პრინციპული სიახლის მხრივ "დავითიანი" ქართ. პოეზიაში ე. წ. "ევროპეიზმის" დამკვიდრების სათავეებთან დგას. ამ თვალსაზრისით გ. XIX ს. ახ. ქართ. პოეზიის ერთ-ერთ წინამორბედად გვევლინება. გ-ის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად 1870 დაიბეჭდა, ხოლო შემდეგ – 1955 და 1980. "დავითიანი" მთლიანადაა თარგმნილი რუს. და უკრაინულ ენებზე, ცალკეული თხზულებები კი სხვა უცხ. ენებზეც.

თხზ. : მრუდის საწუთროს ტრიალი, კიევი, თბ., 1980 (ქართ. და რუს. ენებზე). ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1940; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V–XVIII სს.), თბ., 1969; კ უ ს რ ა შ ვ ი ლ ი რ., დავით გურამიშვილის ენა და დიალექტიკა, თბ., 2000; მ ა ღ რ ა ძ ე ე., დავით გურამიშვილი, თბ., 1980; მ ო ს ი ა ტ., დავით გურამიშვილი და ქართული სიტყვიერი კულტურა, თბ., 1986; მ ი ს ი ვ ე, "დავითიანის" სახისმეტყველება, თბ., 2005; მ უ რ ღ უ ლ ი ა გ., ა ლ ი ბ ე გ ა შ ვ ი ლ ი გ., მ ა ღ ლ ა ფ ე რ ი ძ ე ვ., საუბრები ქართულ ლიტერატურაზე, თბ., 1992; ნ ა ტ რ ო შ ვ ი ლ ი გ., დავით გურამიშვილი, თბ., 1955; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966; ყ უ ბ ა ნ ე ი შ ვ ი ლ ი ს., დ. გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბ., 1955; ჩ ო ხ ა რ ი ძ ე მ., დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, ბათ., 2007; ც ა ი შ ვ ი ლ ი ს., დავით გურამიშვილი, თბ., 1985. ს. ცაიშვილი.



ვახტანგ გურამის ძე

(1821 – გ. წ. უცნობია), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთს გადასახლებული გურამიშვილების შთამომავალი. 1872 მიენიჭა ნამდვილი სახელმწ. მრჩევლის წოდება, იყო ელიზავეტპოლის გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი და მრავალი საიმპერიო ჯილდოს კავალერი.



კლარა დავითის ასული

(25. VIII. 1866 – 21. IX. 1956), მომღერალი (კოლორატურული სოპრანო). პირველდაწყებითი მუს. განათლება მიიღო თბილისში მოღვაწე ჩეხ მუსიკოსთან – ი. რატილთან , შემდეგ ერთხანს სწავლობდა პეტერბურგში. დაამთავრა ვენის კონსერვატორია (პედაგოგი პროფ. ი. ფუქსი). 1897–98 უმაღლეს სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა პარიზში სახელმოხვეჭილ მომღერლებთან მარკეზსა და დ. არტოსთან. პარიზის მუს. სალონებში ბრწყინვალე გამოსვლებისა და აღიარების შემდეგ, 1899 მაისში, გ. სამშობლოში დაბრუნდა და არანაკლები წარმატებით გამოდიოდა საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებზე; ჰქონდა დიდი დიაპაზონის, ლამაზი ტემბრის მოქნილი და თბილი ხმა. ასრულებდა ა. ალიაბიევის რომანსს "ბულბული", არიებს ოპერებიდან: ვ. ა. მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტა", ჯ. ვერდის "ტრავიატა", ლ. დელიბის "ლაკმე", ჯ. მეიერბერის "ჰუგენოტები" და სხვ. საგასტროლო კონცერტებს მართავდა ბაქოში, ქუთაისში, ბათუმში.



მამუკა

XVIII ს. II ნახ. პოეტი. ცხოვრობდა მოსკოვსა და პეტერბურგში. გარდაიცვალა მოსკოვში (პრესნიაზე). დაახლოებული იყო მეფე ვახტანგ VI-ის წრესა და ემიგრანტ მწერლებთან – დიმიტრი სააკაძესა და დიმიტრი ბაგრატიონთან. დ. გურამიშვილის მიბაძვით გ-მა შეთხზა ვრცელი ლექსი "მზეთა-მზე". მასვე ეკუთვნის მირიან ბატონიშვილისა და დიმიტრი ბატონიშვილისადმი მიძღვნილი ლექსები.

თხზ .: [წიგნში] ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ანთოლოგია, ტ. 2, ტფ., 1928.

ლიტ .: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966. გ. მიქაძე.



ქრისტეფორე (ქაიხოსრო) ნაუმის ძე

(დაახლ. 1697 – 4. III. 1750), მოსკოვის ქართული ახალშენის თვალსაჩინო მოღვაწე, ქართ. შრიფტისა და რუსეთში პირველი ქართ. სტამბის პრაქტ. ორგანიზატორი, მმართველი და რედაქტორგამომცემელი, მისიონერი. XVIII ს. 30-იან წლებში იგი რუსეთში, იოსებ სამებელის (ქ ო ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი) ამალაში იმყოფებოდა. მიიღო ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის იღუმენობა. მოსკ. ქართ. ახალშენის მოღვაწეთა დავალებით გ-მა პეტერბ. მეცნ. აკადემიაში მოამზადებინა ქართ. შრიფტისა და სტამბის მოწყობილობა. მანვე წარადგინა კალიგრაფიული ქართ. ანბანი და ასოთა რიცხვითი მნიშვნელობანი. რუსი, ქართვ. და გერმ. სპეციალისტების ერთობლივი შრომით აქვე დაიბეჭდა "ანბანი" (ქართ., რუს., გერმ.) საკითხავი მასალითურთ (ტირაჟი 500 ც.). გ. იყო ამ გამოცემის ქართ. ნაწილის რედაქტორი. პირველი ქართ. სტამბა მოსკოვში მოეწყო 1737 შემოდგომაზე. გ. იყო საგამომცემლო გეგმის ერთერთი თანაავტორი და შემდეგ ამ გეგმის განმახორციელებელი. ანტონ I-თან ერთად გ-ის ხელმძღვანელობით გამოსული წიგნები ხელს უწყობდა ქართ. კულტურის აღმავლობას. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართ. სტამბის აღდგენაში. გ-მა შემდგომში მისიონერული მოღვაწეობა გაშალა ჩრდ. კავკასიაში. იყო "ოსეთის სასულიერო კომისიის" აქტ. წევრი, დიდი ენერგია შეალია ოსი და ამიერკავკასიაში მოსახლე სხვა ხალხების კულტ. აღორძინებას, მეზობელ ხალხთა დაახლოებას.

ლიტ. : კ ა ს რ ა ძ ე ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ფ., რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან, კრ.: მეგობრობა, თბ., 1979; შ ა რ ა შ ი ძ ე ქ., ქართული ანბანი XIX საუკუნემდე, წგ.: ქართული საანბანო წიგნის ბიბლიოგრაფია (1629–1955), თბ., 1957; А б р а м и ш в и л и А. З., Из истории грузинского книгопечатания за пределами Грузии, კრ.: Книга. Исследования и материалы, сб. 3, М., 1960. ფ. სიხარულიძე.



გურამიშვილი-ჭავჭავაძე ოლღა თადეოზის ასული

ო. გურამიშვილი-ჭავჭავაძე.

[12 (24). III. 1842, ქვემო ავჭალა, – 27. IV. 1927, თბილისი], საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ი. ჭავჭავაძის მეუღლე. 1894 იყო ამიერკავკ. ქალთა ინ-ტის მზრუნველთა საბჭოს წევრი, 1895–1906 – ქართვ. ქალთა საქველმოქმედო საზ-ბის თავ-რე. 1895 ხელმძღვანელობდა ქალთა ჭრა-კერვის სკოლას. 1907, ილიას მკვლელობის დროს ეტლში მის გვერდით იჯდა და ისიც მძიმედ დაშავდა. ილიას სიკვდილის შემდეგ გ.-ჭ-მ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას გადასცა თბილ. ილიასეული სახლი და საგურამოს მამული. 1908 მისი აქტ. მონაწილეობით გაიხსნა სკოლა საგურამოს ილიასეულ სახლში. დასაფლავებულია მთაწმინდაზე, ილიას გვერდით. ი. ჭავჭავაძემ მას მიუძღვნა პოემა "განდეგილი" (1883).