გურგენის აჯანყება 523

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლის აჯანყება ირანის წინააღმდეგ. მის შესახებ ცნობები დაცული აქვს VI ს. ბიზანტ. ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. აჯანყების მიზეზი გახდა შაჰის გადაწყვეტილება – საქართველოში ძალით გაევრცელებინა მაზდეანობა. ქართლის მეფემ გურგენმა ფარული მოლაპარაკება გამართა იუსტინე კეისართან და მისი დახმარების იმედით აჯანყდა, მაგრამ ბიზანტიელები სათანადოდ ვერ დაეხმარნენ აჯანყებულებს, ქართლში კი ირანელების დიდძალი ჯარი შემოვიდა ვოის სარდლობით. გურგენმა დაინახა, რომ მისი და ბიზანტ. დამხმარე ძალები საკმაო არ იყო და ოჯახითა და აჯანყებაში მონაწილე დიდებულებითურთ ეგრისში გაიქცა, იქიდან კი – ბიზანტიაში. უმეთაუროდ დარჩენილი ქართველები დამარცხდნენ, ბევრი ქართლიდან გადაიხვეწა. 532 ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის დადებული ე. წ. "უვადო ზავის" თანახმად, გაქცეულებს სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. ბევრი დაბრუნდა, თუმცა ზოგმა ბიზანტიაში დარჩენა ამჯობინა (გურგენი და მისი შვილები პერანი და ბაკური, აგრეთვე შვილიშვილი, ბიზანტიაში დარჩნენ და ბიზანტ. სამსახურში სახელი გაითქვეს, როგორც გამოჩენილმა სარდლებმა). აჯანყების დამარცხების მიუხედავად, ირანმა ხელი აიღო საქართველოში თავის სარწმუნოებრივ პოლიტიკაზე. პროკოპი კესარიელის სიტყვით, ქართველებს ძალიან უჭირდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და შესაფერის დროს ელოდნენ ახ. აჯანყებისათვის.

ლიტ . იხ. სტ-თან გ უ რ გ ე ნ ი. ა. ბოგვერაძ.