გურგენ I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი (გ. 891), ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე I-ის ძე, კურაპალატი 881–891. ფლობდა ტაოს ნაწილს და კალმახს . დაახლ. 881-მდე გ. I თავის ბიძაშვილთან – ნასრა გვარამის ძესთან ერთად აფხაზთა მეფეებს 215 ეხმარებოდა შიდა ქართლისათვის ბრძოლაში და უპირისპირდებოდა დავით I კურაპალატსა და ლიპარიტ I კლდეკარის ერისთავს, რ-ებიც სომხებს ემხრობოდნენ. ნასრას მიერ დავით I კურაპალატის მოკვლის (881) შემდეგ გ. I-მა ისარგებლა მისი მემკვიდრის ადარნასეს მცირეწლოვნებით და კურაპალატის პატივს დაეუფლა, რაც ბაგრატიონთა სახლში უფროსობას ნიშნავდა. 888 გ. I კურაპალატი და მისი შვილები ადარნასე დავითის ძესთან ერთად (იხ. ადარნასე II ) ებრძოდა მესხთა და აფხაზთა მეფის დამხმარე ჯარით მოსულ ნასრა გვარამის ძეს. ნასრას დამარცხებისა და მოკვლის (888) შემდეგ მისი სამფლობელოები გაინაწილეს გ. I-მა, მისმა ძმამ სუმბატ არტანუჯელმა და ადარნასე დავითის ძემ. გ. I-მა მიიღო მიწები შავშეთსა და არტაანის თემში და იქ გადაიტანა თავისი რეზიდენცია, შემდეგ საადგილმამულო საკითხზე და კურაპალატის ხელისუფლების გამო მტრობა ჩამოვარდა გ. I-სა და ადარნასე დავითის ძეს შორის, რ-საც ბაგრატ სუმბატის ძე არტანუჯელი უჭერდა მხარს. სოფ. მგლინავთან (არტაანის ხევი) ზემოხსენებულ მთავრებთან ბრძოლაში გ. I დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და მიღებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, მისი ნათლიის გრიგოლ ხანძთელის საფლავის მახლობლად.

წყარო: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, თბ., 1949 («მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», ნაკვ. 27).

ლიტ .: ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლში ბრძოლის ისტორიიდან IX ს-ის უკანასკნელ მეოთხედში, «მაცნე», 1987, # 2; ჯ ა ნ ა შ ი ა ს., კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, შრომები, ტ. 5, თბ., 1987. ა. ბოგვერაძე.