გურგენ IV

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 14. II. 941), ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე IIის ძე, გურგენ I კურაპალატის შვილიშვილი, ერისთავთერისთავი 918–941. ერისთავთერისთავობა მიიღო თავისი ბიძის აშოტ კუხის გარდაცვალების შემდეგ. ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გ. IV-ს უწოდებს "დიდ ერისთავთერისთავს" და "დიდ გურგენს", რ-მაც სიმხნევითა და გადახდილი ბრძოლებით გადაამეტა თავის წინაპრებს და "დაიმორჩილა ყოველნი გარემოსნი". გიორგი მერჩულის (X ს.) სიტყვით, გ. IV იყო "დიდი ხელმწიფე ფრიადთა ნათესავთაQ", ხოლო სომეხი ისტორიკოსი იოანე დრასხანაკერტცი მას უწოდებდა "ქართველთა დიდ მთავარს", რ-იც ებრძოდა სომეხ ბაგრატუნებს სამშვილდის ციხისათვის. გ. IV ებრძოდა სამფლობელოებისათვის საკუთარ ბიძაშვილებსაც, ცდილობდა კეისრისაგან კურაპალატობის პატივის მიღებას, მაგრამ უშედეგოდ. გ. IV აქტიურად იყო ჩარეული აფხაზთა სამეფოს ტახტისათვის ბრძოლაში, რ-იც კონსტანტინე III აფხაზთა მეფის გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს – გიორგისა და ბაგრატს შორის მიმდინარეობდა (ეს უკანასკნელი გ. IV-ის სიძე იყო). გ. IV-მ დაასრულა ხანძთის ახ. ეკლესიის მშენებლობა.

ლიტ .: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ტ. 2, თბ., 1980; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2). ა. ბოგვერაძე.