გურია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე სუფსა.
გურიელების გერბი.
Guriis eristavi.jpg
გურიის ერისთავების გერბები.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე დასავლეთ საქართველოში. საქართვ. ადმ.-ტერ. დაყოფით გ. მოიცავს ახლანდ. ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. გ-ში უძველესი საცხოვრებელი (ახ. ქვის ხანა) მიკვლეულია გურიანთის თემის სოფ. ციხისფერდში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) (იხ. გურიანთის ნამოსახლარი ). ციხისფერდის გორის გარშემო, სუფსა-ნატანების ორმდინარეთში დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ახ. სოც. ერთეული – ხევი, რ-ის ცენტრმაც მოგვიანებით ამ გორის დას-ით გადაინაცვლა (დაბა ურეკის მიდამოები). ისტ.-გეოგრ. განვითარების შემდგომი ეტაპი აქ უკვე "ქვეყნის" წარმოქმნით აღინიშნება. ეს წარმონაქმნი ტერიტორიულად დიდად აღემატებოდა იმ ხევს, რ-ის ჰეგემონიითაც მოხდა ეს გაერთიანება. წინაფეოდ. ხანაში ამ "ქვეყნის" ცენტრი კვლავ ზღვისპირეთში იყო, ხოლო შემდეგ – აღმოსავლეთით. ადრინდ. ფეოდ. ურთიერთობის დამდეგიდან გ-ის პოლიტ. და ადმ. ცენტრი მდინარეების სკურდუმისა და ნატანების შესართავში მდებარეობდა (ახლანდ. ვაშნარის მიდამოები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). VIII ს. 30-იან წლებში გ-ში არსებული ციხე-ქალაქი სკურდუმი არაბებმა (იხ. მურვან ყრუს შემოსევა ) გაანადგურეს. ამის შემდეგ გ-ის ცენტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაინაცვლა. ადრე გ. საერისთავთერისთავო იყო, ხოლო საქართვ. ფეოდ. მონარქიის პოლიტ. დაშლის (XV ს. II ნახ.) შემდეგ სამთავრო გახდა (იხ. გურიის სამთავრო ). გ-ის მცხოვრებნი გურულებად იწოდებიან. ახასიათებთ მთელი რიგი ეთნოგრ. და ლინგვისტური თავისებურებები (იხ. გურულები ). მეურნეობის წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო, ტრად. სამეურნ. კულტურები კი – ღომი, ლობიო და იშვიათად ქერი. ღომი, რ-იც XVIII ს. დამლევამდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურად ითვლებოდა, სხვა მარცვლეულთან ერთად თანდათან გამოდევნა სიმინდმა, XVIII ს-იდან კი იგი ძირითადი საკვები გახდა. მევენახეობა-მეღვინეობას გ-ში უძველესი ისტორია აქვს. გაბატონებული იყო მაღლარი ვაზი, დაბლარი გვიან შემოვიდა. გურული ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ საქართვ. სხვადასხვა კუთხესა და რუსეთში. XIX ს-ში გავრცელებული ვაზის დაავადების გამო გურიაში ბევრი ადგილ. ჯიში გადაშენდა. გ-ის მთიან ნაწილში, განსაკუთრებით ჩოხატაურის მთიან სოფლებში, მისდევდნენ მესაქონლეობას, რ-იც განვითარდა აჭარლებისა და მეგრელების ზეგავლენით, თუმცა მისი ხვ. წ. მიწათმოქმედებასთან შედარებით დაბალი იყო. ფართოდ იყო გავრცელებული მეღორეობა და მეაბრეშუმეობა. მთიანი გ-ის სოფლებში (სურები, ვაკიჯვარი, ნაბეღლავი და სხვ.) მისდევდნენ მეფუტკრეობას. მეთამბაქოეობით გურიაში მხოლოდ თავადაზნაურები იყვნენ დაინტერესებული და მის მოყვანას ფართო ხასიათი არ მიუღია. XIX ს. I ნახევარში გ-ში გავრცელდა ჩაის კულტურა და ციტრუსები, შემდგომ მათი მოშენება ძირითადი საქმიანობა გახდა. განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ხელოსნობას, კერძოდ, მჭედლობას, ხისა და ქვის დამუშავებას, მეთუნეობას. თავდაპირველად ოზურგეთში ვაჭრობა ებრაელებსა და სომხებს დაუწყიათ, შემდეგ ლაზებისა და ჭანების ხელში გადასულა, XIX ს. 70-იანი წლებიდან კი ამ საქმიანობისათვის გურულებსაც მოუკიდიათ ხელი. გ-იდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ სიმინდი, ღვინო, ხე-ტყე, ხილი, თაფლი, ნიგოზი, აბრეშუმი და სხვ. მცირემიწიანობა, მაღალი გადასახადები, სიღატაკე გურულ გლეხს აიძულებდა სამუშაო სხვაგან ეძებნა, რის გამოც უწევდა ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, რუს. ქალაქებში სიარული. გ-ის ტერიტორიაზე შემონახულია მრავალი ისტ.-ხუროთმოძღვრული ძეგლი (იხ. სტატიები: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი,ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი).

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., გურიის ისტორიულ-გეოგრაფიული შესწავლისათვის, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 5, თბ., 1971; [გ ვ ა რ ა მ ა ძ ე ი.] ვ ი ნ მ ე მ ე ს ხ ი, გურია (გეოგრაფიული მიმოხილვა), «მოგზაური », 1901, # 1 – 10, 90; მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი გ., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ს ა ხ ო კ ი ა თ., მოგზაურობანი, თბ., 1950; ბათ., 1985; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., მასალები გურიის ისტორიული გეოგრაფიისათვის, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», ტ. 4, თბ., 1971, გვ. 74; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1–2, თბ., 1979–83; ტ. 5, თბ., 1986. ი. სიხარულიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გურია&oldid=2724-დან“