გურია-ოსმალეთის ხელშეკრულება 1614

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიის სამთავროსა და ოსმალეთს შორის 13 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება. ირან-ოსმ. 1602–12 ომის დროს ოსმ. საგარეო-პოლიტ. მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით ისარგებლა გურიის მთავარმა მამია II გურიელმა და 1609 ოსმალები აჭარიდან განდევნა. გურიის სამთავრო ოსმალეთთან საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ ომში გურიის მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. 1612 ირანთან ზავის დადების შემდეგ ოსმალეთმა დას. საქართვ. სანაპიროს ბლოკადა მოაწყო და ამ მხარეში მარილისა და სხვა პროდუქტების ზღვიდან შეტანა შეწყვიტა. ამან გურიისა და ოდიშის მთავრები აიძულა შერიგებაზე ეზრუნათ. 1614 აგვ-ში დაიწყო მოლაპარაკება ოსმ. ელჩს ომარფაშასა და მამია II გურიელს შორის. 13 დეკ. ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულებით აღადგინეს ოსმ.-გურიის ომამდელი საზღვარი მდ. ჭოროხზე, აჭარა კვლავ ოსმალეთმა დაიბრუნა და გურიელმა სულთნის სასარგებლოდ ყოველწლიურად ხარკი იკისრა. 1615 თებ-ში ასეთივე პირობით დაიდო ზავი ოდიშსა და ოსმ. შორის.

ლიტ .: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის... ტფ., 1902; ს ვ ა ნ ი ძ ე მ., საქართველო- ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII სს., თბ., 1971; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წგ. 1–2, ბათ., 1958–59. ქ. ჩხატარაიშვილი .