გურიელები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიის საერისთავოს (შემდეგ გურიის სამთავროს) გამგებლები. XI ს-იდან გურიის ერისთავებად ისხდნენ ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII– XVI სს-ში გ. ერისთავთერისთავები გახდნენ, შემდეგ კი – დამოუკიდებელი მთავრები. XV ს. შუა წლებიდან გ. გურიის დამოუკიდებელი მთავრები "ხელმწიფეები" გახდნენ და სათანადო პრეროგატივები და რეგალიებიც გააჩნდათ. გურიის გამგებელს, ფეოდ. სახლის უფროსს, გურიელი ეწოდებოდა, სახლის სხვა წევრებს – ბატონიშვილები. გ-ის ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთში, საგვარეულო საძვალე – სოფ. შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიაში. გ-ის უშუალო მფლობელობაში იყო რამდენიმე სასახლე (ნაგომარში, ალამბარში, ბათუმში და სხვ.), ციხეები და ყმა-მამული, საიდანაც ფულადი და ნატურალური სახელმწ. შემოსავალი შემოდიოდა. XVIII ს. II ნახევრიდან გ-ს სამთავრო ტახტზე ოსმ. სულთანი ამტკიცებდა. XVIII ს. 70-იანი წლებიდან გ. ფაქტობრივად გათავისუფლდნენ ოსმალეთზე დამოკიდებულებისგან. გ-ის ხელისუფლება რუს. მთავრობამ ოფიციალურად 1830 გააუქმა. 1839 უძეოდ გარდაიცვალა გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის მემკვიდრე. 1850 გურიის ბატონიშვილთა 4 ოჯახს რუს. მთავრობამ თავადთა ხარისხი დაუმტკიცა. ამის შემდეგ "გურიელი" მათ გვარად იქცა.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟ ო რ დ ა ნ ი ა თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2–3, თბ., 1897 – 1967.

ლიტ .: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს, ბათ., 1956; ს ო ს ე ლ ი ა ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან (XIII ს-ის შუა წლებიდან XIX ს-ის დამდეგამდე), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის », 1954, ნაკვ. 30; Б а к р а д з е Д. З., Археологическое путешествие по Гурии и Адчаре, СПб., 1878. ქ. ჩხატარაიშვილი .