გურიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ლევანის ძე (XIX ს. დასაწყ., სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 16. XI. 1853, სოფ. შეკვეთილი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1853). მონაწილეობდა 1826–28 რუს.-ირან. და 1828–29 რუს.-ოსმ. ომებში. დაიღუპა ყირიმის ომის (1853–56) დასაწყისშივე, სოფ. შეკვეთილთან ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად.



სარჩევი

გრიგოლ დავითის ძე

გ. დ. გურიელი.

(1817–1890, ოზურგეთი), საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1880), მეცენატი, ქველმოქმედი, გურიის მთავრის მამია V გურიელის შვილიშვილი, გენ.-ლ. ლ. გურიელის ძმა. თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სამხ. სამსახურში შევიდა. ყირიმის ომის დროს იბრძოდა ქობულეთის მიმართულებით, მეთაურობდა გურიის მოხალისეთა რაზმს. 60-იანი წლებიდან მეთაურობდა მაშინდელი სამხრ. საზღვრის "კორდონის ხაზის" სამხრ.-დას. მონაკვეთს. მისი წინადადებით, 1874 მოეწყო ექსპედიცია აჭარაში, შავშეთსა და სხვა რეგიონებში. ექსპედიციას თვითონ ხელმძღვანელობდა, თან ახლდა რუს. მთავარი შტაბის პოდპოლკოვნიკი გ. ყაზბეგი, რ-იც ესტუმრა შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილს (გ-ის ნათესავს) და ომის დროს თანადგომაზე შეითანხმა. 1877–78, რუს.-ოსმ. ომის პერიოდში, გ. ფართო სამხ. და დიპლ. მოღვაწეობას ეწეოდა. 1878 დაინიშნა ბათუმის ოკრუგის უფროსად. ჩაშალა ამ მხარის მოსახლეობის მუჰაჯირად (იხ. მუჰაჯირობა ) წასვლა; იბრძოდა ქართვ. მოხელეების დასაწინაურებლად. საადგილმამულო ურთიერთობის შესასწავლად და გადასაჭრელად შექმნა კომისია (ხელმძღვ. დ. ზ. ბაქრაძე ), რ-საც ევალებოდა აგრეთვე ქართ. საგვარეულოების, მათი ზნე-ჩვეულებებისა და სხვა ტრადიციების გამოკვლევა. გ-მა ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა და ხელისუფლებაც თითქოს დიდად აფასებდა მის ღვაწლს, რადგან დიდი როლი შეასრულა აჭარის, იმერხევისა და შავშეთის მშვიდობიანად შემოერთებაში. ამის მიუხედავად, იგი ბათუმის ადმინისტრაციას ჩამოაშორეს, გენერლის წოდება მიანიჭეს და პენსია დაუნიშნეს. გ. იყო ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი (თავისი მდიდარი კოლექცია ამ საზ-ბას გადასცა). 1873 მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით გაიხსნა ოზურგეთის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი, რ-ის საპატიო მზრუნველი თავად იყო. ჰქონდა მდიდარი ბ-კა. მოიძია ქრისტ. ლიტ-რის, ქართ. სამართლისა და სხვა ძეგლები. იყო ცნობილი მეცენატი, აშენებდა სკოლებს და ამარაგებდა წიგნებით, თავისი ხარჯით გზავნიდა სასწავლებლად ქართვ. მაჰმადიან ახალგაზრდებს, ხელს უწყობდა სტამბების დაარსებას პროვინციებში, თავისი ხარჯით ბეჭდავდა წიგნებს, აგროვებდა ქართ. ხალხ. ზეპირსიტყვიერების მასალებს. გარდა ამისა, თანამშრომლობდა მოსკ. არქეოლ. საზ-ბასთან, ჩაატარა რამდენიმე გათხრა და შედეგები გამოაქვეყნა საზ-ბის შრომებში. გ-ის სახლი ოზურგეთში კულტ. ცენტრის ფუნქციას ასრულებდა; აქ იმართებოდა ლიტ. საღამოები და სცენის მოყვარულთა საქველმოქმედო წარმოდგენები. ოზურგეთში გააშენა ბაღი, უცხოეთიდან გამოიწერა ვაზის ჯიშები, იღვწოდა აბრეშუმის ჭიის გასავრცელებლად. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა. წერეთელთან , ნ. ნიკოლაძესა და ს. მესხთან , რ. ერისთავსა და დ. ზ. ბაქრაძესთან, რამდენჯერმე მოიწვია უცხოელი სპეციალისტები გურიაში ნავთობის საძიებლად. ცნობილი იყო დემოკრ. შეხედულებებით.

ლიტ .: მ ე გ რ ე ლ ი ძ ე შ., ამაგდარი მამულიშვილი, «ლიტერატურული საქართველო », 1984, #17. ფ. სიხარულიძე.



დიმიტრი ქაიხოსროს ძე

(1822, ოზურგეთი, – 17. VIII. 1882, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1875), მსახურობდა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში, 1871-იდან – მეთაური. მონაწილეობდა 1853–56 ყირიმისა და 1877–78 რუს.-ოსმ. ომებში. 1871-იდან ირიცხებოდა იმპერატორის ამალაში. მ. გოგიტიძე.



ვასილ ლევანის ძე

(7. X. 1861, ოზურგეთი, – 1919), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917). გენ.-ლეიტენანტ ლ. გურიელის ვაჟი, 1871–81 – იმპ. ალექსანდრე II-ის კარის პაჟი. დაამთავრა საკავალერიო სასწავლებელი. სხვადასხვა დროს მსახურობდა 45-ე დრაგუნთა პოლკში, კავკ. სამხ. ოლქის შტაბში. 1914–17 იყო განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი კავკ. მეფისნაცვალთან. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. ლ. დოლიძე.



ივანე სტეფანეს ძე

(1770 ან 1772–1818, ქ. მოგილიოვი, ბელორუსია), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1803), შვილიშვილი გურიის მთავრის ქაიხოსრო III გურიელისა რ-იც მეფე ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. გენ.-მაიორ ს. გურიელის ვაჟი. 1780 გ. ჩაირიცხა ნაშებურგის ქვეითთა პოლკში. 1786 გადაიყვანეს უგლიჩის მუშკეტერთა პოლკში. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. 1787–91 ომში. ა. სუვოროვის სარდლობით იბრძოდა ბერლიტთან, გალაცთან, ტარგუსთან, რიმნიკთან და სხვ. 1794 მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში, შემდეგ ფანაგორიის გრენადერთა პოლკში მსახურობდა. 1812 სამამულო ომის დაწყებისთანავე სათავეში ჩაუდგა ეკატერინბურგის პოლკს, მონაწილეობდა ბოროდინოს, ტარუტინოს, ვიაზმისა და სხვა ბრძოლებში. რუს. არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის დროს (1813–14) მეთაურობდა 23-ე ქვეითი დივიზიის I ბრიგადას. თავი გამოიჩინა ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის, კობლენცისა და სხვა ბრძოლებში. ვიდრე მოკავშირეთა ჯარი პარიზს დაიკავებდა, იერიშით აიღო მონმარტრის მაღლობი. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის, წმ. ანას (ბრილიანტებით), წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხისა და წითელი არწივის (პრუსია) II ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: ჩ ხ ა ტ ა რ ა ი შ ვ ი ლ ი ქ., გენერალი ივანე გურიელი, «ცისკარი», 1972, # 5. ქ. ჩხატარაიშვილი.



ლევან დავითის ძე

(29. II. 1824, ოზურგეთი, – 11. V. 1888, თბილისი), ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1879), ქველმოქმედი, გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის შვილიშვილი, გენ.-მ. გ. დ. გურიელის ძმა. იზრდებოდა მთავრის კარზე. თბილ. პირველი კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩარიცხეს ლაიბგვარდიის კავკ. ესკადრონში. 1844–51 ცალკე კავკ. კორპუსში იყო და იბრძოდა დაღესტანში (საკორდონო ხაზზე), ჩაჩნეთში, რისთვისაც კაპიტნის ჩინიც მიიღო. 1852–53 იყო ქუთ. გუბ. თავად-აზნაურთა წინამძღოლი. ყირიმის ომის დროს (1853– 56) მეთაურობდა დას. საქართვ. მცხოვრებთაგან ჩამოყალიბებულ სახ. ლაშქარს, რ-შიც 19 ქვეითი, 10 ცხენოსანი ასეული და მხოლოდ თავად-აზნაურთაგან დამატებით დაკომპლექტებული ორი ცხენოსანი რაზმი შედიოდა. 1853–54 მიჯნაზე, სოფ. შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს, გამოავლინა პარტიზ. ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა, განსაკუთრებული სამხ. საზრიანობა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენ. ი. ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებებს 1855 წ. 27 მაისს ნიგოითისა და 27 ივლ. ჩოლოქის ბრძოლებში. 1865 მიენიჭა გენ.-მაიორობა. გ-ის სამხ. გამოცდილება კიდევ ერთხელ გამოვლინდა 1877–78 რუს.-ოსმ. ომში. იგი მეთაურობდა იმერეთის რაზმს, რ-მაც თავი გამოიჩინა სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში; 1879 დაინიშნა ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ. გ. ნაყოფიერად მონაწილეობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში, მატერიალურად ეხმარებოდა შემოქმედ ახალგაზრდობას. დაკრძალულია ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში. დაჯილდოებული იყო წმ. ანას, წმ. სტანისლავის და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. ფ. სიხარულიძე.



მამია დავითის ძე

მ. გურიელი.

(16. I. 1836, სოფ. ლესა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 25. VII. 1891, ქუთაისი), პოეტი. აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. 1851–53 სწავლობდა ქუთ. გიმნაზიაში. 1853-იდან სამხ. სამსახურში იყო. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853– 56). 1861 თავი დაანება სამხ. სამსახურს, თუმცა 1876–84 ხელმოკლეობის გამო დროდადრო უბრუნდებოდა მას. ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო. პირველი გამოქვეყნებული ლექსია "ფარვანა" ("ცისკარი", 1860, # 1). განიცადა ქართვ. რომანტიკოსებისა და თერგდალეულების გავლენა. მის პოეზიაში აისახა მოუწყობელი საზ. და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული მძიმე სულიერი განცდები, მელანქოლია ("ფანტაზია", 1868; "მთვარე", 1887; "ოცნება", "ანდერძი", ორივე 1887; "რჩევა და დარიგება", 1888). იგივე განცდები იგრძნობა ბოჰემურ განწყობილებაზე, ღვინოსა და ქალის ტრფიალზე და თავდავიწყების თემაზე დაწერილ ლექსებში ("ყმაწვილი ვარ", "რა კარგია ყმაწვილობა", ორივე 1881; "რათ მინდა?" 1887). გ-ის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი პატრიოტიზმია ("ჩემს ძმას ჯაბას", 1871; "კარჩხალის მთები", "ჩემი ალავერდი", ორივე 1879; "პოეტი და ჩვენება", 1883); გლეხთა უუფლებობას ეხება ლექსი "ქობულეთური ყანის სიმღერა" (1887). ჰუმანიზმითაა გამსჭვალული მისი ცნობილი ლექსი "ადამიანი" (1867). გ-ს ეკუთვნის აგრეთვე რომანტ. პოემა "რაშიდ ვარდანოღლი" (1872–89). თარგმნა რ. ბერნსის, ჯ. ბაირონის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ტ. შევჩენკოსა და სხვ. თხზულებანი. გ-ის ფსევდონიმი იყო "ფაზელი".

თხზ .: თხზულებანი, ქუთ., 1897.

ლიტ .: ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი მ., თხზულებანი, ტ. 1, თბ., 1972; მ ე უ ნ ა რ გ ი ა ი., ქართველი მწერლები, ს. ცაიშვილის გამოც., [ტ.] 1, თბ., 1954; ჟ ღ ე ნ ტ ი გ., მამია გურიელი, თბ., 1961. ნ. ალანია.



მამია სვიმონის ძე

იხ. მამია V გურიელი



ნინო დავითის ასული

ნ. გურიელი.

(დ. 7. XII. 1961, თბილისი), მოჭადრაკე. საერთაშ. დიდოსტატი (1979), სსრკ სპორტის ოსტატი (1976), საერთაშ. ოსტატი (1978), საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2002–04). დაამთავრა თსუ (1982). საქართვ. ჩემპიონი (1976, 1992), სსრკ ჩემპიონატის ცხრაგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგები: 1981 – II ადგილი, 1985 – III–IV ადგილები), 1978-იდან მონაწილეობს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატებში. ზონალური ტურნირები: ფრუნზე (1978 – I ადგილი), ჩერნიგოვი (1985, II–IV); საზონათაშორისო ტურნირები: ალიკანტე (1979– III); თბილისი (1982, IV–VI); ჟელეზნოვოდსკი (1985 – VII); კუალა-ლუმპური (1990 – III– IV); პრეტენდენტთა მეოთხედფინალურ მატჩში 1980 დამარცხდა ნონა გაფრინდაშვილთან; 1997 მონაწილეობდა პრეტენდენტთა ტურნირში; იყო ქალთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართვნაკრების შემადგენლობაში: ოქროს მედალი (1992, 1994, 1996); ვერცხლის მედალი (2000); გამარჯვებული გუნდის კაპიტანი (2008). მოიპოვა პირველი ადგილი საერთაშ. ტურნირებში: ბიდგოშჩი (1978, 1979), ბად-კისინგენი (1981), სოფია (1983), პლოვდივი (1986), ბელგრადი (1986, 1990), ჰავანა (1988) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსებისა (1994) და გორგასლის III ხარისხის (2001) ორდენებით. თ. შ. გიორგაძე.







გურიელი–ჭყონია არჩილ

(18. II. 1895, ქუთაისი, – 21. XI. 1955, ნიუ-იორკი), ქართველი მრეწველი, ბიზნესმენი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1915) ეწეოდა აქტ. პოლიტ. და საზ. საქმიანობას. 1917-იდან იყო საქართვ. ეროვნ.- დემოკრ. პარტიის წევრი, 1921 – თებერვლის ბრძოლების (ბოლშევიკური რუს. მე-11 არმიის წინააღმდეგ) აქტ. მონაწილე. საქართვ. ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში (1922–37), 1937-იდან – აშშ-ში. 1937 ცოლად შეირთო ცნობილი ბიზნესმენი და კოლექციონერი ელენე რუბინშტეინი. მათ აშშში დააფუძნეს პარფიუმერიის სამრეწვ. და სავაჭრო ქსელი "Gourielli Apothecary". გ.–ჭ. იყო, აგრეთვე, ცნობილი პარფიუმერული წარმოების "Prince Matchabelli" თანადამფუძნებელი. გ.–ჭ. აქტიურად იყო ჩაბმული ქართ. პოლიტ. ემიგრაციის საზ.- პოლიტ. ცხოვრებაში. იყო აშშის ქართ. ასოციაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1945–47 – თავ-რე). ლ. ურუშაძე.