გურიის აჯანყება 1841

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიკოლონიური და ანტიბატონყმური აჯანყება საქართველოში. აჯანყება დაიწყო 22 მაისს (3 ივნ.) სოფელ აკეთში (ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). ხალხის მღელვარების საერთო მიზეზი იყო ფეოდ. ექსპლუატაციის ზრდა, სახელმწ. გადასახადების სიმძიმე, ხოლო უშუალო მიზეზი – კანონი, რ-ის მიხედვითაც სახელმწ. გადასახადები 1841-იდან ფულადი სახით უნდა აკრეფილიყო. აკეთის 200-მდე გლეხმა უარი განაცხადა გადასახადის შეტანაზე. მალე მათ შეუერთდნენ მეზობელი სოფლების გლეხები. ივლ.-აგვისტოში აჯანყებამ საყოველთაო ხასიათი მიიღო (მონაწილეობდა 7200-მდე კაცი). მღელვარებამ მოიცვა იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთი სოფელიც. 9 აგვ. აჯანყებულებმა სოფ. გოგორეთთან (ოზურგეთის მაზრა) დაამარცხეს პოლკ. ბრუსილოვის რაზმი. მალე მთლიანად დაიკავეს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი, სამხრ.- დას. გურია, ოზურგეთ–ქუთ. საკომუნიკაციო ხაზი, ოზურგეთისაკენ მიმავალი გზები და სხვ. მთავრობის ხელში მხოლოდ ადმ. ცენტრი – ოზურგეთი – დარჩა. აჯანყებულებმა დაამარცხეს გურიის თავადაზნაურობისა და მთავრობის დასახმარებლად მოსული სამეგრელოსა და იმერეთის თავად-აზნაურთა რაზმი. აჯანყებულთა წინააღმდეგ 2500 რეგულ. ჯარისკაცი გაიგზავნა პოლკ. მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვის მეთაურობით. გურიისაკენ დაიძრა ოდიშის (სამეგრელო) და იმერეთის მილიცია. 5 სექტ., დილით, მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვმა, იმ მხრიდან შეუტია აჯანყებულებს, საიდანაც ნაკლებად ელოდნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა აჯანყებულთა ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი გლეხი დაიღუპა. გ. ა. მარცხით დამთავრდა. ცალკეული სოფლების გლეხებს ერთობლივი მოქმედების წინასწარ შეთანხმებული პროგრამა არ ჰქონდათ. აჯანყების ხელ225 მძღვანელთაგან გამოირჩეოდნენ გლეხები აკეთის თემში: გოგია, ენუქა და ათანასე ვადაჭკორიები, ლიხაურში – ოთარ და ნიკოლოზ თოიძეები, გოგიჩა გორდელაძე, ასკანაში – მამუკა ანთაძე და მუხარბეგ დოლიძე, შემოქმედში – გოგია და როსტომ მამინაიშვილები და სხვ., აზნაურთაგან – აბესა ბოლქვაძე, სიმონ გოგოლიშვილი, ქაიხოსრო გუგუნავა, ათარმიზა თოიძე, ლევან, გოჯასპირ და სიმონ ჭყონიები, სიმონ და გოგია ქარცივაძეები და სხვ.; აჯანყების საერთო ხელმძღვანელები იყვნენ თავადები: ამბაკო შალიკაშვილი და დავით გუგუნავა. აჯანყების აღმავლობის პერიოდში (აგვისტო) თავადაზნაურობა მასობრივად ჩაება მოძრაობაში. აჯანყების ბოლო ეტაპზე, როდესაც აშკარა გახდა გარდაუვალი დამარცხება, ხელმძღვანელთა ნაწილი გამოეთიშა მოძრაობას (დ. გუგუნავა და სხვ.), ხოლო ნაწილი ბოლომდე დარჩა აჯანყების ერთგული (ა. შალიკაშვილი და სხვ.). გ. ა-ში გარეშე ხელიც ერია. ქობულეთის ბეგი ჰ. თავდგირიძე ვერ ურიგდებოდა გურიაში რუს. გაბატონებას და მის წინააღმდეგ მიმართულ ყოველგვარ მოძრაობას აქტიურად ეხმარებოდა. იგი აჯანყებულებს შეუერთდა, მაგრამ კავკ. მმართველობის კატეგორიული მოთხოვნით იძულებული გახდა დაეტოვებინა გურია. მეფის მთავრობამ მოძრაობის 50 მეთაური ქუთ. ციხეში ჩასვა, შემდეგ კი სამხ. წესით გაასამართლა, თუმცა 1842, ხალხის მღელვარების თავიდან ასაცილებლად, ყველა გაათავისუფლა, მხოლოდ ა. შალიკაშვილი გადაასახლა ციმბირში. გ. ა-ის მხატვრული გამოხმაურებაა ე. ნინოშვილის ისტ. რომანი "ჯანყი გურიაში".

ლიტ .: კ ი კ ვ ი ძ ე ა., საქართველოს ისტორია (XIX ს.), თბ., 1954; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს, ბათ., 1956; ყ ი ფ ი ა ნ ი დ., მემუარები, რედ. ს. ხუნდაძე, თბ., 1930; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970. გ. მეტრეველი.