გურიის ეპარქია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია. დას. საქართვ. საკათოლიკოსოს გაუქმების შემდეგ (1814) განზრახული იყო გურიის სამთავროში საეკლ. გარდაქმნების ჩატარება, მაგრამ 1819–20 იმერეთში მიმდინარე ე. წ. "საეკლესიო ბუნტის" გამო რეფორმის განხორციელებაზე სინოდმა დროებით უარი განაცხადა. 1819 წ. 8 ივლ. ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) განკარგულებით გ. ე-ს გაძღოლა დაევალა ჯუმათის სამიტროპოლიტოს მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ჯუმათელს (შარვაშიძე). 1833 გ. ე. შეუერთდა იმერეთის ეპარქიას, ხოლო 1844 წ. 1 აპრილიდან კვლავ აღდგა გ. ე-ს სახელით. კათედრა განთავსდა ჯუმათის მონასტერში. ეპისკოპოსები იმყოფებოდნენ ჯუმათსა და ნაგომარში. გ. ე-ს უძღვებოდნენ: ეფთვიმე წულუკიძე (1844), იოანე იოსელიანი (1853– 58), გაბრიელ ტუსკია (1859–81). XIX ს. 70-იანი წლების ბოლოს გ. ე-ის საზღვრები გაფართოვდა. 1878 ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით საქართველოს შემოუერთდა მისი სამხრ.-დას. ნაწილი, გ. ე-ს დაექვემდებარა კოლა, არტაანი, ოლთისი, ართვინი, ბათუმი. რუს. სინოდის 1885 წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ე. შეუერთდა სამეგრელოს ეპარქიას და გურია-სამეგრელოს ეპარქია ეწოდა.

ლიტ. : И о с е л и а н и П., Краткая история Грузинской церкви, СПб., 1843; [Е п и с к о п К и р и о н], Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901. ე. ბუბულაშვილ.