გურიის მხარე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურიის მხარე. კურორტი ბახმარო.
გურიის მხარე. კურორტი ურეკი.

ადმინისტრაციულ- ტერიტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. მოიცავს კოლხეთის ბარის სამხრ. პერიფერიულ ნაწილს და მესხეთის ქედის ჩრდ.-დას. განშტოებებს. ჩრდ-ით ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, აღმ-ით – იმერეთის მხარე, სამხრ-ით – აჭარის ავტ. რესპუბლიკა, დას-ით – შავი ზღვა. ფართ. 2033,2 კმ 2. მოსახლ. 143,3 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ. ოზურგეთი (მანძილი თბილისიდან ოზურგეთამდე 321 კმ ). მხარეში არის 3 მუნიციპალიტეტი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ), 2 ქალაქი (ლანჩხუთი , ოზურგეთი), 5 დაბა (ლაითური, ნარუჯა, ურეკი, ქვედა ნასაკირალი, ჩოხატაური ), 186 სოფელი, 61 თემი. გ. მ. შეიქმნა 1994, ემთხვევა ისტ.-ეთნოგრ. მხარე გურიას . მოსახლ. 98,3% ქართველია, 0,7% – რუსი, 0,7% – სომეხი, 0,1% – უკრაინელი, 0,1% – ოსი. საშ. სიმჭიდროვეა 70,5 კაცი 1 კმ 2-ზე. მოსახლ. 26,2% ცხოვრობს ქალაქში, 73,8% – სოფლად. მოსახლ. დიდი ნაწილი დასაქმებულია სოფ. მეურნეობაში. მოჰყავთ სიმინდი, თხილი, ჩაი, კურკოვანი და კაკლოვანი ხილი, ციტრუსები (მ. შ. მანდარინი), ყურძენი, მსხალი და სხვ. ხელსაყრელმა ფიზ.-გეოგრ. მდებარეობამ განაპირობა გ. მ-ის ბუნების მრავალფეროვნება. მნიშვნელოვანი კურორტებია: ბახმარო , გომის მთა , გრიგოლეთი , ნაბეღლავი , ნასაკირალი , ურეკი. ე. ლოლუა.