გურიის სამთავრო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Guria.jpg
ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესია. XIII ს. II ნახევარი
გულსაკიდი ჯვარი. ტიხრული მინანქარი. X ს. შემოქმედი. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. თბილისი.

ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XV ს. II ნახევრიდან XIX ს. 30-იანი წლების ბოლომდე. შეიქმნა საქართვ. სამეფოს ადრინდ. გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, მოიცავდა ქობულეთჩაქვის ქედს, შავი ზღვის სანაპიროს, მდ. რიონის ქვემო წელსა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე ტერიტორიას. XV–XVII სს-ში გ. ს-ში ზოგჯერ აჭარა (აჭარისწყლის ხეობა), ჭანეთის ჩრდ. ნაწილი (გონიოს მხარე) და მაჭახელაც შედიოდა. გ. ს-ს გურიელები განაგებდნენ. მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. მთავრის კუთვნილება იყო ძირითადი სტრატეგიული პუნქტები, ციხეები და ნაყოფიერი მიწები. საკუთარი მამულები ჰქონდათ ასევე დედოფალსა და ბატონიშვილებს. სამთავროს კარისა და ქვეყნის გამრიგე მოხელეები იყვნენ: სახლთხუცესი, სარდლები, ციხისთავები, მეჯინიბეთუხუცესი, მესტუმრეთუხუცესი, კარის მესტუმრე, მოლარეთუხუცესი, მოლარე (ხაზინადარი), ქეშიკთუხუცესი, ქალაქთუხუცესი, მეღვინეთუხუცესი, ქილიფთართუხუცესი, მდივანბეგი (მსაჯულთუხუცესი), მდივნები, ბოქაულთუხუცესი, იასაულები, მოურავები, ნაცვლები, ხელოსნები (წვრილი მოხელეები), მებაჟეები, ტყისმცველები და სხვ. გ. ს-ს სოც. წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართვ. ბარის სხვა მხარეთა წყობის მსგავსი იყო. XV–XVI სს. მიჯნიდან გ. ს-ს ეკლესია, რ-იც XI ს-იდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელმთავრებს დაექვემდებარა. გ. ს-ში 3 ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდის. საშემოქმედო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის. საჯუმათლო – სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინოწმინდლო – კინტრიშსა და ჭოროხს შორის. გ. ს-ში რამდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნის, ხინოს და სხვ.), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია იყო, რ-ებიც დიდი რაოდენობით ყმამამულს ფლობდნენ და სწავლაგანათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. 1533 ოდიშის მთავართან ერთად ჯიქეთში მარცხიანი ლაშქრობის შედეგად გურია დროებით კვლავ იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა. როსტომ გურიელის (1534– 66) დროს გ. ს-ს შემოუერთდა აჭარა და ჭანეთი. XVI ს-ში გურიის ლაშქარი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. ოსმალებმა მიიტაცეს გონიოს მხარე და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდნენ. ამ დროიდან რუსეთთან შეერთებამდე ოსმალეთი გამუდმებით ცდილობდა დაეპყრო გ. ს. XVI ს. II ნახევრიდან სამთავრო ოსმ. გავლენის სფეროში მოექცა, რაც განაპირობა სამხრ. საქართველოში ოსმალთა გაბატონებამ. XVII ს. დასაწყისი გ. ს-ს პოლიტ., ეკონ. და კულტ. ძლიერების ხანა იყო. მამია II გურიელმა გამოიყენა ხელსაყრელი პოლიტ. ვითარება და 1609 აჭარიდან განდევნა ოსმალები, მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო, 1614 იძულებული გახდა აჭარა დაეთმო და ოსმ. სასარგებლოდ ხარკის გადახდა ეკისრა. გურია-თურქ. საზღვრად მდ. ჭოროხი დარჩა (იხ. გურია-ოსმალეთის ხელშეკრულება 1614 ). ამ დროიდან გ. ს-მ პოლიტ. ურთიერთობა დაამყარა რუს. სახელმწიფოსთან, დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და პოლონეთთან. გ. ს. აქტიურად მონაწილეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოთა ანტიირან. ბრძოლაში. მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა XVII ს. II მეოთხედიდან. 1625-იდან გ. ს. დიდი ხნით მოექცა ოდიშის მთავრის გავლენის ქვეშ. XVII ს. შუა წლებიდან მდგომარეობა გაართულა დას. საქართველოში გაჩაღებულმა შინაომებმა, რასაც მოჰყვა ტყვის სყიდვის გავრცელება. სხვა ქართვ. გამგებელთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად მიმართავდნენ ოსმალეთს. ასევე იქცეოდნენ დას. საქართვ. სხვა მეფე-მთავრები, რამაც დას. საქართველოში ოსმ. ბატონობის გაძლიერებას შეუწყო ხელი. მომდევნო წლებში გურიის მთავრები, მაგ., გიორგი III გურიელი და მამია III გურიელი ზოგჯერ დადიანობასა და იმერეთში გამეფებასაც კი ახერხებდნენ. XVIII ს. დასაწყისში გურიის მთავარი დადიანთან და იმერეთის გამგებელთან ერთად, რუს. დახმარების იმედით, ოსმ. წინააღმდეგ გამოვიდა. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1703 დას. საქართვ. დაარბიეს გ. ს-მ ბათუმისა და ჩაქვის მხარეები დაკარგა. თურქებმა ახლანდ. ბათუმის ადგილას ციხე ააგეს და გურიის ტერიტორიაზე ფეხი მოიკიდეს. 1723 ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ გურიის ზღვისპირა ციხეებში. მამია IV გურიელი XVIII ს. შუა წლებში ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა ოსმალთა განდევნას. იმერეთში სოლომონ I-ის გამეფების შემდეგ გურიის მთავარი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის მეფის ანტიოსმ. ღონისძიებებში. მამია IV-მ აკრძალა ტყვის სყიდვა, მოაწესრიგა ეკლესიის საქმეები და დაიწყო აშკარა ბრძოლა ოსმ. წინააღმდეგ. ამის გამო 1766 ოსმალთა ლაშქარი გურიაში შეიჭრა და გიორგი V გურიელი გაამთავრა. გ. ს. აქტიურად იბრძოდა ოსმ. წინააღმდეგ 1768–74 რუს.-ოსმ. ომში. 1769 გურიაში ოსმალები შეიჭრნენ, მაგრამ მომდევნო წელს იმერეთისა და გურიის ლაშქარმა მხარე კვლავ გაათავისუფლა. 1771 იანვარში გურიის ლაშქარმა გაანადგურა ფოთის მიდამოებიდან უკან გაბრუნებული ოსმალთა დიდი რაზმი. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის (1774) შემდეგ ოსმალეთი თანდათან იპყრობდა გურიის მიწა-წყალს, წაართვა ქობულეთის მხარე; დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების ხანგრძლივი პროცესი, რაც XIX ს. 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ქვემო გურიის მოსახლ. ნაწილი გურიის სხვა მხარეებში გადასახლდა. XVIII ს. 80–90-იან წლებში გურია ოსმალთა დაუსრულებელი შემოსევების ასპარეზად იქცა. იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა 1784 მარტში სცადა ქვემო გურიიდან ოსმალების განდევნა, მაგრამ ნაჭიშკრევთან (ციხისძირთან) დამარცხდა. ამის შემდეგ ეს მხარე 1878-მდე ოსმ. ხელში იყო. შედარებით გაუმჯობესდა გ. ს-ს მდგომარეობა ქაიხოსრო ბატონიშვილის (გიორგი IV-ის ვაჟი) რეგენტობის დროს. ქაიხოსრომ აკრძალა ტყვის სყიდვა და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონ. ღონისძიებანი. საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო გეორგიევსკის ტრაქტატის 1783 საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო. 1804 რუს. მთავრობამ უშედეგოდ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად გ. ს-ზე თავისი მფარველობა გაევრცელებინა. 1810 წ. 19 ივნ. მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუს. იმპერიაში შევიდა როგორც 227 ავტონ. სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. მამია V გურიელის დროს გ. ს-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა ქ. ოზურგეთში, დაწესდა ყოველწლიური "იარმარკა" (ნაგომარში), მოწვეულ იქნენ ევრ. მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სახელმწ. კანცელარიის საქმიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. 1819–20, იმერეთისა და გურიის აჯანყების დროს, რუს. სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა. შემოქმედის ციხესთან მოკლეს რუსთა რაზმის უფროსი პოლკ. პუზირევსკი. რუსთა დამსჯელმა რაზმმა ქაიხოსროსა და მისი მომხრეების მამულები დაარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავის მომხრეებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1826 წ. 26 ოქტ. გარდაიცვალა მამია V გურიელი. რუს. სარდლობის მოთხოვნით გურიის გამგებლობა დაევალა სამმართველო საბჭოს, რ-საც დედოფალი სოფიო (წულუკიძე) თავმჯდომარეობდა. რუს.-ოსმ. 1828–29 ომის დროს გურია ომის ასპარეზად იქცა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა, მაგრამ მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა. გურიაში რუს. ჯარი შევიდა და 1829 მიწურულს გ. ს. რუს. იმპერიას შეუერთდა. სოფიო თავისი შვილებით ემიგრაციაში წავიდა. რუს.-ოსმ. 1828–29 ომში გურიის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ოსმ. წინააღმდეგ; 1829– 40 გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რ-შიც შედიოდნენ გურიის თავადები. 1840 გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთ. გუბერნიაში შევიდა.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟ ო რ დ ა ნ ი ა თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2–3, თბ., 1897–1967; Б а к р а д з е Д. З., Археологическое путешествие по Гурии и Адчаре, СПб., 1878.

ლიტ .: დ უ მ ბ ა ძ ე მ., გურიის სამთავროს სოციალურ-ეკონომიური ვითარება XIX საუკუნის პირველ მესამედში, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30 ს ო ს ე ლ ი ა ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან (XIII ს. შუა წლებიდან XIX ს-ის დამდეგამდე), იქვე; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს, ბათ., 1956; ჩ ხ ა ტ ა რ ა ი შ ვ ი ლ ი ქ., გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან (XVIII ს. 70–80- იანი წლები), «მაცნე», 1964, # 4; მ ი ს ი ვ ე, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ., 1985; Б а к р а д з е Д. З., Батум и его окрестности, Батум, 1906. ქ. ჩხატარაიშვილი.