გურიის უდაბნო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამონასტრო კომპლექსი, მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა განახლებიდან 2 კმ დაშორებით, ამაღლების მთის ფერდობზე (ძველად სოფელს შუა ამაღლება ერქვა). კომპლექსის მთ. ნაგებობაა ნახევრად კლდეში ნაკვეთი, მცირე ზომის იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესია. ამას გარდა, ფერდობის ქვედა ნაწილში კიდევ 4 გამოქვაბულია, რ-თაც ერთი მხრიდან ხელოვნურად მიცემული აქვს აფსიდის ფორმა და, ამდენად, სავარაუდოა, რომ სალოცავის მოვალეობას ასრულებდა. მონასტრის აღმ. და სამხრ. ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, მშენებლებს მხოლოდ დას. და ჩრდ. კედლის ნახევარი აუგიათ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ნაგებობა კლდის ქვეშ არის შეყუჟული. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებით და შემკულია სხვადასხვა რელიეფური გამოსახულებით. ეკლესიის დათარიღება დღემდე ვერ მოხერხდა, რასაც ართულებს ის ფაქტიც, რომ იგი მრავალჯერ გადაუკეთებიათ, ხოლო აღდგენის დროს სამშენებლოდ ძვ. ნაშთები გამოუყენებიათ. მკვლევართა ნაწილი მას VI ს. ძეგლად მიიჩნევს, ნაწილი კი IX–X სს. აკუთვნებს. გ. უ. ქართ. კულტ. ერთ-ერთი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, მ. შ. აღსანიშნავია მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია, რ-საც შემოქმედის გულანი გადაუწერია. უდაბნოს მონასტერს ჰქონდა მდიდარი წიგნსაცავი. უდაბნოს ხელნაწერთაგან ყველაზე თვალსაჩინო და უძველესია "მრავალთავი". იგი XVI ს-ში ჩამოიტანა ნიკოლოზ ჯუმათელმა კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდეგ. აქვე იყო დაცული ბრწყინვალე ოსტატობით ნაქარგი სამღვდელმთავრო შესამოსლები. მონასტერი საკმაოდ მდიდარი იყო. საქართვ. ცენტრ. საისტ. არქივში ინახება სიგელ-გუჯართა მთელი წყება, რ-ებშიც აღნუსხულია საერო თუ სას. პირთა მიერ მონასტრისათვის გაღებული შეწირულობანი. XIX ს-ში მონასტერში პირველდაწყებით განათლებას იღებდნენ ახალგაზრდები. ათეისტური რეჟიმის ბატონობისას გ. უ. არაერთხელ დაარბიეს და გაძარცვეს. ამაღლების მთის ფერდობის ზედა ნაწილში, მღვიმე-ეკლესიიდან დაახლ. 200 -ზე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რ-იც 1858 აუშენებიათ. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ღრმა ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგები ყოფილა კარგად დამუშავებული მოყვითალო ფერის კვადრებით. იგი 1958-მდე ხელუხლებლად იყო შემონახული, ხოლო შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას საგანგებოდ დაუნგრევია სამშენებლო მასალის მოპოვების მიზნით, თუმცა ეკლესიის მთლიანად დანგრევა ვერ მოუხერხებიათ. თ. ქართველიშვილი.