გურკელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის აგარის თემში (სამცხე- ჯავახეთის მხარე), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. წინუბნისწყლის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1020 , ახალციხიდან 24 კმ, აწყურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 6 კმ. 150 მცხ. (2002). სოფლიდან 2 კმზე, მდ. წინუბნისწყლის მარცხ. ნაპირზე, არის მინერ. წყარო. სოფლის განაპირა ქედი ჩრდ. მხრიდან ყელგადაჭრილი გორანამოსახლარია, სადაც მოიპოვება წინაფეოდალური ხანის შავი და წითელი კერამიკა. გორის თხემი (50 × 25 ) ნაციხარს უკავია. ჩრდ-ით, თხემის ბოლოს, მრგვალი კოშკისა თუ გალავნის გადაქცეული კედელია, სამხრ-ით კი შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკის (5 × 6 ) ნანგრევი. გათლილი ლოდების წყობა რეგულარულია, ნაგებია ჰორიზონტალურად სიმაღლეზე დაყენებული ქვებითა და კირხსნარით. კედლის სისქე 2 . გალავნის შიგნით ნაგებობათა ბუდეები ჩანს, შესაძლოა აქ ეკლესიაც იყო, რ-იც სოფელში არ ჩანს. გურკლისხევზე გადიოდა ერთ-ერთი გზა იმერეთისკენ, რ-იც ციხისჯვრის გავლით ხანისწყლის ხეობაში გადადიოდა. გ-ის ციხისა და ხევის მფლობელნი იყვნენ აზნაურები, XIII ს-ში ცნობილი პირები: ბ. გურკლელი, დავით VI ნარინის თანშეზრდილი, მისი კარის მოხელე ამირეჯიბი და მ. გურკლელი "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 გ. სოფ. წინუბანთან ერთად ახალციხის ლივის აწყურის ნაჰიეში (რ-ნი) შედიოდა. იქ მაშინ ცხრა კომლი ქრისტიანი ქართვ. ცხოვრობდა: ღვინია მებოსტნის შვილი, ძმა მისი, კიდევ ძმა მისი, გოჩა ელიაძის ძე, ბადურ ძე მისი, მატია ასიმის ძე, ართაშეზ ძმა მისი, აზარგულ და ძმა მისი. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, სელის თესლი, კაკალი, ხილი. ჰქონდათ ბოსტნები; ჰყავდათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი; ჰქონიათ ერთი თვალი წისქვილი სრული წლით; იხდიდნენ წლიურ გადასახადს – 5000 ახჩას. გ-თან დაკავშირებული, ხევში უფრო ქვევით მდებარე წინუბანი, როგორც ჩანს, იყო ხეობის ცენტრის – გ-ის წინა უბანი, რ-იც შემდეგ ცალკე სოფლად იქცა. იქ ახლაც მოქმედი, ცხელი გოგირდოვანი აბანოა და ამჟამადაც ქართველები სახლობენ (მათი გვარებია: მახათაძე, ჭანკოტაძე, მიქელაძე, კუხიანიძე, ხრიკაძე, მამლიკიძე, ნოზაძე, კაპანაძე, თედიაშვილი, ტაბატაძე. უმეტესობა ხაშურიდანაა გადმოსახლებული). სოფლის მახლობლად, დაახლ. 3 კმ -ზე, ბიეთის (XIV ს. II ნახ.) ძლიერ დაზიანებული ეკლესიაა.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჯ ი ქ ი ა ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, თბ., 1941. დ. ბერძენიშვილი.