გურნათელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დასახლებული პუნქტი ისტორიულ შავშეთში (ამჟამად თურქ. ტერიტ.). პ. ინგოროყვას აზრით, ის უნდა იყოს იგივე გუნათლე, სადაც გრიგოლ ხანძთელმა IX ს-ის 10– 20-იან წლებში აზნაურ გაბრიელ დაფანჩულის დახმარებით დააარსა დედათა მონასტერი ("გუნათლის ვანი"). სოფლის სამხრ.-აღმ-ით, ტყიან ბორცვზე, შემორჩენილია მომცრო დარბაზული ეკლესია, რ-იც 1904 ნახა და აღწერა ნ. მარმა. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. დეკორი არ გააჩნია. კონქი და სამხრ. კედლის დიდი ნაწილი იმ დროისათვის უკვე ჩამონგრეული იყო. ეკლესიის მიდამოებში ნ. მარმა იპოვა მოწითალო ქვის დაზიანებული სტელა, რ-ის სამ წახნაგზე გამოკვეთილი იყო ჯვრები, ხოლო მეოთხეზე – წრე. მეორე ასეთივე სტელა XIX ს-ში გ-იდან გადაიტანეს სათლელ-რაბათის სომხ. ეკლესიის ეზოში. ამჟამად ორივე სტელა დაკარგულია. დ. ხოშტარია.