გურული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვახტანგ შალვას ძე (დ. 2. I. 1953, სოფ. ქვედა საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (1999). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1976). 1981–2009 იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. 2009-იდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორია. კითხულობს საქართვ. ისტ. (XIX ს.) ზოგად და არჩევით კურსებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი ქართ., რუს., უკრ. და გერმ. ენებზე. მისი თანაავტორობით გამოცემულია ორი სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის: "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე" (თბ., 2003) და "რუსეთის ისტორია. XIX საუკუნე" (თბ., 2003). გ. არის საქართვ. ისტ. VII– XI კლასების სახელმძღვანელოთა თანაავტორი.

თხზ .: ახალი ქართული სამხედრო დოქტრინის ისტორიიდან, თბ., 1998; საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1917–18, თბ., 1998 (თანაავტ. ა. სილაგაძე); ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორია. 1892– 1918, თბ., 1999; რუსეთთან ერთად და ურუსეთოდ, თბ., 2007; მეფე – მამა იოსებ სტალინის პოლიტიკური პორტრეტის შექმნის ცდა, თბ., 2008.



გურული

კ. გურული.
კ. გ უ რ უ ლ ი. "ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი".

კობა (კუკური) ელგუჯას ძე (23. VI. 1930, სოფ. ქვედა საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 9. IV. 2010, თბილისი), მოქანდაკე, ოქრომქანდაკებელი. თანამედროვე ქართ. ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1956). მისი პედაგოგები იყვნენ შ. მიქატაძე და კ. მერაბიშვილი. გ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თემატიკის მრავალფეროვნება, ფორმის მოქნილობა, ძლიერი ნახატი, დახვეწილი კომპოზიცია; ლითონმქანდაკებლობაში დანერგა მრავალი ახ. ტექ.-მხატვრული ხერხი, შექმნა მოჩარჩოების რამდენიმე ორიგინ. ფორმა. სამუშაო მასალად იყენებდა სხვადასხვა სახის ლითონს, ქმნიდა რელიეფურად ამოყვანილ სამკაულებს, წიგნის ყდის მოჭედილობებს, ლითონის დაზგურ ქანდაკებებს და მონუმ.- დეკორ. ქანდაკება-პანოებს. ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ციკლი ქართ. სოფლის ცხოვრების თემაზე "მიწა და ადამიანები" (1963–74, ავტორის კუთვნილება); მონუმ. ქანდაკება "ავთანდილის სიმღერა" (1965, თბილ. მუს. თეატრისათვის); იზმირის მსოფლიო გამოფენაზე საქართვ. პავილიონის მხატვრული გაფორმებისათვის შექმნილი ფრიზი (1965); ჭედური კომპოზიციები ("მედეას მოტაცება", "რუსთაველი და ვეფხვი", "თინათინის სიმღერა", "სინაზე" და სხვ.) საოკეანო ლაინერის "შოთა რუსთაველის" ინტერიერისათვის (1966); ლითონის ქანდაკებაპანოები ("თამარი", "ბექა და ბეშქენ ოპიზრები", "სულხანსაბა ორბელიანი", "რუსთაველის ფრესკა იერუსალიმში") ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ინტერიერისათვის (1968), პანოები ლაინერისთვის "აჭარა" (1968) და სხვ. გ-ის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში – ორჯერ (1970, 1973), გერმანიაში, იუგოსლავიაში, უნგრეთში, მოსკოვში, ლენინგრადში და სხვ.