გურჯაანი-1929

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სააქციო საზოგადოება), გურჯაანის ღვინის ქარხანა. 1929 ქ. გურჯაანში შეიქმნა ე. წ. "წითელი მარანი", რ-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა გურჯაანის ღვინის ქ-ნა. 1977 აღნიშნული საწარმო გახდა გურჯაანის რ-ნში არსებული ათი ღვინის ქარხნის გაერთიანების შედეგად შექმნილი გურჯაანის საწარმოო გაერთიანების სათავო ქ-ნა. 1990-იდან საწარმო გამოეყო გაერთიანებას და გადაკეთდა შპს-დ, 1996-იდან ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა "გურჯაანი-93", 2006-იდან კი დაერქვა სააქციო საზ-ბა "გ.- 1929". ქ-ნას უჭირავს 12 ჰა ფართობი. აქვს დამოუკიდებელი ელექტრომომარაგების წყარო (ელექტროგენერატორი), წყლის ჭაბურღილი, რკინიგზის ჩიხი, საქვაბე მეურნეობა, ყურძნის მიმღები განყ-ბა (რ-საც შეუძლია სეზონზე 30 ათ. ყურძნის გადამუშავება), სპირტის სახდელი და ღვინის ჩამომსხმელი საამქროები (საათში 3,0 ათ. ბოთლის წარმადობის, იტალ. წარმოების ხაზით). ღვინის დასაძველებლად საწარმოში მოწყობილია სამსართულიანი მიწისქვეშა საცავი, რ-იც აღჭურვილია მომინანქრებული, უჟანგავი ლითონის და ხის (მუხის ბუტები) 3 მლნ. დკლ ტევადობის ტარით. ღვინის დასაძველებლად მისი ტექნოლ. დამუშავება ხდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ქ-ნა აწარმოებს 12 დასახელების ადგილწარმოშობის (სამარკო) და ორდინარულ ღვინოებს: "ახაშენი", "ქინძმარაული", "ალაზნის ველი", "მუკუზანი", "საფერავი", "გურჯაანი", "ვაზისუბანი", "ჰერეთი", "გარეჯი", "კახეთი", "ტარიბანა" (თეთრი), "ტარიბანა" (წითელი), ასევე კონიაკს და საკონიაკე სპირტს. საწარმოს ნედლეულით ამარაგებს კახეთის რეგიონი. წარმოებული პროდუქცია (ათ. დკლ ): 1990 წ. – 750; 1995 წ. – 290; 2000 წ. – 470; 2005 წ. – 150; 2010 წ. – 46. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში – აშშ, უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, ჩინეთი და სხვ. ქ-ნის პროდუქციას სხვადასხვა საერთაშ. სადეგუსტაციო კონკურსზე მიღებული აქვს 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი. დ . დავითულიანი.