გურჯი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველის აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინი არაბულსპარსულ კულტურულ სამყაროში. "გორჯი" (სპარსულად), "ქურჯი" და "გურჯი" (არაბულად) ნიშნავს ქართველს, ხოლო ტოპონიმი "გორჯესტან" (სპარს.), "გურჯისტან" (არაბ.) _ საქართველოს. სპარს. "გორგ" ნიშნავს მგელს (საკულტო-რიტუალური ცხოველი უძველესი დროიდან). აქედან მომდინარეობს მეფე ვახტანგ გორგასლის მეტსახელი _ გორგასარ (მგლისთავიანი, ან მგლების მეთაური). ეს ტერმინი პირველად ფიქსირდება სამხრეთაღმოსავლეთით მდებარე, ისტ. ქართული პროვინციის გუგარეთის სახელწოდებაში, რ-საც ჰეროდოტე "ჰ(გ)ირკანიის" ფორმით იხსენიებს. ძვ. სპარსულ წყაროებში კი "ვრკანა" ("მგელთა ქვეყანა"; აქედან მოდის სომხური "ვირკ" და "ვრასტან") ფორმით გვხვდება. შემდგომში ბერძნული "ჰ(გ)ირკანია" სპარსულ ენაში ტრანსფორმირდა "გორგან"- ად, არაბულში – "ჯურჯან"-ად, სირიულ დიალექტში კი – "გურზ", "გურზან"-ად. აქედან წარმოიშვა რუსული ტერმ. "გრუზინი" ("გრუზია"), ოსური "გიურძი" ("გიურძისტონ"). თავდაპირველად ეს იყო აღმ. საქართველოს (ივერიის) აღმნიშვნელი ტერმინი, მოგვიანებით კი – მთელი ისტ. საქართველოსი. რაც შეეხება ევროპაში მიღებულ ტერმინებს – გეორგია, ჯორჯია _ სავარაუდოდ, ორივე იმავე სპარსულ-არაბულიდან არის წარმოქმნილი და მიწათმოქმედს ნიშნავს. ძვ. ეგვიპტეშიც "გრგ" ძირის შემცველი სიტყვები მიწათმოქმედებასთან არის დაკავშირებული. "გ-ის" ეტიმოლოგიით იყვნენ დაინტერესებული მ. ბროსე, ი. მარკვარტი, ა. მარიკი, ი. ჯავახიშვილი, ლ. მელიქსეთბეგი, ი. აბულაძე, გ. დეეტერსი, ვ. მინორსკი, გ. წერეთელი და სხვ. ლიტ .: ა ბ უ ლ ა ძ ე იუსტ., ტერმინ "გურჯის" ეტიმოლოგიისათვის, აკად. ნ. მარის სამეცნიერო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1934; П а й ч а д з е Г. Г., Название Грузии в русских письменных исторических источниках, Тб., 1989. წ. ბაწაში.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გურჯი&oldid=1416-დან“