გუჩუა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიქტორ გესას ძე (12. X. 1914, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 31. VIII. 1985, თბილისი), ისტორიკოსი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1983), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1982). 1933 დაამთავრა ზუგდიდის პედ. ტექნიკუმი, 1940 – თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1941–45 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1945–60 საშ. სკოლის დირექტორად მუშაობდა წალენჯიხისა და ზუგდიდის რ-ნებში. 1960-იდან იყო ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1969- იდან შეთავსებით – ქსე-ის საქართვ. ისტორიის რედაქციის მეცნიერ-კონსულტანტი, შემდეგ – გამგე. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქსე-ის გამოცემაში. იკვლევდა საქართველოს სოც.- ეკონ., პოლიტ. და კულტ. ისტორიის, ისტორიოგრაფიისა და ქრონოლოგიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნ. სტატია და მონოგრაფია. ავტორია (შ. მესხიასთან ერთად) საშ. სკოლის სახელმძღვანელოსი "საქართველოს ისტორია (პირველი გამოცემა 1961), რ-მაც გაიმარჯვა საქართვ. განათლების სამინისტროს დახურულ კონკურსში და მიიღო პრემია (დაიბეჭდა აგრეთვე რუს., სომხ. და აზერბ. ენებზე). გ. არის "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" IV ტომის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი, აგრეთვე III ტომის რედაქტორი ზ. ანჩაბაძესთან ერთად (1982 ავტორთა კოლექტივთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია). არის ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი "თბილისის ისტორიის" სამტომეულის I ტომისა (1989). დაჯილდოებულია სახელმწ. მედლით "საბრძოლო მამაცობისათვის".

თხზ .: საქართველოს ისტორია. მე- 7–10 კლასების სახელმძღვანელო, თბ., 1961–85 (თანაავტ. შ. მესხია); გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967; საქართველოში სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1967 (თანაავტ. ი. ანთელავა); საქართველოს XVI–XVIII სს. ეკონომიური ისტორიის შესწავლა ქართულ საბჭოურ ისტორიოგრაფიაში, კრ.: ქართული ისტორიოგრაფია, ტ . 1, თბ., 1968. გ. ჯამბურია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გუჩუა&oldid=1451-დან“