გუჯაბიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბ. გუჯაბიძე.

ბიძინა სერგოს ძე (დ. 20. I. 1960, სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ალპინისტი, მეკლდეური. დაამთავრა საქართვ. ტექ. უნ-ტი (1982). შესრულებული აქვს ასვლები უშბაზე (8 ასვლა, ერთი ჩქაროსნული – 9 სთ -ში), მყინვარწვერზე (60-მდე ასვლა, ერთი ჩქაროსნული სარეკორდო დროში – 12 სთ 20 წთ ), კორჟენევსკაიას პიკზე (ორი ასვლა), კომუნიზმის (1998-იდან ისმაილ სამანის) პიკზე (ორი ასვლა), ლენინის (2006-იდან იბნ სინას) პიკზე (ორი ასვლა), ხან-თენგრიზე (11 ასვლა, 1993–2004), მთავარ ლჰოცზეზე, დჰაულაგირზე (1996), ევერესტზე (ორი ასვლა, 1999, 2004). 7-ათასიანი მწვერვალები დალაშქრა 26- ჯერ, 8-ათასიანი – 6 ჯერ. ორგზის "თოვლის ჯიქი ", ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კავალერი, დაჯილდოებულია ნეპალის სამთავრობო სიგელით.








სარჩევი

გუჯაბიძე ვლადიმერ (ლადო) მიხეილის ძე

ვ. გ უ ჯ ა ბ ი ძ ე. "დაუოკებელნი". 1989.

(დ. 26. VIII. 1945, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), მხატვარი და მოქანდაკე. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1971). მისი პედაგოგები იყვნენ თ. ნაცვლიშვილი, ვ. თოფურიძე. მხატვარგამფორმებლად მუშაობდა თბილისის კომბინატ "ქალაქგაფორმებაში". მხატვრულად გააფორმა საზოგადოებრივი დანიშნულების რამდენიმე ობიექტი, მათ შორის კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი სახლი (ბიჭვინთა). მონაწილეობდა გამოფენებში აშშ-სა და ჩილეში. 1975 მოეწყო გ-ის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თბილისში, შემდეგ – იტალიაში. 1976 საცხოვრებლად გადავიდა აშშში, სადაც მუშაობდა ქანდაკების ჩამომსხმელად, დიზაინერად. 1981 მისი სკულპტურული ნამუშევრები ერთდროულად გამოიფინა ნიუიორკის რამდენიმე გალერეაში. "კნიკერ ბოკერის" გამოფენაზე მიეკუთვნა ოქროს მედალი. 1989 ო. როდენის სახ. III საერთაშ. კონკურსში (ტოკიო) გ-ის სკულპტურული კომპოზიცია "დაუოკებელნი" 15 გამარჯვებულს შორის მოხვდა და ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაიდგა, ხოლო ქანდაკება "მუზა" დგას ჰამილტონის ტბის ნაპირას (ჩიკაგოს მახლობლად, აშშ). გ. ნაყოფიერად მუშაობს ჭედურ ხელოვნებაში, ფერწერასა და გრაფიკაში. მისი ნამუშევრები დაცულია აშშ-ის მრავალ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში. პ. ნაცვლიშვილი.









გუჯაბიძე ირაკლი კირილეს ძე

(დ. 14. VI. 1953, ბათუმი), მეცნიერი მიწისქვეშა ნაგებობებისა და შახტების მშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1994). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამ თო ფაკ-ტი (1975). 1975-იდან მუშაობს საქართვ. ტექ. უნ-ტის სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის კათედრაზე (2000-იდან კათედრის გამგე). არის საქართვ. ტექ. უნ-ტის საინჟინრო კვლევებისა და დაპროექტების რესპ. ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი, 1995-იდან – ამ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, აგრეთვე საქართვ. სამთოგეოლ. ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2000). მისი ხელმძღვანელობით შესრულდა საქართველოში კლდეში ნაკვეთი ძეგლების (დავითგარეჯა, ვარძია, უფლისციხე) რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტები, გამაგრდა უფლისციხის ქვაბულები, შემუშავდა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების პროექტები. გ-მ შეისწავლა ქალაქის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობათა ურთიერთგავლენა, მათი გეომექანიკა და ტექ. თავისებურებანი, ამის საფუძველზე შეიმუშავა ნაგებობათა გაანგარიშებისა და მათი დაცვის მეთოდები და საშუალებები. გ-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა თბილ. მიწისქვეშა სივრცეების ათვისების კონცეფცია, რ-იც საფუძვლად დაედო ქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმას. შეიმუშავა რთულ სამთო-ტექ. პირობებში მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის ახ. მეთოდები, რ-ებსაც იყენებენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

თხზ .: Вопросы механики подземных сооружений неглубокого заложения, Тб., 1991.




გუჯაბიძე ნოდარ აკაკის ძე

(დ. 20. I. 1929, ქუთაისი), გენერალმაიორი (1976). დაამთავრა თბილ. ქვეითი ჯარების სასწავლებელი (1950), ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია (1965), ვოროშილოვის სახ. სსრკ შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხ. აკადემია (1973). ეკავა სამეთაურო თანამდებობები სსრკ შეიარაღებულ ძალებში, იყო ოდესის სამხ. ოლქის მოტომსროლელი დივიზიის მეთაური (1973–79), ბალტიისპირეთის სამხ. ოლქის შტაბის უფროსის მოადგილე (1978–82). მთავარი სამხედრო მრჩეველი ავღანეთში (1982–84). 1992–2002 მსახურობდა საქართვ. შეიარაღებულ ძალებში. იყო ეროვნული გვარდიის (1992, 1995–96), თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის უფროსი (1993–94), თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველი (1996–2002). დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. ლ. დოლიძე





გუჯაბიძე პლატონ

(დ. და გ. წლები უცნობია), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ეკატერინენფელდის რაზმის გვარდიელი. 1918 საქართველოსომხეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა I ხარისხის წმ. გიორგის ჯვრით (20. VII. 1919).

ლიტ .: ჟ ო რ დ ა ნ ი ა ო., გ ა ბ ე დ ა ვ ა მ., საქართველოს წმინდა გიორგის ჯვრის კავალრები, თბ., 2001. ო. ჟორდანია



გუჯაბიძე ჯიმშერ ბათლომეს ძე

(30. XI. 1930, ფოთი), ბავშვთა უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (2002). 1955 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი; 1955–58 მუშაობდა მოსკოვის ოლქში ქირურგად. 1969–89 წლებში – საქართველოს უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბავშვთა განყოფილებაში, 1990-იდან არის ამავე განყ-ბის გამგე, თსუ-ის უროლოგიის კათედრის პროფესორი (1998), თსსუ-ის პედიატრიული ფაკ-ტის უროლოგიის კურსის ხელმძღვანელი (1996). 2008-იდან მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრ. საავადმყოფოს ქირურგ. დეპარტამენტის კონსულტანტია. კითხულობს ლექციებს უროლოგიაში ი. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის უროლოგიისა და თსსუ-ის ბავშვთა ქირურგიის კათედრებზე. გ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 4 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001).

თხზ .: თირკმელების და შარდსაწვეთების ანომალიები, თბ., 1978; უროლოგიის ცნობარი, თბ., 1978; ქვედა საშარდე გზების განვითარების ანომალიები ბავშვთა ასაკში, თბ., 1984; შარდსადენი მილი – ურეთრა და..., თბ., 2002.