გუჯარეთისხევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტორიული თორის შემადგენელი ნაწილი, ძირითადად მოიცავდა მდ. გუჯარეთისწყლის ხეობას. აქაურ სოფელთა უმრავლესობა მთის ძირზეა შეფენილი. სახნავ-სათესი ფართობი მდინარეთა ნაპირებამდე აღწევს. სატრანსპ. და საცალფეხო გზები ადვილად სავალ ხევებს მიჰყვება. ეს გზები მოხერხებულად უკავშირდება თავდაპირველად თრიალეთსა და ნარიანს, შემდეგ კი – ჯავახეთს. გ-ის დიდი ნაწილი დაფარულია ფოთლოვანი, ნარევი და წიწვნარი ტყეებით, რ-თაც 2000 ზემოთ ალპ. საძოვრები ენაცვლება. ბუნებრივი პირობების შესაბამისად, ეს ხეობა ხასიათდება მთისთვის დამახასიათებელი მეურნეობით: მცირე მემინდვრეობა, დაწინაურებული მესაქონლეობა, მონადირეობა (ამავე დარგებს მისდევდნენ ისტორიულადაც იმ განსხვავებით, რომ მაშინ სელის ზეთსაც აწარმოებდნენ). 1904 ნასოფლარ თელოვანში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ცულების, მათი ჩამოსასხმელი ყალიბებისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან შემდგარი განძი (იხ. სტ. თელოვანის განძი). გუჯარეთისწყლის ზემო წელზე, მდინარის ორივე ნაპირას არის სოფ. გუჯარეთი, რ-იც შემდგომ ხეობის ცენტრი გამხდარა. სავარაუდოდ, მის დაწინაურებას ხელი შეუწყო ირგვლივ მდებარე მდიდარმა საძოვრებმა და ძამის, ტანის ხეობების, თრიალეთისა და ტაბაწყურ-ნარიანიდან მომავალმა გზასაყარმა. გ-ის მნიშვნელოვანი ციხეები იყო: თოთხამი, ალეწი, მომწვარა, სარბიელა, გვირგვინა, უზნარიანი. ეს ციხეები აკონტროლებდნენ გზებს, ასრულებდნენ აგრეთვე რეზიდენციების ფუნქციას ადგილ. ფეოდალებისათვის და ქმნიდნენ საციხისთავო ერთეულებს, სადაც ერთიანდებოდა ამ ციხეთა ირგვლივ განლაგებული სოფლები. გ-ის თითქმის ყველა სოფელსა და ნასოფლარში შემორჩენილია ნანგრევები ეკლესიებისა, რ-თა უმეტესობა IX–XIII სს-შია აგებული. ზოგ მათგანზე, ქტიტორთა ან მშენებელ ხელოსანთა წარწერებიც არის. მაგ., გულსუნდის „წითელი ეკლესიის“ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მაშენებელი ვინმე მახარობელი (X–XI სს. მიჯნა), ტყემლოვანის ეკლესიის წარწერაში – კვირიკე და გიორგი (X ს.), ხოლო თელოვნის ელიას ეკლესიის წარწერაში – თევდორე (X ს.). გუჯარეთისწყლის მარცხ. შენაკადზეა სამძივისხევი (ახლანდ. სოფ. მზეთამზე). აქედან მომდინარეობს გვარსახელი სამძივარი, რ-იც თორელების განაყოფი უნდა იყოს. სამძივრებისა და თორელების დაწინაურებამ გააერთიანა თორისა და გუჯარეთის ტერიტორიული ერთეულები (ამ დროიდან გუჯარეთისწყალს თორისწყალი შეერქვა). ისინი 1065 დაურბევია ალფ-არსლანს სამხრ. საქართვ. სხვა კუთხეებთან ერთად. გ-ის ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლია ტიმოთესუბნის მონასტერი. XIII ს. II ნახევრით თარიღდება ნასოფლარ დიდი თონეთის ნაეკლესიარში ნაპოვნი, ქვაჯვრის მომაღლო ბაზისზე ამოკვეთილი რელიეფური გამოსახულება და წარწერა. შემდგომი ხანის ძეგლთაგან მნიშვნელოვანია სოფ. დაბის წმ. გიორგის სახ. დარბაზული ეკლესია. XV ს-იდან გ. ძამის ხეობასთან ერთად ციციშვილთა ფეოდ. საგვარეულოს დაექვემდებარა, XVI ს. ბოლოს კი ოსმალებმა დაიპყრეს. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ გ-ის სოფელთაგან მხოლოდ 6 იხსენიება: დაბა (2 კომლი), წაღვერი (ცარიელი), სამზიოსხევი (3 კომლი), გოგოსუბანი (3 კომლი), კიმოთისმანი (2 კომლი), მიტარბი (ცარიელი). 1639, ირან-ოსმ. ზავის შემდეგ, თორი ქართლს შეუერთდა და გ-ს ისევ ციციშვილები დაეპატრონნენ. მოსახლეობა აქ თანდათან დაბრუნდა, რასაც ყოველნაირად ხელს უწყობდა როგორც საერო, ისე სას. ხელისუფლება. გ. ქართლის კათოლიკოსის სამწყსო იყო და ისიც ცდილობდა გაპარტახებული სოფლების აღორძინებას. XVIII ს. 60-იანი წლებიდან ციციშვილები აქტიურად მოქმედებდნენ მოსაზღვრე ჯავახეთიდან თავიანთ მამულებში მოსახლეობის გადმოსაყვანად. ამ ნიადაგზე ხშირი იყო მცირემასშტაბიანი სამხ. შეტაკებებიც. ამ მცდელობას არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. XIX ს-ში ამ სოფლების უმეტესობა თითქმის უკაცრიელი იყო. XIX ს. 30-იან წლებში მეფის რუს. მთავრობამ პოლტავის გუბერნიიდან გადმოსახლებულთა ნაწილი წაღვერში ჩაასახლა. ახალმოსახლენი ჩამოვიდნენ იმერეთიდან, ქართლიდან. XIX ს. II ნახევარში ცხინვალის მიდამოებიდან გადმოსახლდნენ ოსები.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., გ ი ო რ გ ი ძ ე მ., ჩ ა ჩ ხ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ც., ჭ ა ნ ი შ ვ ი ლ ი გ., გუჯარეთი, თბ., 1987. დ . ბერძენიშვილი.