გძელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვ. გძელიძე.

(გ რ ძ ე ლ ი ძ ე) ვლადიმერ დავითის ძე [10 (22). V. 1894, სოფ. ბარი (ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი), – 5. VI. 1960, თბილისი], მეწარმე, ხილეულის წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების დამზადების სპეციალისტი. 1917-იდან გ-მ მუშაობა დაიწყო თბილ. "კომპანია ზემელის" ლიმონათის ქ-ნაში, სადაც დაეუფლა სიროფის დამზადების ტექნოლოგიას. 20-იანი წლებიდან იგი დამოუკიდებლად ქმნის ხილეულის წყლების სიროფის რეცეპტებს. 1922–24 მუშაობდა ბაქოს ხილეულის წყლების წარმოებაში, 1924–32 კი – ამიერკავკ. რკინიგზის (ბაქო, ლენინაკანი, თბილისი) კვების ობიექტებში. 1932 თბილისში გ-ის თაოსნობით ამოქმედდა ლიმონათის ქ-ნა (ნ. +გოგოლის ქ. #52, ახლანდ. #16), სადაც იგი იყო უალკოჰოლო სასმელების დამზადების ოსტატსპეციალისტი და წარმოების ხელმძღვანელი. საწარმო წლების განმავლობაში ლიმონათით ამარაგებდა ამიერკავკ. რკინიგზის, აგრეთვე უკრაინის ქალაქების – დნეპროპეტროვსკისა და კიევის კვების ქსელს. ქ-ნა უშვებდა სხვადასხვა სახეობის ხილის ლიმონათს; ეტიკეტზე მითითებული იყო: "ხილის წყლების წარმოება ვ. გძელიძის ხელმძღვანელობით". 1959 თბილ. რკინიგზის ვაგზლის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ლიმონათის ქ-ნის ამორტიზებული შენობა აიღეს. 1947–51 მოსკოვში, მაქსიმ გორკის ქუჩაზე, საქვაჭრობის საფირმო მაღაზიაში ფუნქციონირებდა გ-ის ხილეულის წყლების სექცია. 1950 იგი სომხ. მინერ. წყლების ტრესტში მიიწვიეს, ოსტატ-მეკუპაჟეებისათვის უალკოჰოლო სასმელების დამზადების გამოცდილების გასაზიარებლად. ამ პერიოდში ერევნის ლუდისა და ლიმონათის ქნაში მისი ხელმძღვანელობით ამზადებდნენ ხილეულის წყლების უალკოჰოლო სასმელებს. თავისი საქმიანობით გ-მ მრავალჯერ დაიმსახურა მაღალი შეფასება. 1955 სსრ კავშირის ვაჭრობის სამინისტრომ მას მიანიჭა "ხილეულის წყლებისა (ლიმონათი) და I კატეგორიის ბურახის დამზადების ოსტატის" წოდება (იხ. აგრეთვე სტ. "გძელიძის წყლები "). ლ. აბრამიშვილი.