დაბაძველი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნასოფლარი ისტორიულ თორში. მდებარეობს მტკვრის მარჯვ. შენაკადის ჭობისხევის სათავეებში, კახისისა და წეროს ტბების ახლოს გაშლილ ველზე, ზღვის დონიდან 1752 სიმაღლეზე. ნასოფლარი ორია – პატარა და დიდი დ. პატარა დ-ში ეკლესია და სასაფლაო შემორჩენილი არ არის, დიდ დ-ში კი მოზრდილი დარბაზული ეკლესიის ნანგრევია, შენობა ნაგები ყოფილა დიდი ლოდების ჰორიზ. წყობით. საკურთხეველი უფრო მცირე, თანაბარი ზომის კვადრებით უშენებიათ. წყობა აქაც რეგულარულია. შესასვლელი სამხრ-იდან ყოფილა. შიგნით შემორჩენილია ერთსაფეხურიანი პილასტრი პროფილირებული კაპიტელით. ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ხანისა უნდა იყოს. ირგვლივ გალავნის ნაშთია, მის გადაღმა – მოზრდილი ნასახლარები. ნიშანდობლივია, რომ გვიანდ. შუა საუკუნეების მატერ. ნაშთები ნასოფლარში არ ჩანს. ეს ნასოფლარი არ იხსენიება არც "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (XVI ს.), არც სხვა წყაროებსა და საბუთებში. უცნობია იგი ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიებისა და რუკების მიხედვითაც. საფიქრებელია, რომ მონღოლთა ბატონობის დროიდან სოფელი გადაშენებულა. კახისის ტბის სახელწოდება შესაძლოა კახა თორელს უკავშირდებოდეს. დ. მნიშვნელოვან გზასაყარზე მდებარეობდა: ქიბისხევს ამოყოლილი გზა აქ იყრება: ერთი მიდის თორ-ბაკურიანით ჯავახეთისკენ, მეორე კი – საკირით სამცხისკენ. დ.ბერძენიშვილი.

დაბაძველი

სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საწირის თემში (იმერეთის მხარე), ოკრიბის წვრილმთიანეთში, ტყიბულის წყალსაცავის ჩრდ-ით. ზ. დ. 600 მ, ტყიბულიდან 9 კმ. 538 მცხ. (2002).

დაბაძველი

სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის ტერიტორიულ ორგანოში (აჭარის არ), აჭარისწყლის ხეობაში. ზ. დ. 650 მ , შუახევიდან 6 კმ. 242 მცხ. (2002).