დადიანები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დადიანების გერბი.
დადიან-მინგრელსკების გერბი.

ფეოდალური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში. გვარსახელი ნაწარმოები უნდა იყოს საკუთარი სახელისაგან "დადი" (ნ.ბერძენიშვილი ). დ. ბაქრაძის აზრით, დ. და ვარდანისძენი ერთი საგვარეულოს ორი განშტოება იყო. ილ. ანთელავას მოსაზრებით დ-ის საგვარეულო საღირისძეთა ცნობილი საგვარეულოს განშტოება უნდა იყოს. ამ შემთხვევაში დ-ის საგვარეულო ეგრისის (ლაზეთის) მეფე სანაღირიდან უნდა მოდიოდეს, რ-იც "ქართლის ცხოვრებაში" ვახტანგ გორგასლის ერისთავთა შორის არის მოხსენიებული. დ-ის საგვარეულოს პირველი ცნობილი წარმომადგენელია ივანე დადიანი . XII ს. 80-იან წლებში დ. დას. საქართვ. უძლიერესი ფეოდალები იყვნენ. ამ გვარის წარმომადგენლები ბ. დადიანი და ვ. დადიანი დიდ როლს თამაშობდნენ საქართვ. პოლიტ. ცხოვრებაში. XII–XV სს-ში დ-ს ეჭირათ ოდი- შის, სავარაუდოა, სამოქალაქოსა და ზოგჯერ სვანეთის ერისთავობაც. XIV ს. 20-იან წლებში დ-ის საგვარეულოს წარმომადგენელმა გიორგი II დადიანის შვილმა კახაბერმა საფუძველი დაუდო გურიის ერისთავთა ახალ დინასტიას. დ-ის საგვარეულოს ერთი შტო, ბედან დადიანის (XII ს. 80-იანი წწ.) დროიდან მაინც, მემკვიდრეობით ფლობდა ოდიშის ერისთავობას. ხშირად ისინი ფაქტობრივად დამოუკიდებლები იყვნენ სამეფო ხელისუფლებისაგან, მაგრამ მაინც ატარებდნენ საკარისკაცო ტიტულებს. XVI ს. შუა წლებში ამ შტოს წარმომადგენელმა ლევან I-მა დადიანმა სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია და საკარისკაცო ტიტულზე უარი თქვა. ამის შემდეგ "დადიანი" ოდიშის მთავრის ტიტულად იქცა. XVII ს. 90-იან წლებში დადიანთა პირველი შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი ლევან IV დადიანი ოდიშიდან გააძევა ამ სამთავროს ფაქტობრივმა გამგებელმა გიორგი ლიპარტიანმა (კაცია ჩიქოვანის ძე), რ-მაც XVIII ს. დასაწყისში მიიღო "დადიანის" ტიტული და საფუძველი დაუდო "დადიანთა" ახ. შტოს (იხ. გიორგი IV დადიანი ). ძვ. საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი ლევან IV-ის ვაჟი გიორგი დადიანი , მოსკოვში გაჰყვა მეფე არჩილ II -ს . აქ მან არჩილის ვაჟის ალექსანდრეს ქალიშვილი სოფიო შეირთო ცოლად და დასაბამი მისცა "დადიანის" (ან კიდევ "დადიანოვის") მოსკოვურ შტოს, რ-იც ძვ. დადიანთა საგვარეულოს გაგრძელებას წარმოადგენდა. XVIII ს-ში "დადიანი" ოდიშის მთავრის ტიტულთან ერთად გიორგი IV დადიანის ძის ბეჟან დადიანის შთამომავლების გვარსახელად იქცა. ოდიშის სამ- თავროს გაუქმების (1857) შემდეგ "დადიანი" მხოლოდ გვარის აღმნიშვნელად დარჩა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959; ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, იქვე; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973. ლიტ .: ბ ე რ ა ძ ე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ. ] 3; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენის გამო, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ან- თელავას რედ., თბ., 1999; ს ო ს ე ლ ი ა ო., სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის, «მიმომხილველი», 1951, [ტ.] 2. თ. ბერაძე.