დადიანების სამთავრო რეზიდენციები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დადიანების სამ-თავრო რეზიდენცია.ზუგდიდი.
დადიანების სამთავრო რეზიდენცია. სოფელი გორდი. XIX ს. 40-იანი წლები.
ინფანდადიანების სამთავრო რეზიდენცია. სოფელი სალხინო (რესტავრაციის შემდეგ).

სამეგრელოს მთავრების სასახლეები დასავლეთ საქართველოში: 1. ზ უ გ დ ი დ ი ს ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რ-იც მოიცავს დადიანების კუთვნილ ორ სასახლეს, კარის ეკლესიას და ბოტანიკურ ბაღს. მთავარი – დედოფლისეული – სასახლე აშენდა (ი. მეუნარგიას ცნობით კი – განახლდა) XIX ს. 70-იან წლებში არქიტ. ე. რაისის პროექტით. წარმოადგენს XIX ს. ევროპაში გავრცელებული გოთური სტილიზაციის ნიმუშს. ამავე დროს გამოყენებულია ქართ., ისლამური და რუს. არქიტექტურის ცალკეული ელემენტები.

მოგვიანებით, 80–90-იანი წწ., აშენდა დადიანის მეორე სასახლე. ცნობილი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დასასვენებლად 1830 აშენდა კარის ეკლესია ("საბორო"). ეკლესიაში აგრეთვე დაცული იყო დადიანების საგვარეულოს უმთავრესი სიწმინდე – ღვთისმშობლის სარტყელი. კომპლექსის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ბოტან. ბაღი, რ-იც ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანმა აღადგინა (1856 ოსმალთა შემოსევის გამო ბაღი მთლიანად განადგურებული იყო). 1921 აქ გაიხსნა მუზეუმი. მას თავდაპირველად "სამეგრელოს მუზეუმი", შემდგომში – ზუგდიდის სახელმწიდაფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ზუგდიდის ისტორიული, 2005 კი დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ეწოდა.

2. გ ო რ დ ი ს სასახლე (ხონის მუნიციპალიტეტი), დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, რ-საც მნიშვნელობით მეორე ადგილი ეკავა ზუგდიდის სასახლეთა კომპლექსის შემდეგ. მისი განახლება გორდელი ჩიქოვანების გადადიანებას უკავშირდება. ლევან V დადიანის დროს გორდში უბრალო ოდა მდგარა, რ-შიც სამეგრელოს მთავრები მხოლოდ ნადირობის დროს ჩერდებოდნენ ხოლმე.

ი. მეუნარგიას ცნობით, XIX ს. 40-იან წლებში სამეგრელოს მთავარს დავით დადიანს თავისი სიმამრის ალ. ჭავჭავაძის რჩევით და არქიტ. ლ. ვასილიევის პროექტით ციხე- დარბაზის ტიპის ორსართულიანი სასახლე აუშენებია; იქვე, ტყე-პარკის გასაშენებლად ქ. ტრიესტიდან (იტალია) ცნობილი აგრონომ-დეკორატორი ჟოზეფ ბანინი და მებაღეები, ძმები გაეტანო და ჯიევანი ზამბერლეტები მოუწვევიათ. რამდენიმე წელიწადში 80 ჰა-ზე გაშენებულ ტყე-პარკში 15 ჰა ყვავილნარსა და უცხოეთიდან ჩამოტანილ დეკორ. მცენარეებს ეკავა. პარკს ირგვლივ ერტყა ეტლებისთვის განკუთვნილი სასეირნო ხეივანი, რ-იც უნიკალური ჯიშის ხეებით იყო გაშენებული.

გორდის სასახლის მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ სამეგრელოში ომარ-ფაშას შემოჭრისას (1856) სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე დადიანმა სამხ. შტაბი აქ გადმოიტანა.

დავით დადიანის გარდაცვალების (1854) შემდეგ გორდის სასახლესა და ბაღს მისი ვაჟი ნიკო დადიანი პატრონობდა. ნიკოს გარდაცვალების შემდეგ (1903) კი ტყე-პარკის ეგზოტიკური მცენარეებით გამდიდრება შეწყდა, რის გამოც იგი თანდათანობით გაპარტახდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გორდის სასახლეში წითელი არმიის ნაწილები დაბანაკდნენ, 1922–23 კი ფოსტა გაიხსნა. 1925, ადგილობრივი ხელისუფლების წაქეზებით, მთავართა კარ-მიდამო დაუნდობლად გაძარცვეს და ააოხრეს.

3. ს ა ლ ხ ი ნ ო ს (მარტვილის მუნიციპალიტეტი) სასახლე. მას მნიშვნელობით მესამე ადგილი ეკავა (ზუგდიდისა და გორდის რეზიდენციების შემდეგ). მდებარეობს მდ. წაჩხურის ნაპირას. სამეგრელოს მთავრებს სალხინოში უბრალო ხის ოდა ჰქონდათ, რ-ის სანაცვლოდ ლევან V დადიამნა ქვის ორსართულიანი სასახლე ააშენა.

სასახლემ საბოლოო სახე ლევანის შვილიშვილის სალომე დადიანი-მიურატის დროს მიიღო, როდესაც პრინცესა სალომეს დედამისის – ეკატერინე დადიანი-ჭავჭავაძის – გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით სალიპარიტიანო ერგო. სასახლის გვერდით დღესაც დგას სამეგრელოს მთავრის კაცია II დადიანის მიერ 1782 აშენებული ეკლესია (რესტავრირებულია). სასახლის ქვედა სართულის შუაგულში ჩატანებული უზარმაზარი ქვევრის გარშემო, დარბაზში გამართული იყო მუხის სვეტებზე აყვანილი ფანჩატური ლამაზად მოჩუქურთმებული თაღით, რაც სავსებით ამართლებდა თავის სახელწოდებას "სალხინო. ი. მეუნარგიას სიტყვებით, "ამგვარი სასახლის აშენების აზრი უნდა მოსვლოდა ისეთ მთავარს, რომელსაც მთელი სიცოცხლე ლხინში და სიმ- ღერაში გაუტარებია". ლიტ .: ზ უ ტ ნ ე რ ი ბ., ქართველებთან საქართველოში, თბ., 1996; კ ა - ლ ა ნ დ ი ა გ., გაძარცული საგანძური, თბ., 2006; ლ ა მ ბ ე რ ტ ი არქანჯელო, სამეგრელოს აღწერა, თარგმ. ა. ჭყონიასი, თბ., 1938; მ ე უ ნ ა რ გ ი ა ი., სამეგრელო დავით დადიანის დროს, თბ., 1939. გ.ლორთქიფანიძე.