დადიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ლეონის ძე (1801 – 1860-იანი წწ. დასაწყისი), რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1829), იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი. დაიბადა რუსეთში, სიმბირსკის გუბერნიაში. 1817 ჩაირიცხა ლაიბგვარდიის პრეობრაჟენსკოეს პოლკში. 1821 დანიშნეს გენ. პასკევიჩის ადიუტანტად. მასთან ერთად მონაწილეობდა 1826–27 ირანთან და 1828–29 ოსმალეთთან გამართულ ომებში. სარდარ-აბადის ალყის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა ოქროს დაშნით, ერევნის აღებისათვის – წმ. ანას III ხარისხის, ყარსის აღებისათვის – წმინდა ანას II ხარისხის ორდენებით, ახალციხის აღებისათვის – ამ ორდენისათვის განკუთვნილი ალმასის ნიშნებით. 28 წლის ასაკში, 1829, იგი დანიშნეს ერევნის კარაბინერთა პოლკის მეთაურად. ბრწყინვალედ დაწყებული კარიერა დასრულდა იმით, რომ 1837 იმპ. ნიკოლოზ I-მა ერევნის პოლკის დათვალიერებისას დ. მწყობრიდან გამოიძახა და პოლკში ჩადენილი სამეურნეო დანაშაულისათვის თავის ხელით ჩამოხსნა ფლიგელ-ადიუტანტის აქსელბანდები, ამასთანავე ბრძანა გადაეგზავნათ ბობრუისკის კაზემატში, სადაც მან 1840-მდე დაყო. შემდეგ დ-ს ჩამოართვეს ჩინები, ორდენები, თავადის წოდება და საცხოვრებლად გაგზავნეს ვიატკაში. ბოლოს ნება დართეს ქალაქიდან გაუსვლელად ეცხოვრა მოსკოვში. 1856 იმპ. ალექსანდრე II-მ დ-ს დაუბრუნა თადარიგის პოლკოვნიკის ჩინი, ორდენები, თავადის წოდება. შ. ცირეკიძე




სარჩევი

დადიანი ანდრია დავითის ძე

ა. დ. დადიანი.

(24. X. 1850, ზუგდიდი, – 13. VI. 1910, კიევი), მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი. ეკატერინე ჭავჭავაძისა და სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის შვილი. 1873 დაამთავრა ჰაიდელბერგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. 1874-იდან მსახურობდა რუს. არმიაში. ჰქონდა გენერლის ჩინი. თამაშობდა ცნობილ მოჭადრაკეებთან პარიზში, რომში, კიევში, თბილისში (ს. როზენტალი, ს. დიუბუა, ი. შუმოვი, ი. კოლიში და სხვ.). 1881–82 მონაწილეობდა პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა ორ ტურნირში და ორივეჯერ I ადგილი დაიკავა. 1899 მიიწვიეს სრულიად რუს. I ჩემპიონატში, რ-შიც მონაწილეობა არ მიუღია. 1903–04 იყო მონტე-კარლოს საერ- თაშ. ტურნირების პრეზიდენტი. თანამშრომლობდა იმდროინდელ უცხ. და რუს. საჭადრაკო ჟურნალებთან, აწესებდა პრიზებს ლამაზი პარტიებისათვის. ინგლ. საჭადრაკო ჟურნალმა "ჩესს მანსლიმ" ("The Chess Monthly") 1892 ივნ.-ივლ. ნომერი მთლიანად დ-ის შემოქმედებას მიუძღვნა. 1903 ე. შიფერსის წინასიტყვაობით კიევში ფრანგ. ენაზე გამოიცა დ-ის 100 პარტიის დაბოლოება ("Fins de Partie du Prince Dadian de Mingrélie"). ლიტ .: გ ი ო რ გ ა ძ ე თ., თამაშობს ანდრია დადიანი, თბ., 1972; მ ი ს ი ვ ე, რაინდული სულის მოჭადრაკე, თბ., 2004. თ. შ.გიორგაძე





დადიანი ბედან (ბედიან), ოდიშის ერისთავი

XII ს. უკანასკნელ მეოთხედსა და XIII ს. დასაწყისში. მონაწილეობდა გიორგი რუსის (იხ. იური ანდრიას ძე ) გასამეფებლად დიდგვაროვანთა მიერ მოწყობილ აჯანყებაში. ლიტ. იხ. სტ-თან დადიანები.




დადიანი ბედან (ბედიან) ჯუანშერის ძე

ოდიშის ერისთავი XIII ს. შუა წლებში. მხარში ედგა ცენტრ. ხელისუფლებას მონ- ღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში . 1259–61 დავით VI ნარინს ეხმარებოდა მონღოლ- თა წინააღმდეგ და დას. საქართველოში მეფის ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლაში. ჰქონდა დავით VI-ის სამეფო კარის მანდატურთუხუცესის ტიტული. ლიტ . იხ. სტ-თან დ ა დ ი ა ნ ე ბ ი. თ.ბერაძე.




დადიანი გიორგი (ეგორ) ლევანის(ლეონტის) ძე

(1683, ზუგდიდი, – 12. VI. 1765, მოსკოვი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ- მაიორი (1725). სამეგრელოს მთავრის ლევან IV დადიანის ვაჟი. სანქტ- პეტერბურგში ჩასული ერთ-ერთი პირველი ქართველი, რ-იც კარგად დაეუფლა რუს. ენას, ასრულებდა დიპლ. დავალებებს, მთარგმნელისა და თარჯიმნის მოვალეობას. რუს. სამეფო კარსა და მოსკოვში ემიგრირებულ ქართველთა შორის მოლაპარაკებების დროს უძღვებოდა მიმოწერას საქართველოსთან. ცოლად შეირთო რუს. არტილერიის გენ.-ფელდცოიხმაისტერის, ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძის ქალიშვილი სოფიო . დ. "დადიანოვების" მოსკოვის შტოს დამფუძნებელია. თავისი სახსრებით მონაწილეობა მიიღო მოსკოვში სუხარევის კოშკის განახლებაში. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის მირქმის ტაძარში. გ.კალანდია. ნ.ჯავახიშვილი.




დადიანი გრიგოლ კაციას ძე

იხ. გრიგოლ დადიანი.




დადიანი გრიგოლ ლევანის ძე

გ. დადიანი (კოლხიდელი).

(ლიტ. ფსევდონიმი – კ ო ლ ხ ი დ ე ლ ი) [6 (18). X. 1814, ზუგდიდი, – 6 (19). I. 1902, ქუთაისი], პოეტი, საზოგადო მოღვაწე. სამეგრელოს მთავრის ლევან V-ის ძე. რუს. იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1883). 1828- 253 იდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834-იდან იქვე მსახურობდა. 1844 პოლკოვნიკი გახდა. 1845 სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის (1853–56) დროს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა კავკ. ფრონტზე. 1854 მიენიჭა გენ.-მ-ის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. რუს.-ოსმ. ომში (1853–56) მონაწილეობისათვის მიიღო გენ.-ლეიტენანტის (1860), ხოლო 1880, სამხ. სამსახურის 50-ე წლისთავზე, გენ.- ადიუტანტის წოდებები. დ-ს ეკუთვნის ისტ. პოემა "რუხის ბრძოლა" (1836), რ-შიც აღწერილია იმერეთ-გურია-ოდიშის ერთობლივი ბრძოლა ოსმალთა და კავკ. მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ. ავტორია პატრ. ლექსებისა. თანამ- შრომლობდა ჟურნალ- გაზეთებთან ("ცისკარი", "ივერია" და სხვ.); "კოლხიდელის" გარდა, ზოგჯერ სხვა ფსევდონიმებითაც წერდა ("იოანე გეგეჭკორი", "მეგრელი", "კ", "გ. დ." და სხვ.). წვლილი მიუძღვის ი. ბარტდინსკი ს მიერ "ვეფხისტყაოსნის" რუსულად თარგმნაში. თავისი ქონება და ბ-კა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას უანდერ- ძა.

თხზ .: ლექსთა კრება კოლხიდელისა, ქუთ., 1901.

ლიტ .: მ ე უ ნ ა რ გ ი ა ი., ქართველი მწერლები, სოლ. ცაიშვილის გამოც., [ტ.] 1, თბ., 1954; ც ა ი შ ვ ი ლ ი სოლ., ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1962. ს. ცაიშვილი.




დადიანი გრიგოლ ლევანის ძე

(1791, ზუგდიდი, – 1846, მარტვილი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1826). მონაწილეობდა რუს.-ირან. (1826–28), რუს.-ოსმალეთის (1828–29) ომებ- ში, მეთაურობდა სხვადასხვა სამხ. ნაწილებს.




დადიანი დავით ლევანის ძე

იხ. დავით დადიანი.




დადიანი დიმიტრი ელიზბარის ძე

(დ. წ. უცნობია – 16. VII. 1895, ოდესა), ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ქუთ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა ოდესის უნ-ტში, რ-იც არ დაუმ- თავრებია. საფუძვლიანი აგრონ. განათლება მიიღო საფრანგეთში (მონპელიე, პარიზი). საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ერთხანს ელიზავეტპოლის გუბერნიაში მსახურობდა საგანგებო მინდობილობათა მოხელედ. შემდეგ ქუთაისში დამკვიდრდა და იქ ნაყოფიერ ჟურნალისტურ, საზ. მოღვაწეობას შეუდგა: 1881–83 იყო გაზ. "შრომის" რედაქტორი; ქართ. და რუს. პრესაში ("დროება ", "შრომა", "ივერია ", "ნოვოე ობოზრენიე"...) აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის პუბლიც. თხზულებებს. დ-ის შეხედულებით, ქართვ. ხალხის საერთო-ეროვნ. თვითშეგნების გამთლიანება-აღორძინებისთვის აუცილებელი იყო საზოგადოებრიობის ყველა ფენის კონსოლიდაცია ეროვნ. იდეოლოგიის გარშემო, ეკონ. დაწინაურება და კულტ.- საგანმან. პროცესების პერმანენტული განვითარება. 1884–90 დ. განაგებდა ქუთ. სათავადაზნაურო- საადგილმამულო ბანკს. თავიდან მომხრე იყო თბილ. და ქუთ. სათავადაზნაურო ბანკების შეერთებისა, რაზეც გამოქვეყნებული აქვს სპეც. წერილი "მუდამ ცალ-ცალკე თუ ერ- თად" ("დროება", 1875, #44). სიცოცხლის ბოლო წლებში დ. იყო სენაკის მაზრის თავადაზნაურობის დეპუტატი. 1895 ტუბერკულოზით დაავადებული დ. სამკურნალოდ ავსტრიაში გაემგზავრა, მაგრამ გზაში (ოდესაში) გარდაიცვალა. დაკრძალულია სენაკში. ლიტ.: ლ ა ლ ი [გიორგი ლასხიშვილი], «ივერია», 1895, 27 ივლისი,

  1. 159; ტ ა ბ ი ძ ე ნ., ნარკვევები ქართული

ჟურნალისტიკის ისტორიიდან, თბ., 1968; მ ი ს ი ვ ე, ეტიუდები, თბ., 1986. თ.ჯოლოგუა.




დადიანი ვარდან, საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი

XII ს. II ნახევარში. თამარ მეფის კარზე ეჭირა თავდაპირველად ჩუხჩარხის (სამხ. უწყების მოხელე), შემდეგ მსახურთუხუცესის თანამდებობა. დ-მა აქტ. მონაწილეობა მიიღო გიორგი რუსის (იხ. იური ანდრიას ძე) გასამეფებლად დიდგვაროვანთა მიერ მოწყობილ აჯანყებაში. მისი თაოსნობით მოიყვანეს გიორგი რუსი ტაოდან დას. საქართველოში და მეფედ აკურთხეს. აჯანყების დამარცხების შემდეგ დ-მა მსახურთუხუცესობა დაკარგა და აქტ. პოლიტ. ცხოვრებას ჩამო- შორდა. ლიტ . იხ. სტ-თან დ ა დ ი ა ნ ე ბ ი. თ.ბერაძე.




დადიანი ივანე (იოვანე), ერისთავთერისთავი

XI ს. შუა წლებში, დადიანების საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი, რაც წერილობითი წყაროებითაა დამოწმებული. დ. "ქართლის ცხოვრებაში" მოხსენიებულია იმ დიდებულთა შორის, რ-ებიც ლიპარიტ ბაღვაშმა ბაგრატ IV-თან შინაომის დროს ანისიდან გამოიტყუა და შეიპყრო. დ. მოხსენიებულია ასევე XI ს. ერთი ხელნაწერის ანდერძმინაწერში, რ-იც თავის დროზე ნიკორწმინდის ეკლესიაში ინახებოდა. თ.ბერაძე.




დადიანი იოსებ იულონის ძე

(1863, სენაკი, – 1937, პარიზი), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1917), საქართვ. ეროვნ. საბ- ჭოს (1917–19) და საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (1919–21) წევრი ეროვნ.-დემოკრ. პარტიიდან. 1921– 37 ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და პეტერბურგის სამთო ინ-ტი (1886). იმავე წლიდან ეწეოდა აქტ. სამრეწვ. და საზ.-პოლიტ. საქმიანობას. 1901 იყო საქართვ. სოციალ.-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და წევრი (1917-მდე). 10-იან წლებში მუშაობდა ბაქოში ნობელების ნავთობ- გადამამუშავებელი ფირმის ინჟინრად. იყო ბაქოს ქართ. სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1917 დაბრუნდა სამშობლოში. ბოლშევიკური რუს. მიერ საქართვ. ანექსიის (1921 თებ.- მარტი) შემდეგ დ. იყო პოლიტ. ემიგრანტი (ცხოვრობდა პარიზ- ში) და აქტ. იღვწოდა საქართვ. გათავისუფლებისათვის. 1921–37 იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არჩეული იყო "ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის" წევრად. 1924 დ-ის აქტ. მონაწილეობით პარიზში დაარსდა ქართ. ეროვნ. პოლიტ. ორგანიზაცია "თეთრი გიორგი". თანამშრომლობდა ქართ. ემიგრანტულ პრესასთან. ლიტ .: ა ს ა თ ი ა ნ ი ალ., თავადი იოსებ დადიანი (1863–1937), ჟურნ. «სამშობლო », პარიზი, 1937, #21–22. ლ.ურუშაძე.




დადიანი კონსტანტინე ლევანის ძე

(18. X. 1819, ზუგდიდი, – 25. IV. 1889, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1887). 1839 დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი. 1842–53 მონაწილეობდა კავკ. ომებში, ძირითადად ჩაჩნეთში. ყირიმის ომის (1853–56) დროს მეთაურობდა კავკ. ფრონტზე ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ სამეგრელოს მილიციას. 1854 სოფ. კოკთან (ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართულ ბრძოლაში მოიგერია ოსმალთა კორპუსის შეტევა. ყარსის აღების შემდეგ დ. თავისი მილიციით გურიის რაზმის შემადგენლობაში შევიდა და წარმატებით იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. 1858-იდან იმპ. ალექსანდრე II-ის ფლიგელ-ადიუტანტია, 1866- იდან – გენ.-მაიორი. რუს.-ოსმ. ომის (1877–78) დროს იყო მოქმედ არმიაში კავკ. შავი ზღვის სანაპიროზე. ამ ომის შემდეგ მალე თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია წმ. გიორგის, თეთრი არწივის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. ალექსანდრე ნეველისა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. ლიტ .: მ ე უ ნ ა რ გ ი ა ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939. მ.გოგიტიძე




დადიანი ლევან გრიგოლის ძე

იხ. ლევან V დადიანი.




დადიანი ლულუ სევერიანის ასული

ლ. დ ა დ ი ა ნ ი . "ხიდი". 1976

(დ. 14. VI. 1942, თბილისი), ფერმწერი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის (1964) და ხელოვნ. (1973, პედაგოგი ჯ. ხუნდაძე) ფაკ-ტები. ამავე წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1988), შტუტგარტი (გერმანია, 1989, 1991), ოიპენი (ბელგია, 1992), მაინცი (გერმანია, 1995) და სხვ. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "კითხვის ნიშანი" (1988, მხატვრის კუთვნილება), "ნიღბები" (1990, კერძო კუთვნილება), "შემოდგომის ყვავილი" (1994, კერძო კუთვნილება), "რილკეს X ელეგია" (1994, მხატვრის კუთვნილება), "ხის დაბადება", "კარიატიდა" (1990, კერძო კუთვნილება) და სხვ. თარგმნა რ. მ. რილკეს "დუინური ელეგიები" (ვენა, 1998; ავსტრ. სახელმწ. კანცელარიის პრემია, 2000). დ-ის ნამუშევრები ინახება საქართვ. ეროვნულ გალერეაში, ქ. ჰალეს მხატვართა კავშირის მუზეუმში, ბოსენის ხელოვნ. ცენტრში (გერმანია) და სხვ.






დადიანი ნიკო გიორგის ძე

ნ. გ. დადიანი.

(დაახლ. 1764 – 25. II. 1834), ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1804). მამის გარდაცვალების (1799) შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს სამთავროს გამგებლობის საქმეში. 1804 სამეგრელოს უმაღლესი საგამგეო საბჭოს წევრად დაინიშნა. 1805 მეთაურობდა რუსეთთან სამეგრელოს შეერთების საკითხზე რუსეთში წარგზავნილ დელეგაციას. აქტიურად იბრძოდა აფხაზეთში რუს. ორიენტაციის მქონე საფარ-ბეგის დასამკვიდრებლად და ასლან-ბეგის გასადევნად. 1810–23 ლეჩხუმის სარდალ-მოურავი იყო. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. 1806–12, 1828–29 და რუს.-ირანის 1826–28 ომებში. რუს. მთავრობას ეხმარებოდა იმერეთის 1810 და 1819–20 აჯანყებების ჩაქრობაში. წლების განმავლობაში ეკავა მსაჯულთუხუცესის (მდივანბეგთუხუცესი) თანამდებობა სამეგრელოს მთავრის კარზე. დაკრძალულია მარტვილის მონასტერში. მას ეკუთვნის ისტ. ნაშრომი "ქართველთ ცხოვრება" (1823–24), "დასტურლამა" (სამეგრელოს სამთავროს მართვა-გამგეობის განწესება), "მიმოსვლა ნიკოლაΩ დადიანოვისა" (დაწერილია რუსეთში ყოფნისას, ჩვენამდე არ მოუღწევია), დღიური (1824–34 წლებისა) და რამდენიმე ლექსი. "ქართველთა ცხოვრება" დ-მა შეადგინა, როგორც მშობლიური ისტ. სახელმძღვანელო. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ორი წარმოადგენს "ქართლის ცხოვრების" და ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიის შემოკლებულ რედაქციას. მესამე ნაწილი კი ორიგინალურია, მოიცავს 1749– 1823 ისტორიას და დაწვრილებით მიმოიხილავს დას. საქართველოს ამბებს.

დ. დაჯილდოებული იყო წმ. ანას I ხარისხისა და წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენებით.

თხზ .: დასტურ-ლამა, ი. მეუნარგიას გამოც., ტფ., 1897; ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962. ლიტ .: ბ ა ხ ტ ა ძ ე გ., ისტორიკოსი ნიკო დადიანი, «ა. ს. პუშკინის სახ. თბილისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები », 1963, ტ. 17; კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., იმერეთის მეფის დიდ სოლომონ I-ის მატიანე, შედგენილი ნიკოლოზ დადიანის ძის მიერ, მის წგ.: წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წგ. 1, ტფ., 1914. შ.ხანთაძე.




დადიანი ნიკო დავითის ძე

იხ. ნიკო დადიანი.




დადიანი ნიკოლოზ ტარიელის ძე

[1 (13). X. 1844, სოფ. სვირი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 12 (24). X. 1896, სოფ. აგაიმანი, ყოფ. ტავრიდის გუბ., დასაფლავებულია სოფ. ბერთემში (ბეთლემი), ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი], მწერალი, მთარგმნელი. შ.დადიანის მამა. მისი ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა XIX ს. 60–90-იანი წწ. ქართ. ჟურნალგაზეთებში ("დროება", "ივერია", "კვალი", "მოამბე", "მეურნე", "საქართველოს კალენდარი" და სხვ.). იზიარებდა "თერგდალეულების" ლიტ.-ესთეტ. შეხედულებებს. 1881 გ. ორბელიანთან, ი. ჭავჭავაძესთან, ი. მაჩაბელსა და სხვებთან ერთად ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი პირველი კომისიის წევრი იყო. დ-ის პოეტურ "არჩილურ შვიდთავში" (გამოვიდა სათაურით "საამდროვო გამოცანები", 1897) დახასიათებული არიან (ლექსად) XIX ს. ქართვ. მწერლები და საზ. მოღვაწეები. იგი ავტორია ბელეტრისტული, დრამ. და ისტ. თხზულებებისა, წერდა წერილებს სოფ. მეურნ., ჭიათურის მადნის მოპოვების, ქუთ. ბანკის მუშაობის, სამეგრელოს სკოლებისა და მეგრული ენის შესახებ. თარგმნა შექსპირის პიესები, ჟ. მ. ერედიას, თ. სოლოგუბისა და სხვ. ნაწარმოებები. წერილებსა და ლექსებს აქვეყნებდა ხან ინიციალებით ("ნ. დ."), ხან ფსევდონიმებით ("ნიკო მეგრი", "მეგრელი", "მეგრელი ნ. დ."). ლიტ .: დ ა დ ი ა ნ ი შ., რაც გამახსენდა, თბ., 1959; ც ა ი შ ვ ი ლ ი სოლ., ნიკოლოზ დადიანის ლიტერატურული მემკვიდრეობა, თბ., 1948. ს.ხუციშვილი.




დადიანი ნინო (ცინუკი) დავითის ასული

ნ. დ. დადიანი.

(13. V. 1916, თბილისი, – 11. XI. 1993, იქვე), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1975), ექიმი. 1950 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1951-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტში. ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლა მოსკ. კონსერვატორიაში (პედაგოგი მ. პეტროვა). 1961- იდან იყო თბილ. ფილარმონიის სოლისტი. მდიდარი იყო მისი საკონცერტო რეპერტუარი. ასრულებდა ქალაქურ (ძვ. თბილისურ) სიმღერებს, რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა: "გამარჯობა, ჩემო თბილისქალაქო", "სიონში შევალ", "ჩემი აღმართი", "შენ რომ დამტოვე" (იეთიმ გურჯის, ი. გრიშაშვილისა და სხვათა ლექსებზე), აგრეთვე "მაგნოლია" (ლექსი ა. კალანდაძისა, მუსიკა საკუთარი). სიმღერებს ასრულებდა დუდუკების თანხლებით. გამოდიოდა დასტებთან (ქსოვრელები და სხვ.) ერთად. განსაკუთრებით პოპულარული იყო XX ს. 60–90- იანი წლების თბილისში.







დადიანი ოტია ელიზბარის ძე

(15. III. 1838, სენაკი, – 7. VI. 1915), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1900). ახალგაზრდობიდან სამხ. სამსახურში იყო. მონაწილეობდა 1877–78 რუს.-ოსმ. ომში. 1881 პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. მსახურობდა ალექსანდროპოლის (სომხეთი) და ქუთ. გუბერნიის ოზურგეთის მაზრების უფროსად.

დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.



დადიანი სამსონ პლატონის ძე

(1885, სოფ. მუხური, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 1937, თბილისი), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკტი (1908). XX ს. 10-იანი წლებიდან იმდროინდელ პრესაში (გაზ. "ივერია", "სახალხო გაზეთი", "განათლება", "ზაკავკაზიე") იბეჭდებოდა მისი წერილები ქართ. ლიტ-რისა და ხელოვნების საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ", "საზოგადოებრივი აზრი XIX საუკუნის სიტყვაკაზმულ მწერლობაში", "აკაკი – ცისა და მიწის შვილი", "სოციალური იდეა ილია ჭავჭავაძის პოეტურ თხზულებებში", "ქართული თეატრი" და სხვ. მასვე ეკუთვნის 1905 რევოლუციისადმი მიძღვნილი დრამა "ჯვარედინ გზაზე" და ისტ. დრამა "გიორგი სააკაძე". 1914-იდან დ. იყო საქართვ. სოც.-ფედერალისტთა პარტიის, ხოლო 1921– 26 მემარჯვ. ფედერალისტთა არალეგ. ორგანიზაციის აქტ. წევრი. 1918 წ. 26 მაისს საქართვ. ეროვნ. საბჭოს საგანგებო სხდომაზე ხელი მოაწერა საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1919–21 იყო საქართვ. დემოკრ. რესპ. დამფუძნებელი კრების წევრი. ბოლშევიკური რუს. მიერ საქართვ. ანექსიის (1921, თებ.-მარტი) შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში. 1922–24 იყო საქართვ. ანტისაბჭ. ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე დამოუკიდებლობის კომიტეტის) წევრი სოციალფედერალისტთა პარტიიდან. აქტიურად მონაწილეობდა 1924 ეროვნ. აჯანყების მომზადებაში. 1922–37 არჩეული იყო საქ. სსრ დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრად. მუშაობდა ბანკის იურისკონსულტად. ეროვნ. ხასიათის წერილებს აქვეყნებდა ქართ. პერიოდულ პრესაში. ემსხვერპლა 1937 რეპრესიებს. ლიტ .: აჯანყება – 1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა), თბ., 1994 (პირველად გამოიცა თბილისში, 1925 წ.). ვ.სიდამონიძე. ლ.ურუშაძე.




დადიანი სიმონ (პეტრე) ნიკოლოზის ძე

ს. ნ. დ ა დ ი ა ნ ი . "მჯდომარე ქალი". 1953. პარიზი.

(23. VII. 1916, სოფ. წირქოლი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 2. III. 1975, სან-ფრანცისკო, აშშ), მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი. 1919 მისი ოჯახი გადასახლდა პარიზში, სადაც დ-მა 1940-მდე დაყო. შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სან-ფრანცისკოში. სამხატვრო განათლება მიიღო თავდაპირველად პარიზში, შემდეგ – სან-ფრანცისკოში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. შემოქმედების პირველ პერიოდში მუშაობდა როგორც რეალისტი მხატვარი. განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად მის აბსტრ. ქანდაკებას "შავი ტორსი" (ნიუიორკი, 1952). დ-ის ნამუშევრები ხშირად იყო ექსპონირებული ამერ. ქალაქების გამოფენებზე. სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ქანდაკებებიდან – "ტორსი" (1953), "მჯდომარე ქალი" (1953); ფერწერიდან – "ადამი და ევა" (1955); გრაფიკიდან – "ლურჯწვერა" (1952), "გუთური ნანგრევები" (1956); დ-ს არასდროს გაუწყვეტია ურთიერთობა სამშობლოსთან. მისი ძირითადი ნამუშევრები ინახება პარიზში, მხატვრის დის, ქეთევან დადიანის ოჯახში. გ.მასხარაშვილი.






დადიანი სოფიო ალექსანდრეს ასული (ქალიშვილობის გვარი – ბაგრატიონი)

(1693–1747),ალექსანდრე ბატონიშვილის (არჩილის ძის) ასული, არჩილ II-ის შვილიშვილი. ცხოვრობდა მოსკოვის ქართ. კოლონიაში. 1715 ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის ლევან IV-ის ვაჟს გიორგი (ეგორ) დადიანს . დ-მა მეუღლესთან ერ- თად აღზარდა გამოჩენილი რუსი არქიტექტორი პ. ე. ეგოროვი. 1740 მემკვიდრეობით მიიღო მამიდამისის, დარეჯანის საკუთრებაში არსებული სოფლებისა და ვოტ- ჩინების წილი ნიჟეგოროდის გუბერნიაში (ვახტანგ VI-ის ვაჟებთან, ბაქარ და გიორგი ბატონიშვილებთან თანაზიარობით). ამ ფაქტით საბოლოოდ გაერთიანდა არჩილ II-ისა და ვახტანგ VI-ის დროინდელი მოსკოვის ორი ქართული ახალშენი (ვსეხსვიატსკოე და პრესნია). ლიტ .: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან, თბ., 1991; В а т е и ш в и л и Д. Л., Грузия и европейские страны, т. 3, кн. 2, М., 2006. გ.გ.ლორთქიფანიძე.




დადიანი ქეთევან მიხეილის ასული

ქ. დადიანი.

(26. II. 1915, ქუთაისი, – 24. VIII. 1992, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. კანდიდატი (1948), ეკონომიკის დარგში სამეცნ. ხარისხის მქონე პირველი ეკონომისტი ქალი საქართველოში. 1937 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკტი. 1944–55 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1970– 89 ხელმძღვანელობდა საქ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახ. მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სხვადასხვა განყოფილებას. სამეცნ. მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედ. საქმიანობას (1950–70). დ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა, რ-ებიც ეხება ქვეყნის ეკონ. სპეციალიზაციისა და კომპლ. განვითარების, მეურნეობის დაგეგმვის, მართვისა და პროგნოზირების საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა რეგიონების – ავტონ. რესპუბლიკის, ოლქის, ქალაქის, რაიონის მეურნეობის კომპლ. განვითარების გეგმის შედგენის მეთოდიკა. იგი ითვლება საგარეო ეკონ. კავშირების კვლევის ერთერთ პიონერად საქართველოში. ლიტ .: ქეთევან დადიანი, თბ., 2006. გ.ყუფუნია.






დადიანი შალვა ნიკოლოზის ძე

შ. დადიანი.

[9 (21). V. 1874, ყვირილა, ახლანდ. ზესტაფონი, – 15. III. 1959, თბილისი], მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, თეატრ. და საზ. მოღვაწე, მსახიობი, რეჟისორი, საქართვ. სახ. არტისტი (1923). დაიბადა სამეგრელოს მთავრის შთამომავლის, ცნობილი მწერლისა და საზ. მოღვაწის, ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. დედა – ლიდა წულუკიძე – განთქმული იყო მწიგნობრობით. ბავშვი არ გაუძიძავებიათ, იზრდებოდა ოჯახში. დედით ადრე დაობლებულს განათლება მიაღებინეს მამამ და შინ მოწვეულმა მასწავლებლებმა. სკოლაში არ მიუბარებიათ, რადგან, მამამისის რწმენით, იქ რუსიფიკატორული და ჩინოვნიკური რეჟიმი სუფევდა. ნ. დადიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ ქართვ. მწერლებსა და ეროვნ. მოღვაწეებთან. მის ოჯახში მსჯელობდნენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, მის აწმყოსა და მომავალზე, ეროვნ.-განმათ. მოძრაობაზე, განმანათლებლურ იდეებზე. ასეთ ვითარებაში იზრდებოდა და ყალიბდებოდა მომავალი მწერალი. 1888–92 საკუთარ ხელნაწერ ჟურნ. "მოზარდს" რედაქტორობდა. ხშირად სტატიების ავტორიც თვითონვე იყო (გამოვიდა 80-მდე ნომერი).

დ-ის თეატრ. დებიუტი შედგა ქუთაისში 1893, როდესაც კ.მესხის მიწვევით სპექტაკლ "მარგარიტა გოტიეში" "ქუჯის" ფსევდონიმით გრაფ დე ჟირეს ეპიზოდური როლი შეასრულა; ქუთ. თეატრში დ. ინტენსიურად თანამშრომლობდა ვ. ს. ალექსი-მესხიშვილთან, რ-მაც 1898 თბილისში საგასტროლოდ პარტნიორად წამოიყვანა. 1903 დ. მოსკოვში წავიდა; სასკოლო განათლების საბუთის უქონლობის გამო, უნ-ტში არ დაუშვეს და თეატრ. ცხოვრებას დაეწაფა. წერდა რეცენზიებს სპექტაკლებზე, წერილებს თეატრ. ხელოვნებაზე და აგზავნიდა საქართველოში. 1905 თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ვ. გუნიას დასში. 1907 ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად სათავეში ჩაუდგა ქუთ. თეატრს, წარმატებით დადგა სპექტაკლები "სამშობლო" და "როს ნადიმობდნენ". 1908 შექმნა "მოგზაური დასი", რ-ის საბაზო ქალაქი ბათუმი იყო. დასმა შემოიარა მთელი საქართველო, სპექტაკლები დადგეს აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. აქტიორული მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში დ-მა 300- მდე როლი შეასრულა, რ-თაგან აღსანიშნავია ოთარ-ბეგი და სოლეიმან-ხანი ("ღალატი"), შაჰაბასი ("ქეთევან წამებული"), სვიმონ ლიონიძე ("სამშობლო"), კარლ მოორი ("ყაჩაღები"), მსახიობი ("ფსკერზე") და სხვ. დ-მა 1892 "ქუჯის" ფსევდონიმით გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი", 1896 გაზ. "ივერიაში" დაიბეჭდა პირველი მოთხრობა "წმინდა ცრემლები". აქედან დაიწყო მისი ლიტ. მოღვაწეობა. იგი აგრძელებდა ქართ. კლასიკური მწერლობის მდიდარ რეალისტურ ტრადიციებს, ეხმაურებოდა ეროვნ.- განმათ. მოძრაობის მოწოდებებს დემოკრატიზმისა და ჰუმანიზმის დასამკვიდრებლად. პირველი დრამ. ნაწარმოები "მღვიმეში" დაწერა 1905, შემდეგი – "როს ნადიმობდნენ" 1906, რ-იც 1907 დაიდგა ქუთ. თეატრში, მაგრამ მეორე დღესვე აიკრძალა. პიესა გამოქვეყნდა 1909 გაზ. "ფონში", ცალკე წიგნად კი გამოვიდა ბათუმში 1912 და ამავე წელს დაიდგა ბათუმის თეატრში. ორივე პიესა იმ დროის რევ. ყოფითაა შთაგონებული, აზრი გამოხატულია ალეგორიული და ფანტასტიკური ფორმით. პოლიციამ "როს ნადიმობდნენ" ანტისახელმწიფოებრივ პიესად ცნო და ავტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ ამნისტიამ მოუსწრო და დ. სასჯელს გადაურჩა. 1913 დაწერა კომედია "შენი ჭირიმე", 1915– 16 – ისტ. დრამები: "გეგეჭკორი" და "ვარამი", 1917 – "გუშინდელნი", რ-იც ქართ. კლასიკურ კომედიადაა აღიარებული და ისტორიულად განწირული წოდების ცხოვრებას ასახავს. 1972 "გუშინდელნი" ახლებური ინტერპრეტაციით დაიდგა შოთა რუსთაველის თეატრის სცენაზე (რეჟ. რ.სტურუა და თ.ჩხეიძე ). 1928 კ. მარჯანიშვილის დაკვეთით დაწერა კომედია "კაკალ გულში", რ-იც მაშინვე დაიდგა. კომედიაში მხილებულია საბჭ. სახელმწ. აპარატში გამეფებული ბიუროკრატიზმი და მლიქვნელობა. ამგვარი მძაფრი სატირული ხედვის პიესის დაწერა და დადგმა კომუნისტური რეჟიმის დროს გაბედული და სახიფათო ნაბიჯი იყო. საბჭ. დრამატურგიაში ტრაგედიის ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო დ-ის პიესა "თეთნულდი" (1931), რ-ის შექმნის იმპულსი გამოჩენილი ქართვ. მთამსვლელების (ს. ჯაფარიძე, პ. დვალი) თეთნულდზე დაღუპვა გახდა, თუმცა პიესაში სულ სხვა, ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ყოფითი, ზნეობრივი და მოქალაქეობრივი სამყაროს დაპირისპირებაა აღწერილი. "თეთნულდი" 1932 ს. ახმეტელმა დადგა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში. დ-ის პიესებიდან აღსანიშნავია რევოლუციურ თემაზე შექმნილი "ნაპერწკლიდან" (1937). მასვე ეკუთვნის გადმოკეთებული და ინსცენირებული 30 პიესა, რ-თაგან გამოირჩევა "ჩატეხილი ხიდი" და "ნინოშვილის გურია".

მრავალფეროვანია დ-ის პროზაული მემკვიდრეობა. თავიდან წერდა მინიატიურებსა და მცირე ზომის მოთხრობებს ყოფით და რევ. თემებზე. პირველი დიდი პროზაული ნაწარმოები "უბედური რუსი" (საბჭ. ცენზურის მოთხოვნით სათაური შეიცვალა და დაერქვა "გიორგი რუსი") შედარებით გვიან, 1916–24 დაწერა. თამარ მეფის ეპოქის ამსახველი ეს ნაწარმოები ფაქტობრივად საბჭ. პერიოდის ქართ. მწერლობის პირველი ისტ. რომანია. წარსულის ღრმად გააზრებისა და მაღალმხატვრული წარმოსახვის წყალობით ავტორს ამ რომანმა დიდად გაუთქვა სახელი. მწერალს ჩაფიქრებული ჰქონდა შეექმნა ეპიკური ტილო, ტრილოგია "მენჯი რობუ", XIX–XX სს. მიჯნისა და რევოლუციების ეპოქის საქართველოს ისტ. ყოფის ამსახველი თხზულება. დასრულებული სახით ტრილოგიის მხოლოდ პირველი წიგნი – "გვირგვილიანების ოჯახი" გამოქვეყნდა 1954. დაუმთავრებელი დარჩა ისტ. რომანი "ურდუმი", რ-ის თემა იყო სამეგრელოს 1857 აჯანყება. ნაწყვეტები იბეჭდებოდა ჟურნ. "მნათობში" (1945–47). სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერა მდიდარი მასალის შემცველი მოგონებათა წიგნი "რაც გამახსენდა", რ-ის ცალკეული თავები ჟურნ. "ცისკარში" (1958– 59) დაიბეჭდა, 1959 კი მთლიანად გამოიცა ცალკე წიგნად. 1950–54 გამოვიდა დ-ის ლიტ.-კრიტ. და პუბლიც. წერილების ორი ტომი. მისივე დაწერილია ფილმ "არსენა ჯორჯიაშვილის" სცენარი და ოპერა "პატარა კახის" ლიბრეტო. თარგმნილი აქვს უ. შექსპირის, ფ. შილერის, ჯ. ბაირონის, გ. ჰაუპტმანისა და სხვათა თხზულებები.

დ. არაერთი საზ.-ეროვნ. საქმის მოთავე იყო. 1913 მისი თაოსნობით ბათუმში დაარსდა ქართ. დრამ. საზ-ბა. 1914 მისივე ინიციატივით ჩატარდა სცენის მოღვაწე- თა პირველი ყრილობა (საპატიო თავმჯდომარე – ა. წერეთელი, მდივანი – დ.). დ. იყო ქართვ. მსახიობთა კავშირის (დაარსდა 1917) პირველი თავ-რე, საქართვ. ხელოვნ. მთ. სამმართველოს უფროსი (1928), მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის მუდმივი წევრი, თეატრ. საზ-ბის თავმჯდომარე (1950–59).

დ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

თხზ .: პიესები, ტ. 1– 2, ტფ., 1923– 34; რჩეული თხზულებანი, ტ. 1–5, თბ., 1958–62. ლიტ .: ბ უ რ თ ი კ ა შ ვ ი ლ ი ა., შალვა დადიანი, თბ., 1952; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., შალვა დადიანი. ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1974. გ.გვერდწითელი.




დადიანი ცოტნე შერგილის ძე

"ცოტნე დადიანი". მოქანდაკე ე. ა მ ა შ უ კ ე ლ ი. არქიტექტორი ვ. დ ა ვ ი თ ა ი ა. 1996. ფოთი.

საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი (XIII ს. I ნახევარი). უმეფობის ხანაში მონღოლებმა დ. რაჭის ერისთავთან ერთად დას. საქართვ. გამგებლად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში, რ-ის მიზანი იყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება. მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. გამოტეხის მიზნით ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს. დ. შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისათვის ჯარს აგროვებდა დას. საქართველოში). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დ-მა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი შეიტყო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამოძმეთა ხვედრი. დ-ის გმირულმა საქციელმა მონღოლთა ნოინი დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველა გაათავისუფლა. დ. საქართვ. ისტორიაში შევიდა როგორც თანამოძმეთათვის თავდადების სიმბოლო. დ., სავარაუდოდ, გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე. 1999 ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეა 30 ივლისი (12 აგვისტო). ლიტ. იხ. სტ-თან დ ა დ ი ა ნ ე ბ ი. თ.ბერაძე.




დადიანი ჯოდორ მიხეილის ძე

(22. VIII. 1922, სოფ. აბედათი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 10. VII. 1998, თბილისი), პედაგოგი. პროფესორი (1991), პედ. მეცნიერებათა საზ. აკად. (ახლანდ. განათლების მეცნ. აკადემია) ნამდვ. წევრი (1995), ამავე აკადემიის ჟურნ. "მოამბის" მთ. რედაქტორი (1998). 1945 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა მარტვილის, დმანისის, გუდაუთის რ-ნების განათლების განყოფილებათა სასკოლო ინსპექტორად, ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად. 1961-იდან იყო ი. გოგებაშვილის სახ. პედ. ეროვნ. ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი, 1989-იდან – წამყვანი მეცნ. თანამშრომელი. იკვლევდა ქართ. ენისა და ლიტრის სწავლების მეთოდიკის საკითხებს.

თხზ. : ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბ., 1968; ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედების სწავლება, თბ., 1981; აკაკი წერეთელი, თბ., 1990; ილია ჭავჭავაძე, თბ., 1997; ქართველი რომანტიკოსები, თბ., 1998. კ.მაჭარაშვილი.