დავათის სტელა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავათის სტელა. VI ს. დასასრული.

VI ს. მიწურულის ქართული საკულტო-მემორიალური ძეგლი. მიაკვლია ჟინვალის არქეოლ. ექსპედიციის მზვერავთა რაზმმა 1980 სოფ. დავათის მახლობლად (დუშეთის მუნიციპალიტეტი), მდ. არაგვის მარცხ. შენაკადის – აბანოსხევის (ძვ. ნოკორნისხევი) – სათავეს- თან, ღვთისმშობლის ეკლესიის (VIII–IX სს.) ინტერიერში. იგი სხვა ანალოგიური სტელების ნაწილებთან ერთად მშენებლებს შესამკობად ჩაუშენებიათ ნავების გამმიჯნავი ბურჯის კუთხეებში. ჟინვალის არქეოლ. ექსპედიციამ 1984 სტელების ნაწილები ბურჯიდან გამოიღო. ამჟამად ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში.

ქართ. მეცნიერებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთერთი სტელათაგანი. მის ერთ წახნაგზე გამოსახული ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი, რ-საც ყრმა ქრისტე უჭირავს ხელში, ადრინდ. ქრისტ. სახვით ხელოვნებაში ფართოდ გავრცელებული პანაგიის იკონოგრაფიულ ტიპს მიეკუთვნება. მისი პარალელები როგორც ჩვენში (ბოლნისი, ხანდისი, ბურდაძორი), ისე ქრისტ. აღმოსავლეთის (სირია, პალესტინა, ეგვიპტე, საბერძნეთი, ყირიმი, კავკასია) რელიკვიებში მრავლად გვხვდება და ძირითადად VI ს. II ნახევრით თარიღდება. საზოგადოდ კი ღვთისმშობლის გამოსახულების ქვედა ქრონოლ. მიჯნად მიჩნეულია 431 წელი, როდესაც ეფესოს III საეკლ. კრებამ მარიამი ოფიციალურად შერაცხა ღვთისმშობლად.

დ. ს-ის იმ წახნაგზე, რ-იც 1984- მდე უხილავი რჩებოდა, გამოსახულია ორი განცალკევებული სკულპტურული კომპოზიცია. ზედა მონაკვეთი ეთმობა ქრისტ. იკონოგრაფიაში კარგად ცნობილ განდიდების კომპოზიციას, ოღონდ ფეხზე მდგარი მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზები განადიდებენ არა კანონიკურ მაცხოვარს, ჯვარს ან ღვთისმშობელს, არამედ დიდების შარავანდში ჩაწერილ ქართულ ასომთავრულ ანბანს. მთავარანგელოზებს მაღლა აღმართულ ხელში დიდების შარავანდის ზედა ნაწილი უპყრიათ, ხოლო მეორე ხელი ჩაჭიდებული აქვთ მის შუა ნაწილზე, ისე რომ შარავანდი იმავე დროს გადახსნილი გრაგნილის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. ქართ. ასომთავრული ანბანის (ქართ. დამწერლობა) განდიდების კომპოზიცია სემანტიკურად ზუსტად ეხმაურება იოანე-ზოსიმეს სახელით ჩვენამდე მოღწეულ თხზულებას "ქებაΩ და დიდებაΩ ქართულისა ენისაΩ", რაც იმის დასტური უნდა იყოს, რომ აღნიშნული თხზულების მთავარი იდეა და სიმბოლიკა დ. ს-ზე უფრო ადრე თუ არა, მისი შექმნის ხანაში მაინც უკვე არსებობდა.

დ. ს. სტილისტურ- იკონოგრაფიული თვალსაზრისით, ხანდისის, ბოლნისის, მცხეთის ჯვრის, ჟალეთისა და ბურდაძორის VI ს. სტელების მსგავსია. შარავანდში ჩაწერილი ქართ. ასომთავრული ანბანი სტელის სინქრონულია როგორც ლოგიკურად და კომპოზიციურად, ისე პალეოგრაფიულად: თითქმის ყველა გრაფემა, რ-იც V–VII სს- ში თავშეკრულად იწერებოდა, აქაც თავშეკრულია. დ. ს-ის ასომთავრული ანბანის სამ გრაფემას ("ჭ", "ტ", "კ") თავზე დასმული აქვს ე. წ. პატივის (ქარაგმის) ნიშანი, რითაც ხაზგასმულია მათი რიცხვითი მნიშვნელობა – 5320, რაც ქართ. ქორონიკონული სათვალავით ძვ. წ. 285/4 წელს მიუთითებს. ეს არის ქართ. საისტორიო ტრადიციის მიხედვით პირველი ქართვ. მეფის ფარნავაზის მიერ ქართ. დამწერლობის შექმნის თარიღი. ქართ. ასომთავრული ანბანის განდიდების კომპოზიციის ქვეშ, ჩარჩოთი შემოსაზღვრულ არეზე, გამოსახულია დიდებულთა სამოს- ში გამოწყობილი ორი მამაკაცი. მათი დგომა, ჟესტიკულაცია და მოძრაობის მიმართულება ამ სცენას აზრობრივად უქვემდებარებს ქართ. ანბანის განდიდების თემას. საერო პირები უშუალო კავშირში ჩანან ქართ. დამწერლობასთან.

დ. ს-ის განსაკუთრებულ ღირებულებას ქართ. კულტურის ისტორიისათვის ადასტურებს შემდეგი: 1. ხელთა გვაქვს უძველესი და სრული ქართული ანბანი "ანიდან" "ჰოემდე"; 2. დადასტურდა, რომ "ქებაQ და დიდებაQ ქართულისა ენისაQ" თავისი მთავარი სიმბოლიკითა და იდეით უკვე არსებობდა VI ს-ში და იგი გულისხმობდა როგორც ქართულ ენას, ისე დამწერლობას; 3. დ. ს-მ ასახა სხვა წყაროებით კარგად ცნობილი "ყოველი ქართლის" შეკრების, ქართ. სახელმწიფოებრიობის აღდგენის, პერიფერიებში ქართ. ენის გაბატონებისათვის ბრძოლის ხანა. სტელა თვითონ არის ამ ბრძოლის იდეოლოგიური ლოზუნგი; 4. გაირკვა, რომ VI ს. საქართველოში უკვე ცნობილი იყო ქართული 532-წლიანი ქორონიკონი და ეროვნ. დასაბამითგანი – 5604; 5. VI ს-ში ქართ. ასომთავრული ანბანი მიაჩნდათ ძვ. წ. 285/4 შექმნილად, რაც ზუსტად ემთხვევა XI ს. ავტორის ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზ მეფის მიერ ქართ. დამწერლობის შექმნის შესახებ.

ლიტ.: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი გ., ა ლ ე ქ ს ი ძ ე ზ., აღმოჩენა არაგვის ხეობაში, «კომუნისტი», 1985, 19 მაისი, # 115; მ ა ჩ ა ბ ე ლ ი კ., დავათის ქვასვეტის ადგილი ქართული პლასტიკური ხელოვნების განვითარებაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1991, #1; ნ ა რ ს ი ძ ე გ., დავათის ქვა-ჯვარი, «მნათობი», 1987, # 4, 8; პ ა ტ ა რ ი ძ ე რ., დავა- თის ქვა-ჯვრის ქართული ანბანი, იქვე, 1987, # 3; რ ა მ ი შ ვ ი ლ ი რ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება არაგვის ხეობაში, იქვე, 1986, # 8; წ ე რ ე თ ე ლ ი კ., სტელები სოფ. დავათის ღვთისმშობლის ეკლესიიდან, «ძეგლის მეგობარი», 1984, # 68. გ.აბრამიშვილი. ზ.ალექსიძე.