დავითგარეჯა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი. VI–XVIII სს
უდაბნოს მონასტერი. სატრაპეზო. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი. VI–XVIII სს.
შავი სენაკები. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი.

გამოქვაბული მონასტრების კომპლექსი, ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი და კულტურულ- საგანმანათლებლო კერა. მდებარეობს გარეჯის კლდოვან მთებში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), თბილისიდან სამხრ.-აღმით, 60–70 კმ -ზე, ისტ. კუხეთში. ეს მონასტრები "გარეჯის მრავალმთის ათორმეტ მონასტერთა" სახელითაც არის ცნობილი, თუმცა კლდეში ნაკვეთი მონასტრებისა და სადაყუდებულოების რაოდენობა მეტია. დღეისათვის მრავალმთაში 20-ზე მეტი ასეთი სავანეა აღრიცხული. დ. VI ს. I ნახევარში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ დავითმა (იხ. დავით გარეჯელი ), რ-მაც გარეჯაში თან მოიყვანა თავისი მოწაფე, ადგილ. მკვიდრი ლუკიანე. მათ დაისადგურეს ბუნებრივ მღვიმე-გამოქვაბულში, რამაც საფუძველი დაუდო პირველი მონასტრის – დავითის ლავრის დაარსებას; დროთა განმავლობაში იმატა ბერმონაზვნების რიცხვმა. ბუნებრივ გამოქვაბულთა უკმარისობის გამო ინტენსიურად მიმდინარეობდა საცხოვრ. სენაკების კლდეში გამოქვაბვა, გამოიკვეთა ფერისცვალების ეკლესიაც. დავით გარეჯელის სიცოცხლეშივე ლავრას გამოეყო ორი სამონასტრო განშტოება: დოდორქა (რ-იც დააარსა დავითის მოწაფემ, დოდომ ) და ნათლისმცემელი . ამავე ხანაში ჩაეყარა საფუძველისას. ცხოვრებას ბერთუბნის მონასტერში . პირველწყაროს მიხედვით ცნობილია ქ. რუსთავის მკვიდრის, წარჩინებული ბუბაქარის ზრუნვა დ-ის მატერ. კეთილდღეობაზე. დავითის დროს დ. ადმინისტრაციულად ეკუთვნოდა რუსთავის საერისთავოს, ეპარქიულად ემორჩილებოდა რუსთავის ეპისკოპოსს. შემდეგ პერიოდში ამ სამ სავანესთან თანდათან ყალიბდებოდა ახალ- ახალი გამოქვაბული მონასტრები და სადაყუდებულოები, რ-ებიც ქმნიდნენ თავისებურ გაერთიანებას "გარეჯის უდაბნოების" ან "გარეჯის ათორმეტთა უდაბნოთა" სახელწოდებით. გვიანდ. ფეოდ. ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რ-ებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. დასახლება გრძელდებოდა კილომეტრების მანძილზე. ცენტრი იყო დავითის მონასტერი, რ-საც აღნიშნული სახელწოდების გარდა, "ლავრას" და "დიდ უდაბნოსაც" უწოდებდნენ.

ილარიონ ქართველის (822–875) მოღვაწეობის დროიდან დ-ში დაიწყო დიდი სამონასტრო აღმშენებლობა, წარმოიქმნა მონასტრები და სადაყუდებულოები: თეთრი უდაბნო, მრავალწყარო (თეთრი სენაკები), შავი სენაკები, წამებული (ნათლისმცემლის წამებული), ბერთა მთა, დაყუდებული, ჩიჩხიტური, უდაბნო (აღდგომისა წამებული), განსაშორი (ვერან-გარეჯა, წითელი უდაბნო), წინწყარო, საბერეები (ზემო მაღაზანა), ბერების სერი (ქვემო მაღაზანა), პირუკუღმარი, სატორგე, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები, კოწახურა და სხვ.; გაფართოვდა და გამშვენდა ძვ. ეკლესიები; გამოიკვეთა ახ. ტაძრები; შეიქმნა კეთილმოწყობილი საცხოვრ. და სამეურნ. სათავსები; გაძლიერდა მეურნეობა და სხვ. XI ს. დასაწყისში დ. საქართვ. სამეფო კარის საკუთრება გახდა. ბაგრატ III-მ დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა ნათლისმცემელში.

XI ს. II ნახევარში დ-ს დიდი ზიანი მიაყენა მომთაბარე სელ- ჩუკიან თურქთა შემოსევებმა, რებმაც მდ. ივრის სანაპირო კუხეთი, მ. შ. დ-ის სანახები, საძოვრებად გადააქციეს. დავით IV აღმაშენებელმა იხსნა ეს მხარე გაუდაბურების საფრთხისაგან. 1115 მან თურქებისაგან გაათავისუფლა ქ. რუსთავი, ხოლო კახეთის სამეფოს შემოერთების (1104) შემდეგ დ. კვლავ სამეფო საკუთრებად აქცია. ამიერიდან მისი ქტიტორები გახდნენ საქართვ. მეფეები, რ-ებიც დ-ს პრივილეგიას ანიჭებდნენ (ათავისუფლებდნენ სახელმწ. გადასახადებისაგან და სხვ.). 1265 დ. და მისი მიმდებარე სოფლები ბერქა ყაენის მონღოლთა ლაშქარმა მოაოხრა. მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორდა დემეტრე II თავდადებულის ზეობისას მიღებული საგანგებო ზომების შედეგად. XIV ს. I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის დროს, დ. მძლავრ პოლიტ. და ეკონ. ძალად იქცა; უფროსი ბერმონაზვნები, მონასტრების წინამძღვრები მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობასა და ქვეყნის საეკლ. საქმე- თა მართვაში. XIV ს. უკანასკნელ მეოთხედში თემურლენგის მრავალგზის შემოსევის შედეგად დ-ში სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 ალექსანდრე I-მა მოშლილი დავითის ლავრა და დოდორქა, კუთვნილ ყმა-მამულთან ერთად, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო საყდარს შესწირა. ამის შემდეგ მონასტრებში სას. ცხოვრება მცირე მასშტაბით აღდგა. 1616–17 წლებში შაჰ-აბას I-ის მოლაშქრეებმა დაარბიეს დ-ის მოქმედი მონასტრები, რასაც მოჰყვა მათი გაუქმება. 1639 თეიმურაზ I-მა დ. ისევ აღადგინა, თუმცა შემდგომ კვლავ გაუქმდა. 1664–75 არჩილ II-მ აღადგინა დავითის ლავრა და ნათლისმცემელი. 1692 დავი- თის ლავრა ლეკებმა დაარბიეს და ბერები ამოხოცეს.

XVII ს. დასასრულიდან დაიწყო დ-ის პოლიტ. და კულტ.-ეკონ. აღორძინება, რ-იც უკავშირდება ენერგიული პიროვნების ონოფრე მაჭუტაძის წინამძღვრობის პერიოდს (1690–1736). ამ დროს დ-ის მონასტერმა შეიძინა მრავალი ახალი და დაიბრუნა ძვ. დაკარგული მამულები; გამოიკვეთა ეკლესიები, სატრაპეზოები, სენაკები, მარნები, სამეურნეო ქვაბები, აშენდა პალატები და კოშკები, თავდაცვისათვის – გალავანი და სხვ., განახლდა ლიტ. მუშაობა, გამდიდრდა ბ-კა. XVIII ს-ში დ-ის მონასტერი აღარ იყო საპატრიარქოს საკუთრება, იგი კვლავ სამეფო მონასტერი გახდა. 1772, 1791, 1851 და 1857 დ-ის მონასტერი ლეკებმა გაძარცვეს, ბერების ნაწილი ტყვედ წაიყვანეს, ნაწილი კი ამოხოცეს.

დ-ის მონასტრის სენიორიის ტერიტორია, "საგარეჯოდ" წოდებული, ძველთაგანვე მოიცავდა უშუალოდ მონასტრის ირგვლივ და მის მახლობელ რუსთავ-ყარაიის სანახებში მდებარე სოფლებს, რ-ებსაც უწყვეტად ებმოდა მდ. ივრის სანაპიროსა და ცივ-გომბორის მთის გადაღმა მხარეზე მდებარე სოფლები. გარეშე მტრების განუწყვეტელი შემოსევების შედეგად დ-ის სამფლობელო თანდათან შემცირდა. მაგ., როდესაც ალექსანდრე I-მა მონასტერი მცხეთას შესწირა, მისი მამულები მონასტრის ირგვლივ და მის მახლობელ რუსთავ-ყარაიის სანახებში უკვე გაველურებულგაუდაბურებული იყო. ამ დროს მონასტერს ეკუთვნოდა მხოლოდ მისგან საკმაოდ დაშორებული ცივგომბორის "მთას აქეთი და მთას იქეთი" ანუ "წინა-უკანა საგარეჯოს" ტერიტორია, რ-შიც შედიოდა შემდეგი სამფლობელო სოფლები: ორკოშინი, ბერთუბანი, თუალნი, გიორგიწმინდა, ტაზრები, არივლი, ვერონა, კეხთა, თოლეჯი, ხოდაშენი, ვანთა, აკურა, აკურის მონასტერი, კალაური, ნაპირა, ჯიმითი, ქვემო ხოდაშენი და ვეძისხევი. XVIII ს. დასასრულს დ-ის შემცირებულ სამფლობელოებში შედიოდა სოფლები: აკურა, ჟატი, ოსიაური (ერთი მეათედი ნაწილი), ცალკეული ყმა-გლეხები თვალზე – პატარძეულში, თბილისში და სხვ. დ-ის მონასტერში ინტენსიურად მიმდინარეობდა კულტ.-საგანმან. საქმიანობა. საუკუნეთა განმავლობაში იგი მძლავრი სალიტ.- საგანმან. და სამწიგნობრე კერა იყო. XII ს-ში იქ მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (მისი ბრძანებით შეადგინეს დავით გარეჯელის ცხოვრების I მეტაფრასული რედაქცია), დემეტრე I , კალიგრაფი ნიკოლოზ ნიკრაი (გადაწერა და ილუსტრაციებით შეამკო ორი ხელნაწერი). დ., როგორც სალიტ. კერა განსაკუთრებით დაწინაურდა XVII ს-იდან. დიდ წარმატებას მიაღწია XVIII ს-ში, იმ დროს, როდესაც იქ მოღვაწეობდნენ ს.-ს. ორბელიანი , ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი), ნ. ჩერქეზიშვილი, გ. ვახვახიშვილი, ანტონ I, რ. ერისთავი , ტ. გაბაშვილი, ა. მიქაძე, გაბრიელ მცირე და სხვ. გარეჯელი მწიგნობრები თხზავდნენ ორიგინ. ძეგლებს, ამრავლებდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების, ასკეტურ-მისტიკურ და ჰომილეტიკურ თხზულებათა კრებულებს და ა. შ. დ-ის მონასტრებ- ში დაცული იყო ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექცია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დ-ის სამხატვრო სკოლა, რ-ის შემოქმედებითი ცხოვრების ქრონოლ. დიაპაზონი IX–XVII სს. მოიცავს. გარეჯის სამხატვრო სკოლის მოხატულობის ნიმუშები უწყვეტად გვხვდება IX ს-იდან მოყოლებული XIII ს. ჩათვლით. ესენია: უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიისა (X–XI სს. მიჯნა) და სადიაკვნეს (X, XIII სს.), თეთრი უდაბნოს (სავარაუდოდ, IX ს.), ბერთუბნის სამარტვილეს (IX ს.), საბერეების (IX–X სს.), დოდორქის (IX, X, XIII სს.), უდაბნოს მონასტრის სატრაპეზოსა (XI ს. დასაწყისი, XIII ს. ბოლო) და ორმოცმოწამეთა ეკლესიის (XI, XIII სს.), ქოლაგირის (XIII ს.), ნათლისმცემლის მონასტრის დიდი და მცირე ეკლესიებისა და სამარტომყოფელოების (XI–XIII სს.), უდაბნოს მონასტრის სამარტომყოფელოთა (XII– XIII სს. მიჯნა), წმ. ნიკოლოზის (XIII ს.), ამაღლების (XIII ს. შუა ხანა), ხარების (XIII ს. ბოლო) ეკლესიების, ბერთუბნის მთავარი ეკლესიისა და სატრაპეზოს (XIII ს. I მეოთხ.) მოხატულობანი.

დ-ის სამხატვრო სკოლაში შექმნილ მოხატულობათა მაღალმხატვრულ ღირებულებასთან ერთად ყურადსაღებია მათი, ლიტერატურულ პირველწყაროს დაფუძნებული, ღრმა საღვთისმეტყველო იდეის მქონე პროგრამები, რ-ებიც სათავსთა ფუნქციის გათვალისწინებით (დიდი და მცირე ეკლესიები, სატრაპეზოები სამარტომყოფელოები) იქმნებოდა და სახარებისეული, საუფლო დღესასწაულების სცენების, წმინდან- თა ცხოვრების ვრცელი ციკლებისა და წმინდანთა, მოწამეთა, მეუდაბნოეთა ტრად. გამოსახულებების გარდა, მრავალ, იშვიათ იკონოგრაფიულ თემას შეიცავდა.

განსაკუთრებით ყურადსაღებია სამონასტრო მოხატულობებში წარმოდგენილი ადგილობრივ და ეროვნ. წმინდანთა ცხოვრების ამსახველი ვრცელი ციკლები – მონასტერთა დამაარსებლის, წმ. და ვით გარეჯელის ციკლი [უდაბნოს მთავარი ტაძრის სადიაკვნე (X ს.) და ძირითადი სივრცე (X–XI სს. მიჯნა); მოწამეთა (XI ს. დასაწყისი)] და საქართვ. განმანათლებლის, მოციქულთა სწორის წმ. ნინოს ციკლი [უდაბნოს მთავარი ტაძრის სადიაკვნე (XIII ს.)]. ეს იკონოგრაფიული პროგრამა წმ. ნინოს ჩვენამდე მოღწეულ ციკლთა შორის ყველაზე ადრეული ხანისაა.

სამონასტრო მოხატულობებმა ისტ. პირთა მრავალი საქტიტორო პორტრეტი შემოგვინახა, მათ შორისაა საეკლ. მოღვაწენი [საბერეები (IX, X სს.); უდაბნოს მთავარი ტაძარი (X–XI სს. მიჯნა)], მსხვილი ფეოდალები [უდაბნოს მთავარი ტაძარი (X–XI სს. მიჯნა), ქოლაგირი (XIII ს.)] და გაერთიანებული საქართველოს მეფეები: ბაგრატ III, დემეტრე I, დავით აღმაშენებელი, გიორგი III [ნათლისმცემლის მთავარი ტაძარი (XIII ს. დასაწყისი)], თამარ მეფე და ძე მისი გიორგი ლაშა [ნათლისმცემლის მთავარი ტაძარი (XIII ს. დასაწყისი), ბერთუბანი (XIII ს. დასაწყისი)], დემეტრე II თავდადებული [უდაბნოს ხარების ეკლესია (XIII ს. ბოლო)]. საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ საეკლ. რეფორმების შედეგად დ-ის სენიორია გაუქმდა, იგი ჩვეულებრივი შტატის დაწესებულებად იქცა. მონასტრის უძრავი ქონება XIX ს. შუა წლებიდან სახაზინო საკუთრებაში გადავიდა. ბერმონაზვნებს დარჩათ ადრე დანიშნული ხელფასი. XIX ს-ში დ-ს დიდი პატივი მიაგო მ. საბინინმა , რმაც შესწირა ძვირად ღირებული საეკლ. ინვენტარი და მარმარილოთი გაამშვენიერა წმ. დავითის, დოდოსა და 1851 წ. ლეკთა შემოსევის დროს დაღუპულ ბერმონაზონთა საფლავები. XX ს. 20-იან წლებში დ-ში სასულიერო ცხოვრება შეწყდა.

1924 დ-ის ტერიტორიის სამხრ. ნაწილი აზერბაიჯანის სსრ-ს გადაეცა, რის შედეგადაც უდაბნო, ბერთუბანი, წინწყარო და ჩიჩხიტურის სამხრ. ნახევარი საქართველოს სსრ-ის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა. 1948 დ-ის ტერიტორიაზე სსრკ-ის ამიერკავკასიის სამხ. ოლქის სასწ.-საარტილერიო პოლიგონი ამოქმედდა, რამაც ადგილობრივ მონასტრებსა და სადაყუდებულოებს დიდი ზიანი მიაყენა. 1988 საზოგადოების პროტესტის შედეგად დ-ში სამხ. სწავლების მასშტაბები შემცირდა, ხოლო 1991 საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ სასწ.-საარტილერიო პოლიგონი საბოლოოდ გააუქმა. XX ს. 80-იანი წწ. ბოლოს დავითის ლავრაში სამონასტრო ცხოვრება აღდგა, 2000-იდან კი სას. მოღვაწეობა ნათლისმცემელსა და დოდორქაშიც განახლდა.

ლიტ .: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი გ., დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში, თბ., 1972; დავითგარეჯის მონასტრები, ლავრა, უდაბნო, თბ., 2008; დავითგარეჯის მონასტრები, ნათლისმცემელი, ბერთუბანი, თბ., 2010; ვ ო ლ ს კ ა ი ა ა., დავით გარეჯის გამოქვაბული მონასტრების მოხატულობა, კრ.: კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, VIII. გარეჯი, თბ., 1988; თ ო დ უ ა თ., გარეჯა (მონასტერ- თა ლოკალიზაციისათვის), «ძეგლის მეგობარი», 1973, #31–32; ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; ს ხ ი რ ტ ლ ა ძ ე ზ., სამეფო კტიტორული პორტრეტი გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის მთავარ ტაძარში, «საბჭოთა ხელოვნება», 1983, #11; А м и р а н а ш в и л и Ш. Я., История грузинской монументальной живописи, т. 1, Тб., 1957; В о л ь с к а я А. И., Росписи средневековых трапезных Грузии, Тб., 1974; Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Пещерные монастыри Давид-Гареджи, Тб., 1948; Ш е в я к о в а Т. С., Монументальная живопись раннего средневековья Грузии. Альбом, Тб., 1983.

გ.აბრამიშვილი. ბ.ლომინაძე. ლ.მენაბდე. დ.მუსხელიშვილი.