დავითგარეჯის მოწამეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა ღ დ გ ო მ ა ს მ ო წ ყ უ ე ტ ი ლ ი მ ო წ ა მ ე ე ბ ი, აღდგომის დღესასწაულზე მაჰმადიანთა მიერ გარეჯის უდაბნოს მონასტრის აღდგომის ეკლესიასთან დახოცილი მოწესეები.

შუა საუკუნეებში გარეჯის სამონასტრო გაერთიანებაში არსებობდა ტრადიცია, რ-ის თანახმადაც დიდმარხვის შაბათს გარეჯის სხვადასხვა მონასტერში მოღვაწე ბერები უდაბნოს მონასტრის აღდგომის ეკლესიაში იკრიბებოდნენ და ერთად აღასრულებდნენ სააღდგომო ღმრთისმსახურებას, ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს გარეჯელ მოწესეთა კრებულს თავს დაესხა მაჰმადიანთა რაზმი. თავდამსხმელებმა მოწესეებს ქრისტიანობის დათმობა მოსთხოვეს, რაზედაც უარი მიიღეს. მაჰმადიანებმა ისინი ერთიანად ამოხოცეს. ერთი ნაწილი ეკლესიაში, მეორე კი – ეკლესიის გარეთ. შესაბამისი მასალის უქონლობის გამო დღეისათვის უცნობია, კონკრეტულად როდის მოხდა გარეჯელი მოწესეების მოწყუეტის (მოკვლის) ფაქტი, ვინ იყვნენ ის მაჰმადიანები, რ-ებიც თავს დაესხნენ გარეჯელ ბერებს, რამდენი მათგანი აღესრულა მაჰმადიანთა ხელით და სხვ. აღდგომას მოწყუეტილი მოწამეები საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხილნი. ხსენების დღედ დაწესებულია ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.

1692 წ ლ ი ს მ ო წ ა მ ე ე ბ ი, ლეკების მიერ წმ. დავით გარეჯელის ლავრაში მოწყუეტილი მოწესეები. 1692 დავით გარეჯელის ლავრას თავს დაესხა შეიარაღებული ლეკების რაზმი. თავდასხმის დროს წინამძღვარი ონოფრე მაჭუტაძე მონასტერში არ იმყოფებოდა, მის მაგივრად კი სამონასტრო საქმეებს შიო მღვდელმონაზონი განაგებდა. ლეკებმა შიო მღვდელმონაზონი, დავით მწირი, პავლე და, სავარაუდოდ, მონასტერში მყოფი სხვა ბერები წამებით დახოცეს. ერთ-ერთმა მოწესემ, გაბრიელმა გაქცევა სცადა, თუმცა ლეკებმა ისიც შეიპყრეს და მოკლეს. ისინი საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხილნი. ხსენების დღედ დაწესებულია 1(14) ივნისი.

1851 წ ლ ი ს მ ო წ ა მ ე ე ბ ი, ლეკების მიერ წმ. დავით გარეჯელის ლავრაში მოწყუეტილი მოწესეები.

1851 წ. 18 ივლისს წმ. დავით გარეჯელის ლავრას თავს დაესხა თექვსმეტი შეიარაღებული ლეკისაგან შემდგარი რაზმი. ლეკებმა მონასტერში მყოფი ჩვიდმეტი მოწესე ტყვედ შეიპყრეს და შვიდი მათგანი – გერონტი მღვდელმონაზონი, გერმანე მონაზონი, ბესარიონ მონაზონი, დიაკვანი სვიმონ ლომიძე, სერაპიონ მღვდელმონაზონი, მორჩილი მიხეილ ქართველიშვილი, დიაკვანი ოთარ ელიოზიშვილი წამებით დახოცეს. ისინი საქართვ. სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხილნი. ხსენების დღედ დაწესებულია 12(25) აგვისტო. წყარო: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 4, თბ., 1968, წგ. 6, თბ., 1980; მღვდელმონაზონი ისაკ. წამება წმიდათა მამათა, შემოკლებული ისტორია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ქართულ ხელნაწერთა H კოლექცია, #649; სპირიდონ გრძელიშვილი. აოხრება წმიდის დავით გარეჯის უდაბნოსა, ჟურნ.: "საქართველოს სასულიერო მახარებელი", I, ტფ., 1868. ლიტ. : ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I, თბ., 1966; მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, თბ., 1962; მ ი რ ი ა ნ ა შ ვ ი ლ ი ლ., აღდგომას წამებულ გარეჯელ ბერ- თა უცნობი ტიპის სამარტვილე (წმ. ელია წინასწარმეტყველის ეკლესიად ცნობილი ნაგებობის რეალური ფუნქციის დადგენისათვის), «ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები», VIII, თბ., 2008; ქ ა ვ თ ა რ ი ა მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965; ჯ ო ჯ უ ა თ., აღდგომას მოწყვედილ გარეჯელ მამათა „მარტვილობის“ მიხეილ საბინინის უცნობი რუსული რედაქცია, კრ.: საქართველოს სიძველენი, ტ. 9, თბ., 2006. თ.ჯოჯუა.