დავითის ლავრა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავითის ლავრა. VI–XVIII სს.

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. დააარსა დავით გარეჯელმა VI ს. 20-იან წლებში. თავდაპირველად დავითი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად უდაბნოს უკაცრიელი მთების ერთი ნაპრალის პატარა ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა. მალე მის ირგვლივ თავი მოიყარა მრავალმა ბერმა; დაიწყო ახ. ქვაბსადგომებისა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსების კლდეში კვეთა. ასე დაედო საფუძველი იმ მონასტერს, რ-იც შემდეგ ცნობილი გახდა დ. ლ-ის სახელწოდებით და რ-მაც საფუძველი ჩაუყარა უდაბნოს მრავალმთის მონასტრების – დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის – მშენებლობას (VI–XVIII სს.). VI ს-შივე რუსთავის ერისთავის, ბუბაქარის, დახმარებით კლდეში გამოკვეთეს ფერისცვალების ეკლესია, რ-იც შემდეგ დავითისა და ლუკიანეს განსასვენებელი გახდა. VII–VIII სს-ში დ. ლ-ის შესახებ არაფერია ცნობილი. 837–848 აქ მოღვაწეობდა ილარიონ ქართველი , რ-მაც საფუძველი ჩაუყარა ილარიონ ქართველის ფილიალის სახელით ცნობილ "სააზროვნო" (თეოლ.-ფილოს.) სკოლას. მისივე თაოსნობით შეიქმნა კლდეში ნაკვეთი ეკლესია-სატრაპეზოების ორიგინ. ხუროთმოძღვრული ტიპი, რ-იც კანონიკურად იქცა გარეჯის მონასტერთათვის და ხასიათდება "გარდამავალი ხანის" ხუროთმოძღვრების ნიშნებით. ასეთებია ილარიონის მიერ გაფართოებული ფერისცვალების ეკლესია და იოანე ღვთისმეტყველის XII ს. ეკლესია-სატრაპეზოები, რ-თა ერთი ნაწილი 1652 მოუხატავთ დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით: "ლუკიანე წველის ირმებს", "გველეშაპის დაწვა" (მხატვრობა აღარ არსებობს). XVII–XVIII სს-ით თარიღდება ლავრის რამდენიმე ეკლესია, საჟამნო, სენაკი და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი, მ. შ. აღსანიშნავია XVII ს-ში კახთა მეფე ალექსანდრე II-ის მიერ აგებული გეგმით მრგვალი 2 კოშკი, რ-თაგან ზედა, უფრო დიდი, ორსართულიანია; მეორე სართულზე, ბუხრიან ოთახში, მოხატულობის ნაშთია შემორჩენილი. მაღალი, ქვით ნაგები გალავნის მიმდებარე კლდოვან დამრეც ფერდობზე გამოკვეთილია წვიმის წყლის შესაკრები რთული სისტემა (არხები, წყალსატევები). არსებობს "დავითის ცრემლის" სახელით ცნობილი წყაროც. XVIII ს-ში, მას შემდეგ, რაც დავითგარეჯის წინამძღვრად ონოფრე მაჭუტაძე განაწესეს, დ. ლ-ში ბევრად გაუმჯობესდა სამონასტრო საქმიანობა. მან თავისი 40-წლიანი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლავრისა და საერთოდ გარეჯის ცალკეული სამონასტრო კომპლექსების განაშენიანებაში: ლავრას გალავანი შემოავლო ლეკთა თარეშისაგან თავდასაცავად; მასვე აუგია მონასტერში შესასვლელი – თაღებით გახსნილი ნაგებობა – სამრეკლო. იქვე, კლდის თავზე, აღმართულია სათვალთვალო კოშკი. დ. ლ. XVIII ს. მიწურულამდე მოქმედი მონასტერი იყო. XIX ს. შემდეგ კი მხოლოდ პილიგრიმთა მოსალოც ადგილად იქცა. დ. ლ. დღეს ისევ მოქმედია.

ლიტ .: Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Пещерные монастыри Давид Гареджи, Тб., 1948. გ.აბრამიშვილი.