დავით-ბეგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 1728), სომეხი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლი XVIII ს. I მესამედში. ვახტანგ VI-ის უფროსი ვაჟის – ბაქარის – პირადი გვარდიის ასისთავი. დ.-ბ-ის წინაპრები საქართველოში XVII ს. II ნახ- ში უნდა გადმოსახლებულიყვნენ აღმ. სომხეთიდან ლტოლვილთა დიდ ჯგუფთან ერთად. ერთ-ერთი სომხ. წყაროს მიხედვით, დ.-ბ-მა, წარმოშობით სომეხმა, მთელი სიცოცხლე გაატარა საქართველოში, სადაც "მოიპოვა დიდება, პატივი და მხედართმთავრის სახელი". XVIII ს. 20-იან წლებში ირან., ოსმ. და რუსეთის პოლიტ. ინტერესები ამიერკავკასიაში ერთმანეთს დაუპირისპირდა, რის გამოც ქართლის სამეფო, როგორც ერთადერთი რეალური ძალა, დიდ პოლიტ. ჭიდილში აღმოჩნდა ჩათრეული და ადგილობრივი ქრისტიანი ხალხების განმათ. ბრძოლის მეთაურობაც მასვე დაეკისრა. ირანელთა წინააღმდეგ მებრძოლმა აღმ. სომხეთის მოსახლეობამ, რ-ის მდგომარეობა ოსმ. აგრესიამ უფრო დაამძიმა, დახმარება ქართ. სამეფო კარს სთხოვა. 1724 ბაქარმა, რ-იც იმ დროს უკვე ამიერკავკ. განმათ. ბრძოლის მეთაურად იყო აღიარებული, ღაფანში თურქთა შეტევის მოსაგერიებლად მცირე რაზმით გაგზავნა დ.-ბ., რ-ის მეთაურობით 1724–25 ღაფანელმა სომხებმა ცალკეულ ბრძოლებში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო სომეხი ხალხის განმათ. ბრძოლის შემდგომ აღმავლობას. დ.-ბ. დაიღუპა თურქების წინააღმდეგ ბრძოლისას.

ლიტ .: მ ა ი ს უ რ ა ძ ე გ., ბაქარი და ამიერკავკასიის ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა XVIII ს. პირველი მეოთხედის დასასრულს, კრ.: ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976. გ.მაისურაძე.