დავით აღმაშენებლის ანდერძი შ ი ო მ ღ ვ ი მ ი ს ა დ მ ი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიპლომატიკური ძეგლი. ანდერძი შედგენილია 1123–24 დავით აღმაშენებლის შირვანზე ლაშქრობის წინ, როდესაც მეფე შიომღვიმის ლავრაში მისულა და წმინდა მამა შიოს გამარჯვებას შევედრებია. დავით აღმაშენებელს და არსენ ბერს უზრუნიათ მონასტრის მომავალზე და მეფის ბრძანებით არსენს ეს ანდერძი შეუდგენია. დ. ა. ა. შესრულებულია ნუსხახუცური დამწერლობით, ხოლო პირველი და ბოლო სტრიქონები – მხედრულით, სავარაუდოდ, დავით აღმაშენებლის ხელით. დავით IV აღმაშენებელს მრავალწლიანი ბრძოლა ჰქონდა ქართლის ფეოდალებთან, მუხრანისა და ზედაზნის მფლობელებთან ძაგანთან და მის ძმასთან მოდისტოსთან (დოკუმენტიდან არ ჩანს, თუ რომელი საგვარეულოს წარმომადგენლები არიან). 1103, როდესაც დავითმა ზედაზნის ციხე აიღო, მამა-მემღვიმეებმა (ბერები) ძაგანი შეიპყრეს და მეფეს გადასცეს. მადლიერმა მეფემ შიომღვიმის მონასტერს ამ ანდერძით დიდძალი ქონება და მრავალი ყმა-მამული უბოძა. არსენ ბერისა და მოძღვარ იოვანეს რჩევით დავითმა მონასტერს საგანგებო ტიპიკონი დაუწესა, ხოლო ძველი განუახლა და დაუმტკიცა. მისი ბრძანებით მონასტრის შუა ადგილას ააშენეს ღვთისმშობლის დიდი გუმბათოვანი ეკლესია (მოგვიანებით გივი ამილახვარმა ეს ტაძარი ხელახლა ააშენებინა, XIX ს-ში ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ იგი შეაკეთა და მოახატვინა). ამ დროს მონასტრის წინამძღვარი იყო მთავარი მამა-მემღვიმე მიქაელი. დ. ა. ა-ის მიხედვით შიომღვიმის მონასტერს სასამართლო შეუვალობა ადრე ჰქონდა მინიჭებული. დავითმა კი ეს შეუვალობა აღუდგინა. მეფემ ასევე განაახლა დროთა განმავლობაში დარღვეული შიომღვიმის სოფლებისათვის ნაბოძები ძვ. შეუვალობა-შეწირულობანი; დაამტკიცა და გადასახადებისაგან გაათავისუფლა შიომღვიმის მფლობელობა თბილისში. აღსანიშნავია, რომ დავითმა შიომღვიმე სამეფო მონასტრად აქცია და უშუალო მფარველად და პატრონად მწიგნობართუხუცეს- ჭყონდიდელი დაუნიშნა, რითაც მის ხელშეუხებლობას მეტი სიმტკიცე შესძინა. ამიერიდან მონასტრის უზენაესი პატრონი საქართვ. მეფე იყო. იგი მეფეთა სალოცავ მონასტერს წარმოადგენდა, თუმცა ეპარქიულად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა. ანდერძის მიხედვით, მონასტერს მეფის სათანადო პატივისცემით შეხვედრაც ევალებოდა სიმბოლური ძღვნით. დავითი თავის ანდერძში მწიგნობართუხუცეს- ჭყონდიდელს, არსენ ბერს და თავის ძეს დემეტრეს უბარებს შიომღვიმეში სამშენებლო საქმეების დასრულებას, იოანე (VI) კათოლიკოსის მიერ მის კურთხევას და სთხოვს მათ იზრუნონ ამ ანდერძის შესრულებაზე. დ. ა. ა. მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის მეფის მიერ ბედიელალავერდელის ინ-ტის დაარსების შესახებ. იგი ერთადერთი ისტ. საბუთია, საიდანაც ვგებულობთ ურჩი ფეოდალების – ძაგანისა და მოდისტოსის – მეფის წინააღმდეგ ამბოხის ამბავს. ანდერძში ვხვდებით ცნობებს სამონასტრო წესწყობილების, გამგებლობის, წესდება- ტიპიკონისა და მეურნეობის შესახებ. იგი მნიშვნელოვანი წყაროა სოც.-ეკონ., პოლიტ.-სახელისუფლო ტერმინების შესასწავლად. დაცულია ცნობები ისტ. გეოგრაფიაზე; დამოწმებულია მეფეთა, კათოლიკოსთა, ეპისკოპოსთა, დიდ თუ მცირე ფეოდალთა მონასტრისადმი შეწირულობების 40-ზე მეტი ძვ. შიომღვიმური საბუთი. პირველად ამ ანდერძის შესახებ ცნობა საზოგადოებას პ. იოსელიანმა მიაწოდა წიგნში "Описание Шиомгвимской пустыни в Грузии“ (Тфл., 1845). ჩვენამდე მოღწეულია დ. ა. ა-ის დედნის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი. 1919 მისი ძირითადი ნაწილი დაიწვა. ეს ფრაგმენტი 1923 დაუბრუნდა საქართვ. ცენტრ. არქივს. თუმცა არსებობს სრულ დედანზე დამყარებული გამოცემები, ასევე მისი ფოტოპირები (ამ ფოტოპირების დამზადებაში დიდი ღვაწლი ცნობილ ფოტოგრაფს ა. როინაშვილს მიუძღვის). ანდერძი რამდენჯერმეა გამოცემული.

პუბლ .: ჟ ო რ დ ა ნ ი ა თ., ისტორიული საბუთები შიომღვიმის მონასტრისა და "ძეგლი ვაჰანის ქვაბთა", ტფ., 1896; კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისათვის დაწერილი, ტფ., 1912; დ ო ლ ი ძ ე ი., ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 2, თბ., 1965; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი IX–XIII სს., ტ. 1, რედ. ნ. შოშიაშვილი, თბ., 1984; ს ი ლ ო გ ა ვ ა ვ., ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისადმი, თბ., 2003; Ж о р д а н и я Ф ., Завещание царя Давида Возобновителя, Тфл., 1895.

ლიტ .: გ ო გ ო ლ ა ძ ე ა., დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, თბ., 2001; ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., შიომღვიმე, თბ., 1953; ს ი ლ ო გ ა ვ ა ვ., დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი, «ჯვარი ვაზისა», თბ., 1989; ჭ უ მ ბ უ რ ი ძ ე ზ., დავით აღმაშენებლის ანდერძი, კრ.: მწიგნობარი, თბ., 1992; П у р ц е л а д з е Д., Грузинские церковные гуджары (грамоты), «Материалы для V археологического съезда»,Тфл., 1881. ა. გოგოლაძე.