დავით აღმაშენებლის ანდერ- ძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ე ლ ა თ ი ს ა დ მ ი, დიპლომატიკური ძეგლი. ანდერძი დათარი- ღებული არ არის. მეცნიერები ნ. შოშიაშვილი, ვ. სილოგავა, თ. ენუქიძე ამ საბუთს ათარიღებენ 1125-ის მომდევნო წლებით. ანდერძის მიხედვით, იგი დაწერილია დავით აღმაშენებლის ბრძანებით მეფის მოძღვრის – არსენის მიერ დავითის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსენ ბერი საბუთის შემდგენლად მოხსენიებულია მხოლოდ სათაურში, ხოლო სათაური გვიანდელია. რაც შეეხება ანდერძის შემდგენლის ვინაობას, საბუთში მოხსენიებულია მხოლოდ მეფის "მლოცველი ბერი", რ-ის ვინაობაც უცნობია. ანდერძით დავით აღმაშენებელი თავის ძეს დემეტრეს ტახტის მემკვიდრედ აცხადებს და უბარებს რიგი საქმეების აღსრულებას. საქმე ეხება თავისი ოჯახის, დედოფლის და შვილების პატრონობას, გელათისა და იქ არსებული საგვარეულო საძვალის კურთხევას. ამავე დროს მეფე თავის მემკვიდრეს ანდერძად უბარებს სხვა მონასტრებისა და მამულებისათვის სამეფო ხაზინიდან შესაწირავების გაცემას. დავითი თავის ანდერძში უფალს შესთხოვს მიწიერი ცოდვების მონანიებას და შენდობას, ხოლო დემეტრესათვის ამ დანაბარების შესრულებაში თანადგომას სთხოვს თავის მოძღვარს არსენ ბერსა და ქართლის კათოლიკოსს. აღნიშნული ანდერძის შესახებ ქართ. ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, თითქოს იგი ნაყალბევია და დავით აღმაშენებლის ბრძანებით არ არის შედგენილი. ამ მოსაზრების ავტორები ძირითადად ეყრდნობიან საბუთის დასაწყის ფრაგმენტს, სადაც, მათი აზრით, ჩანს, რომ ანდერძი დაწერილია მეფის გარდაცვალების შემდეგ: "...დამიტევა მე საწუთრომან და, დამძიმებული ცოდუათა სიმრავლითა, მწუხარედ განმიყუანა წინაშე მსაჯულისა". თუ დავითი გარდაცვლილია, მაშინ ვინ არის მისი შემდგენელი – არსენ ბერი თუ მეფის უცნობი მლოცველი ბერი? ავტორთა აზრით, ასეთ საბუთს, რა თქმა უნდა, იურიდ. ძალა არ ექნებოდა. ამავე დროს მას არა აქვს მეფის ხელრთვა, რაც ახლავს დავით აღმაშენებლის ანდერძს შიომღვიმისადმი. ეჭვს განსაკუთრებით აძლიერებს ის გარემოება, რომ დავითი ამ ანდერძით დემეტრეს უბარებს ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლას. კერძოდ, მეფე სთხოვს შვილს, რომ თუ "ვარგ იყოს ცუატაცა (აქ ლაპარაკია დემეტრეს უმცროს ნახევარძმაზე – ვახტანგზე) შემდგომად მისსა მეფე ყოს მამულსა ზედა". ეს, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობის პრინციპის დარღვევა იყო, რადგან, გაბატონებული ტრადიციის მიხედვით, ტახტი გადადიოდა მამიდან უფროს ვაჟზე და არა ძმაზე და ასეთ კანონდარღვევას დავით აღმაშენებელი არ დაუშვებდა, მით უმეტეს მეფისათვის ადვილი წარმოსადგენი უნდა ყოფილიყო, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა შემდგომში ამ პრეცედენტის დაშვებას. ამ მოსაზრებების ავტორთა ვარაუდით ეს ანდერძი ნაყალბევია. ისიც უნდა ითქვას, რომ ვახტანგმა მართლაც სცადა ტახტიდან დემეტრეს ჩამოგდება, რაც მისთვის სავალალოდ დასრულდა – იგი ძმამ სასტიკად დასაჯა. მიუხედავად ამისა, საბუთი მაინც მნიშვნელოვანია იმ ეპოქის საქართვ. ისტ. რიგი საკითხების შესასწავლად. ანდერძში ვხვდებით ქვეყნის პოლიტ.-გეოგრ. საზღვრების დახასიათებას: "ნიკოფსიითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე", რაც იმის მანიშნებელია, რომ დავით აღმაშენებლის მეფობის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო კავკასიური იმპერია იყო, რ-ის საზღვრები თითქმის მთელ კავკასიას მოიცავდა და დავით აღმაშენებელსაც ისტორიულ წყაროებში "ზღვიდან ზღვამდე" მპყრობელის სტატუსი ჰქონდა. დ. ა. ა-ის დედანი დაკარგულია. არსებობს XIX ს. 4 პირი. არსებულ პირებზე დაყრდნობით ანდერძი გამოსცეს მ. ბროსემ, მ. საბინინმა, თ. ჟორდანიამ, დ. ბაქრაძემ, ი. დოლიძემ. ბოლოს ეს ანდერძი შევიდა "ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის" I ტომში (თბ., 1984; რედაქტორი – ნ. შოშიაშვილი). ა. გოგოლაძე.