დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავტორი თხზულებისა "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი", რ-იც ძველი ქართული ისტორიოგრაფიის მწვერვალადაა მიჩნეული. დაწერილი უნდა იყოს XII ს. 30-იან წლებში. შესულია "ქართლის ცხოვრების" კრებულში. დ. ა. ი-ს გიორგი II-ის მეფობაც ჰქონდა მოკლედ აღწერილი, რათა მკითხველს ამ ორი მეფის (დავით აღმაშენებლისა და გიორგი IIის) მოღვაწეობის დაპირისპირებისა და შედარების საშუალება ჰქონოდა. როგორც ჩანს, დ. ა. ი. დავითის მოღვაწეობის თვითმხილველი, თანამედროვე და მასთან დაახლოებული პირი ყოფილა. მკვლევართა ნაწილის (ს.კაკაბაძე , კ.კეკელიძე , კ. გრიგოლია , ჯ. ოდიშელი) აზრით, ის უნდა იყოს არსენ ბერი , რ-იც დავითის ანდერძებში მეფის სულიერ და ხორციელ საქმეთა წარმმართველად იხსენიება (ნ. შოშიაშვილს დავითის სულიერ მოძღვრად იოანე მიაჩნია).

დ. ა. ი-ს ჩამოყალიბებული იდეები აქვს. მისი მსოფლმხედველობა პროვიდენციულია – ისტ. მოვლენები ახსნილი და განმარტებულია არა მათი შინაგანი კანონზომიერებით, არამედ განგების, ღმერთის ნებით.

ისტორიკოსი ჭეშმარიტად მეცნიერულ დონეზე აშუქებს დავით მეფის საზოგადოებრივ როლსა და მოღვაწეობის ხასიათს. განსხვავებით შუა საუკ. სხვა ისტორიკოსებისაგან, იგი მეფეს აკისრებს რთულსა და მძიმე მოვალეობას. მან კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოღვაწის პირად ღირსებას და საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომას. ამ მხრივ მეფენიც ერთნაირად ღირსეულნი როდი არიან: ზოგი "უმდაბლესია" და ზოგი – "უმაღლესი". მან იცის, რომ თვით უძლიერესი პიროვნებაც კი ყოვლისშემძლე არ არის და მისი მოქმედების სარგებლიანობა ქვეყნისა და ხალხის თანადროული მდგომარეობითა და საზ. პირობებით არის შეზღუდული (ი. ჯავახიშვილი). თუ დავითის ლაშქრობებს ისეთივე მსოფლიო რეზონანსი არ ჰქონია, როგორიც ალექსანდრე მაკედონელისას, ეს მხოლოდ ქართველების სიმცირით აიხსნებაო, თორემ "ქართველთა ოდენ სპითა ვერცარას ალექსანდრე იქმოდა კარგსა". ამავე დროს ისტორიკოსი მხოლოდ დავითის მოღვაწეობის მადიდებელი როდია, იგი მეფის უახლოეს გარემოცვაშია და აქტ. პოლიტ. მოღვაწეცაა. დ. ა. ი. ეკუთვნოდა ქართ. საზბის იმ იდეურ-პოლიტ. დასს, რ-ის საშინაო სამოქმედო პროგრამა იყო მთავრების პოლიტ. უფლებების შეზღუდვა, სახელმწ. და სამოქალაქო სამართლის მოწესრიგება, ქვეყნის ეკონ. და პოლიტ. წინსვლისათვის ხელის შეწყობა. დ. ა. ი-ის თხზულება პოლემიკური ხასიათის ნაწარმოებია, რ-იც ფართო საზ. აზრს გამოხატავს. მისი გაღიზიანებული კილო, მეთოდი და გეგმა მოწმობს, რომ დავითის ისტორია პასუხს სცემს "მაბრალობელთა" – მეფის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მათი ბრალდებების გაბათილებას თხზულების უკანასკნელი გვერდები ეძღვნება, მთელი ისტორია მაინც ისეა აგებული, რომ ავტორი თავიდანვე ამზადებს მკითხველს საამისოდ. დ. ა. ი. იყენებს ისტ.-შედარებით მეთოდს როგორც მეფის დასახასიათებლად, ასევე ეპოქათა შესაფასებლადაც. განსაკუთრებით უხვად სარგებლობს იგი ამ მეთოდით თავისი გმირის სიდიადის წარმოსაჩენად. მაშინ, როდესაც დიდებულები ამცირებდნენ დავითის პიროვნებას, ისტორიკოსი არა მარტო იცავს მეფეს, არამედ აღმერთებს, მის სწორსა და ღირსს ისტორიაში ვერ პოულობს. სომეხქართველთა საეკლ. პაექრობისას თვით ღმერთი ალაპარაკებულა დავითის პირით. "არსად აქამდე ქართულ საისტორიო მწერლობაში მეფის ხელისუფლება, მეფის უფლება, მეფის მოქმედება და მისი პიროვნება არ ყოფილა ღვთაებამდე ატანილი" (ნ.ბერძენიშვილი).

დ. ა. ი. მეფის ხელისუფლების შეუზღუდველობისა და ქვეყნის ცენტრალიზაციის მომხრეა. ძველ ქართ. ისტორიოგრაფიაში არავის გამოუმჟღავნებია ისეთი სიძულვილი მეფისა და ქვეყნის ორგული დიდებულებისადმი, როგორც მას. ამის სამაგალითოდ მეფეთა ორგული კლდეკარის ერისთავთა სახლის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი ზიზღიც იკმარებდა. ისტორიკოსი ყოველმხრივ ამართლებს დავითს, მაშინაც კი, როდესაც იგი უსასტიკეს ზომებს იყენებს ქვეშევრდომთა დასასჯელად, რადგან მისი აზრით, თურქთაგან სამშობლოს გამოხსნის დიდ საქმეს შეჭიდებული მეფის პოლიტიკა გამორიცხავდა რაიმე კომპრომისს, თუმცა მას მაინც ერთგვარ უხერხულობა- ში აყენებდა მეფის მიერ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები და შეგნებულად ცდილობდა მკითხველს ბოლომდე არ ჩაეხედა მათ მექანიზმში.

როგორც ჩანს, დ. ა. ი. სას. პირი, მონაზონია. იგი მაღალი სოც. წარმომავლობის არ უნდა იყოს, რასაც გვაფიქრებინებს მისი სიძულვილი მთავართა მიმართ. ეს ყველაზე საჩინოა მაშინ, როცა ისტორიკოსი რუისურბნისის საეკლესიო კრებაზე მოგვითხრობს. ის აღტაცებას ვერ ფარავს, რომ მეფემ დიდგვარიან აზნაურთა ნაცვლად მაღალი ზნეობრივი თვისებებით, ნიჭითა და უნარით დაჯილდოებულ პირებს გაუხსნა გზა მაღალი საეკლ. თანამდებობებისკენ (ისტორიკოსი გიორგი ათონელის საეკლ. რეფორმების მიმდევარი ყოფილა) და ეკლესია ცენტრ. ხელისუფლების საიმედო დასაყრდენად აქცია. დ. ა. ი. თვალს არ ხუჭავს იმ განუკითხაობასა და უსამართლობაზე, რ-იც დამახასიათებელი იყო ფეოდ.- ბატონყმური საზოგადოებისათვის. ის "დაჭირვებულთა" და "მიმძლავრებულთა" მიმართ "განკითხვასა" და "შეწევნას" დიდ საქებარ საქმედ უთვლის მეფეს. საგანგებოდ აღნიშნავს მეფის უხვი ქველმოქმედების ფაქტებს "გლახაკთა" მიმართ.

ისტორიკოსი დავითის საგარეოპოლიტ. კურსის, ანუ ქართვ. ხალხის განმათ. ომის აქტ. დამცველი და მხარდამჭერია. მისი სიტყვებით: დავითმა "ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკს და შეასაკუთრა ღმერთსა".

დ. ა. ი-ის მიერ მოთხრობილი ამბები ნდობას იმსახურებს, თუმცა ზოგჯერ (როცა სარწმუნოებრივი პოზიციებიდან აშუქებს ფაქტებს) ტენდენციურია. მაგ., უკიდურეს კონფესიურობას ამჟღავნებს ქართველ- სომეხთა სარწმუნოებრივი პაექრობის გადმოცემისას. სომხებს გამარჯვების შემთხვევაშიც ერთი სათხოვარი ჰქონიათ: "არღარა გვწოდდეთო მწვალებლად და არცა შეგუაჩუენებდეთ". ისტორიკოსი თვალს არ ხუჭავს "ქართველთა ნათესავის", მისი აზრით, თანდაყოლილ ეროვნ. ნაკლზე, რაც მისი წიაღიდან გამოსულ "განდიდებულთა" და "განსუქებულთა" "ბოროტ განზრახვათა" წადილში გამოიხატებოდა "თაUსთა უფალთა" მიმართ. ცხადია, ისტორიკოსი ცდება, როცა "მთავართა" განკერძოებულობისა და პარტიკულარიზმის ცდებს, რაც დამახასიათებელია საერთოდ ფეოდალთა ბუნებისათვის, მხოლოდ "ქართველთა ნათესავის" ეროვნ. ნიშნად მიიჩნევს. მაგრამ, მეორე მხრივ, საყურადღებოა, რომ ისტორიკოსს "ქართველთა ნათესავის" ორგ. წევრებად ყველა ქართველური ტომი ჰყავს წარმოდგენილი. ამდენად დ. ა. ი-თან "ქართველთა ნათესავის" ცნება და შინაარსი ფართო აზრით იხმარება და ეს არა მარტო მისი, არამედ მაშინდელი ქართვ. პოლიტ. და საეკლ.-კულტ. ასპარეზზე მოღვაწეთა შეხედულებად უნდა მივიჩნიოთ.

ისტორიკოსს მიზნად სიმართლის წერა აქვს დასახული, რისთვისაც მისი აზრით, საჭიროა მწერალს ხელთ ჰქონდეს საკმაო ოდენობით ნამდვილი, რეალური ფაქტები და საბუთები და ფლობდეს "რიტორობის ხელოვნებას". ამრიგად, დ. ა. ი. საისტ. ნაშრომების შინაარსისა და ფორმის შესატყვისობას მოითხოვს. მისი თხზულების მაღალ შინაარსობრივ- იდეურ მხარეს ეთანადება მისივე შესაფერი მხატვრული ფორმა, ყოველგვარი ზედმეტი დეტალისაგან თავისუფალი და გეგმის მხრივ მარჯვედ და თანმიმდევრულად გამართული. გარდა მშობლიურ კულტ. ტრადიციებში განსწავლულობისა, ავტორი ჩინებულად იცნობს აღმოსავლურ და ელინურ-ბიზანტ. კულტურას, რაც ნათლად ჩანს თხზულებაში მოცემული პოეტური შედარებებიდან და მხატვრული სახეებიდან.

დ. ა. ი. მწიგნობრობის დიდი მოყვარული და პატივისმცემელი ყოფილა. ამიტომ იგი საგანგებოდ უსვამს ხაზს თავისი გმირის მწიგნობრობით გატაცებას. ისტორიკოსის განათლებისა და ღრმა აზროვნების დასტურია მისი შეხედულება ისტ. მეცნიერებაზე. მას კარგად ესმის წარსული მიღწევებისა და გამოცდილების მნიშვნელობა, კერძოდ, მეცნიერების უდიდესი დანიშნულება აწმყოს შესწავლისა და მომავლის გათვალისწინების საქმეში. ისტორიკოსი აღტაცებულია იმით, რომ დავითმა გელათის მონასტერი როგორც სას. ცხოვრების, ისე სასწ.-სამეცნ. ცხოვრების ცენტრად "სხუად ათინად" აქცია. როგორც ჩანს, ავტორს განსაკუთრებით მოსწონდა ანტ.-ბერძნ. კულტურა. ამასვე მოწმობს თხზულებაში მოხსენიებული ელინელი ფილოსოფოსების, პოეტების, ისტორიკოსების, "ილიადისა" და "ოდისეის" გმირთა სახელები. თანახმად მაშინდელი ქართ.- ეროვნ. თვითშეგნებისა, ისტორიკოსმა მეფე დავითი მსოფლიოისტ. ასპარეზზე გამოიყვანა. მას კარგად აქვს წარმოდგენილი, რომ საქართვ. ძლიერი სახელმწიფოს შექმნა მსოფლიო-ისტ. აქტს წარმოადგენდა. მაშინ, როდესაც "ძალი ბერძენთა შემცირებულ იყო", ძლიერი საქართველო გამოვიდა ქრისტიანობისა და ქრისტ. კულტურის მედროშედ ახლო აღმოსავლეთში.

დ. ა. ი-ის თხზულებას ღირსებას მატებს მასში დაცული უხვი და სანდო ქრონოლ. ცნობები. ისტორიკოსს კარგად ესმის, რომ ყოველი ისტ. ფაქტი და მოვლენა ზუსტად უნდა იყოს დათარიღებული, რათა მკითხველმა სწორი ინ- 277 ფორმაცია მიიღოს და მთლიანობაში გააზრებით წარმოიდგინოს დავით მეფის მოღვაწეობის საბოლოო მიზანი. დ. ა. ი-ის სახით წარმოგვიდგება არა მარტო ერთ-ერთი თვალსაჩინო პიროვნება დავით აღმაშენებლის გარშემო დარაზმულ მოღვაწეთა შორის, არამედ თავისი დროის ნიჭიერი ისტორიკოსიც. მან დასახულ მიზანს დიდი წარმატებით გაართვა თავი; თუ ქართვ. ხალხმა დავითი სამშობლოს აღმაშენებლის სახელით უკვდავყო, ამაში თავისი წვლილი მის დიდ საქმეთა ღირსეულ წარმომჩენ და შემფასებელ ისტორიკოსსაც მიუძღვის. ამ მაღალი საზოგადოებრივი იდეების შემცველი საუცხოო ფორმის თხზულებით დასრულდა ფაქტობრივად ძვ. ქართული საისტ. მწერლობის საუკუნოვანი განვითარება. შემდგომში ამ მხრივ ახალი ბევრი აღარაფერი შექმნილა. გვიანდ. ისტორიკოსები, პირიქით, თვითონ განიცდიდნენ დ. ა. ი-ის ზეგავლენას.

წყარო

ქართლის ცხოვრება, ს.

ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ. : ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., დავით აღმაშენებლის ისტორიის თარიღისა და ხასიათის შესახებ, «ქართული ისტორიოგრაფია», 1971, ტ. 2; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., ძველი ქართული ლიტერატურა (V–XVIII სს.), თბ., 1954 (ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1); მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., დავით IV. – მეფე თამარი, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V–XVIII სს.), თბ., 1977 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8). ა.ბოგვერაძე.