დავით აღმაშენებლის მონეტა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
David IV agmashenebeli coins.jpg
დავით აღმაშენებლის მონეტა. სპილენძი. XII ს. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ბრიტანეთის მუზეუმი. ლონდონი.

მეფე დავით IV აღმაშენებლის სპილენძის მონეტა. მასა 10,73 გ . მონეტის შუბლზე წერტილოვან რკალში გამოსახულია წვეროსანი მამაკაცის ფიგურა ჯვრიანი სტემით (სამეფო თავსაბურავით), რომლიდანაც სახის ორივე მხარეს მარგალიტებიანი საკიდები პენდილიები ეშვება; ყელს შემოუყვება მსხვილი მძივების წყება; სამხრეებიც და კაბაც თვლებით არის შემკული; მარჯვენა ხელში სკიპტრა (გრძელტარიანი ჯვარი) უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო. ფიგურის ორივე მხარეს განთავსებულია ქართ. ასომთავრული წარწერა: დთ – მფ (დავით მეფე).

ხაზოვანი რკალით შემოსაზღვრული ზურგის ცენტრში, ოთხფურცლიან ბუდეში მოთავსებულია ტოლმკლავა ჯვარი, რ-ის მკლავების შემსხვილებულ ბოლოებზე თითო წერტილია დასმული. ჯვრის ბუდეს გარს შემოუყვება ქართ. ასომთავრული წარწერა: დთ–მფ–აფთ–ქ–რნ–კხთ– სხთ (დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა).

მონეტა მოჭრილი უნდა იყოს 1118 შემდეგ, როდესაც დავით აღმაშენებელმა ლორე აიღო და ტა- შირის (სომეხთა) სამეფო საქართველოს შემოუერთა. დ. ა. მ-ის ცნობილი ერთადერ- თი ეგზემპლარი დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში (ლონდონი). იგი 1857 ენისკილენის ჰერცოგმა უილიამ კოულმა ოსმალეთში ყოფნის დროს შეგროვილ სხვა აღმოსავლურ მონეტებთან ერთად გადასცა მუზეუმს.

ლიტ. : დ უ ნ დ უ ა გ., დ უ ნ დ უ ა თ., ქართული ნუმიზმატიკა, I, თბ., 2006; კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე თ., XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიიდან, თბ., 1980; L a n g D., Notes of Caucasian numismatics, «Numismatic Chronicle», 1957, vol. 17. თ.ქუთელია.