დავით დადიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით დადიანი.

(26. I. 1812, სოფ. ჭაქვინჯი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 30.VIII. 1853, გორდი), სამეგრელოს მთავარი 1846–53, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1845). მამამ – ლევან V დადიანმა – თავის სიცოცხლეშივე (1840-იდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა. დ. დ-ს მიღებული ჰქონდა ევრ. აღზრდა-განათლება. 1829–40 მსახურობდა ლაიბგვარდიის კაზაკთა პოლკში, სადაც პოლკოვნიკის წოდება მიიღო. სამთავროს სათავეში ჩადგომიდანვე ცდილობდა მმართველობის ახ. სისტემის შემოღებას. ამ მიზნით სამთავრო 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივანბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით. თავადაზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწვ. განვითარებაზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით 1848 სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რ-მაც ზუგდიდში გამართა აბრეშუმის საწარმო. მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქნები ზუგდიდსა და სალხინოში. დ. დ. მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეაგროვა ქართ. ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რ-იც შემდეგ მისმა შვილმა ნ. დადიანმა ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელ საზ-ბას გადასცა. დ. დ-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა პ. იოსელიანსა და მ. ბროსესთან . დაჯილდოებული იყო წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია მარტვილის მონასტერში, საგვარეულო აკლდამაში. წყარო: ბ ო რ ო ზ დ ი ნ ი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1854–1861, ტფ., 1934. ლიტ .: მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; მ ე უ ნ ა რ გ ი ა ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939. გ.კალანდია.