დავით უფლისწული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(1595– 1609), ქართლის მეფის გიორგი X-ის ძე. 1600 ოსმალების მიერ სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X-მ სიმონის გასათავისუფლებლად ძვირფასი გამოსასყიდით ელჩობა გაგზავნა სტამბოლში. მის შემადგენლობაში იყვნენ მცირეწლოვანი დ. უ. და მისი და გულჩარა . იმ დროს, როდესაც ქართველები სტამბოლში ჩავიდნენ, მდგომარეობა მეტად გართულდა: 1603 დაიწყო ირანოსმ. ომი, ქართლი და კახეთი ირან. მოკავშირეები იყვნენ. გულჩარამ სცადა ირან-ოსმალეთს შორის შუამავლობა გაეწია და ამით მიეღწია საწადელისთვის. ამავე დროს ქართველები შეეცადნენ დიდი გავლენის მქონე საფრანგეთის ელჩის დე სალენიაკის დახმარებით გაეთავისუფლებინათ სიმონი. 1609 წ. 2 ნოემბ. დე სალენიაკმა საფრანგეთის მეფეს აცნობა ეს ამბავი და ასე დაახასიათა ქართვ. უფლისწული: "ეს ახალგაზრდა ვაჟი ჯერ კიდევ არ არის 14 წლისა, მაგრამ მეტად ჭკვიანი და კეთილი ბუნებისაა". შემდეგ ელჩი იუწყებოდა, რომ იმ ხანებში ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს ესპანელი უფლისწული და როცა მას გამაჰმადიანება შესთავაზეს, იგი ადვილად დათანხმდა. ამით წახალისებულმა სულთანმა დ. უ-ის გამაჰმადიანებაც გადაწყვიტა, ძვირფასი ტანსაცმელი და საჩუქრები მიართვა მას, მაგრამ დ. უ-მა განაცხადა, რომ თავს მოიკლავდა და არ გამაჰმადიანდებოდა. დ. უ-ის შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტ .: ს ვ ა ნ ი ძ ე მ., ერთი ფურცელი საქართველო- თურქეთის ურთიერთობის ისტორიიდან (XVII ს.), «ცისკარი», 1967, #3; მ ი ს ი ვ ე, საქართველოოსმალეთის ისტორიის XIV–XVII სს. ნარკვევები, თბ., 1990. მ.სვანიძე.