დავით ქობაირეცი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქ ო ბ ე რ ე ლ ი (გ. 1205, ახპატი), შუა საუკუნეების სომეხი მოძღვარი, სასულიერო შინაარსის თხზულებათა ავტორი, ე. წ. "ჩრდილო მხარეთა სომეხ მოძღვართა" ერთ-ერთი მეთაური. იგი დაბადებულა სოფ. ქობერში (აქედან მომდინარეობს მისი გვარი), ახპატში მოღვაწეობის გამო მას ა ხ პ ა ტ ე ლ ი ც უწოდეს. 1951 მატენადარანის ხელნაწერთა ფონდში მიაკვლიეს საისტ. თხზულების შემცველ დ. ქ-ის მოსახსენებელს (სომხ. ჰიშატაკარანს), რ-შიც გადმოცემულია გიორგი III-ის წინააღმდეგ ორბელთა აჯანყების ამბავი. განსხვავებით სხვა სომეხი ისტორიკოსებისაგან (სტეფანოს ორბელიანი, ვარდან არეველცი და სხვ.), რ-ებიც თითქმის მთელი საუკუნითა და მეტით არიან დაცილებული ამ ნაშრომში აღწერილ ხანას, დ. ქ. ამბების თანამედროვე და თვითმხილველია, რამდენადაც ლორე-ახპატის რ-ნი აჯანყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო და მოვლენები სომეხი ბერის თვალწინ ვითარდებოდა, მისი ცნობები ორბელთა აჯანყების შესახებ უფრო სარწმუნოა და საინტერესო დეტალებითაც ავსებს სხვა ავტორთა ინფორმაციას. დ. ქ. საქართვ. მთლიანობისა და ხელისუფლების ცენტრალისტური პოლიტიკის დაცვის მომხრეთა დასს უნდა ეკუთვნოდეს. იგი ქართვ. დიდებულთა განზრახვას მეფის დამხობასა და სამეფოს გაყოფაზე, "ბოროტებას" უწოდებს, ხოლო სტეფანოს ორბელიანის მტკიცებას, თითქოს ორბელნი დემნა-დემეტრეს კანონიერი უფლების დასაცავად იყვნენ გამოსული, არ იზიარებს. პირიქით, მისი რწმენით, დიდებულებმა გადაიბირეს უფლისწული და იგი თავიანთ მედროშედ აქციეს. პოლიტ. მოვლენების ეს ჯანსაღი შეფასება განპირობებული უნდა იყოს არა მარტო სომეხი ბერის სოც. წარმომავლობით (ამ ნიშნის მიხედვით, იგი აჯანყებულებში თანამოძმეებს ვერ ხედავდა), არამედ საერთო კულტ.-პოლიტ. ინტერესებითაც. მხოლოდ ერთიანი და ძლიერი საქართველოს პირობებში იქნებოდა შესაძლებელი ქვემო ქართლში აღმოცენებული სომხ. სწავლაგანათლების, სამეცნ., ლიტ. და სამონასტრო ცენტრების შენარჩუნება და მათი შემდგომი განვითარება. ლიტ .: მ ა ი ს უ რ ა ძ ე გ., ერთი სომხური წყარო დემნა უფლისწულის აჯანყების შესახებ, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; მ ე ლ ი ქ ს ე თ - ბ ე გ ი ლ., "ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი" და მათი ვინაობა. სომეხ-ქართველთა ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, ტფ., 1928. გ.მაისურაძე.