დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწა-წყალი, რომელიც ტაოს მეფის დავით IIIის ანდერძის თანახმად ბიზანტიის იმპერიას უნდა გადასცემოდა და რ-ის გამოც შემდგომ ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის. დავით IIIის სამემკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა იმიერტაო ჩრდ. ბასიანითურთ. 979 აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტ. ხელისუფლებამ დავით III-ს გადასცა "ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი, რაQთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ" (გიორგი მთაწმიდელი). XI ს. სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) ცნობით, ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტო-არიჭი და მასთან მდებარე კლისურა დას. ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდ. ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით, ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდ. არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები, აღმ. ევფრატის ხეობაში. ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნების სამემკვიდრეოდ შენარჩუნების მიზნით დავით III დაუკავშირდა იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას, მაგრამ მისი დამარცხების შემდეგ (989) იძულებული გახდა ბასილი კეისრისათვის პატიება ეთხოვა და დათანხმებულიყო, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სამფლობელოები ბიზანტიის იმპერიას შეერთებოდა. მკვლევართა შორის არ არის თანხმობა იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნები უნდა გადასცემოდა იმპერიას ამ დათმობის შედეგად. ერთნი ფიქრობენ, რომ აქ მხოლოდ "ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი" უნდა იგულისხმებოდეს. სხვების აზრით, დავით III-მ მთელი თავისი სამფლობელო იმპერატორს უანდერძა. ამ ვერსიებიდან მეორე მოსაზრება უფრო სწორი უნდა იყოს, რადგან "ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი" მას ისედაც დროებით, მხოლოდ სიცოცხლის განმავლობაში გადაეცა სამფლობელოდ. წყარო: გ ი ო რ გ ი მ თ ა წ მ ი დ ე - ლ ი, ცხორებაQ იოვანესი და ეფთUმესი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967; Всеобщая история Степаноса Таронского, Асохика по прозванию..., пер. с арм. Н. Эмина, М., 1864. ლიტ .: კ ო პ ა ლ ი ა ნ ი ვ., საქართველოს და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969. ა.ბოგვერაძე.