დავით V

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მეფე 1155, დემეტრე I -ის უფროსი ძე. უფლისწულობაში დიდებულ აზნაურთა ერთი ჯგუფის მხარდაჭერით შეთქმულება მოაწყო დემეტრე I-ის წინააღმდეგ, რ-საც უმცროსი ვაჟის – გიორგის გამეფება სურდა. თავდაპირველად დავითის ცდა მარცხით დამთავრდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია საწადელს. დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. 6 თვის მეფობის შემდეგ დ. V გარდაიცვალა და ტახტზე კვლავ დემეტრე I ავიდა, რ-მაც ტახტის მემკვიდრე გიორგი (შემდგომ გიორგი III ) თანამოსაყდრედ დაისვა.

ლიტ .: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მ ი ს ი ვ ე, დავით IV, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

დავით V

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი 1466–79. გაერ- თიანებული ქართ. სახელმწიფოს ბოლო კათოლიკოს-პატრიარქი. იბრძოდა ეკლესიური ერთიანობის შენარჩუნებისა და მცხეთის საპატრიარქო მფლობელობის აღდგენისათვის. მისი კათოლიკოსობის დროს ბაგრატ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს სოფ. დიღომში მცხოვრები გლეხები თავთავიანთი მამულებით, კახეთის მეფე ალექსანდრემ კი 1479 – ვეჟინისპირა სოფლები (ახალშენი და თორღიანი), ხოლო დავით ქაჩიბაძემ განუახლა სვეტიცხოველს სოფ. ყორანთის 1428 წლის შეწირულობა.

დ. V-ის პატრიარქობის დროს დას. საქართველოში მყოფმა ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქმა მიქაელმა აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი მთავარეპისკოპოსი იოაკიმე და შექმნა ე. წ. ,,მცნებაQ სასჯულოQ", რაც ხელს უწყობდა პოლიტიკურად დაშლილი საქართველოს ეკლესიურ გათიშვასაც. საეკლ. სეპარატიზმმა, როგორც ჩანს, თავი იჩინა კახეთშიც, ვინაიდან 269 პატრიარქს ერთგულების წიგნს აძლევენ ალავერდელი ეპისკოპოსი გაბრიელი და სხვა უცნობი პირები, რ-ებიც პირობას დებენ, რომ არ უორგულებენ მას და არც სხვა ბერსა თუ მონაზონს ინდომებენ კათოლიკოსად.

წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ .: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). ზ.აბაშიძე.