დავით VII

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უ ლ უ (გ. 1270), საქართველოს მეფე 1247–70, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი. დაახლ. 1236 (1237) რუსუდან მეფემ ტახტის შესაძლებელი პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულ თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზავნა. სულ- თანმა ბორკილებგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია. მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლ. 1242–43) დ. განთავისუფლდა. უმეფობის ხანაში ქართვ. დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გიორგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა ადგილ. ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლ. 1245 (1246) ტახტის ახ. კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. 1246 ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად, დიდი ყაენის კარზე ერთდროულად საქართვ. სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და, შესაბამისად ამისა, ქართვ. დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა. დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართ. სახელმწ. სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართ. სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლური სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღ. სამართალი არ განარჩევდა კანონიერსა და უკანონო შვილებს, უპირატესობას უფროს შვილს ანი- ჭებდა). 1247 გუიუქ-ყაენმა ორივე დავითი მეფედ დაამტკიცა. 1248 (1249) დ. VII დავით VI-თან ერ- თად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259-მდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.

1256-იდან საქართველო ილხანთა, ანუ ჰულაგუიანების სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ილხანთა ბატონობის ხანაში კიდევ უფრო დამძიმდა გადასახად-გამოსაღებელი, რის შედეგადაც 1259 აჯანყებამ იფეთქა. მას სათავეში დავით VI ჩაუდგა (იხ. მონღოლ- თა ბატონობა საქართველოში ). ამ აჯანყების დროს ჰულაგუ-ყაენმა დ. VII-ს ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მოსთხოვა. მეფემ არ შეასრულა ყაენის მოთხოვნა და 1260, როდესაც 1259 აჯანყება უკვე დამცხრალი იყო, აჯანყდა. აჯანყებულთა მთავარი დასაყრდენი სამცხე იყო. ახალდაბასთან ბრძოლაში ყაენის სარდალმა არღუნ-ნოინმა დაამარცხა დ. VII-ისა და სამცხის სპასალარის სარგის I ჯაყელის მცირერიცხოვანი ჯარი. აჯანყება მაინც გრძელდებოდა: 1261 მაისში ყაენის ბრძანებით არღუნი დიდძალი ჯარით კვლავ შევიდა სამცხეში, მაგრამ დ. VII-ის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, ვერც ჯაყელთა რეზიდენცია – ციხისჯვარი აიღო და ივნისში უკან გაბრუნდა. მიუხედავად ამისა, დ. VII იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და ქუთაისში დავით VI-თან გადასულიყო. მონღოლებმა ლიხთიმერეთში გადასვლა ვერ გაბედეს და ბრძოლა შეწყვიტეს. დას. საქართვ. დიდებული ფეოდალები დ. VII-ისა და დავით VI-ის მომხრეებად გაიყვნენ. ამასობაში მონღოლებმა აღმ. საქართველოში მეთვალყურედ დასვეს ვინმე შადინი და მას მმართველად დანიშვნასაც უპირებდნენ, რაც აღმ. საქართვ. სრული დაპყრობის მომასწავებელი იქნებოდა. ასეთ პირობებში დ. VII მონღოლებს შეურიგდა, თბილისში დაბრუნდა და 1262 სარგის ჯაყელთან ერ- თად ჰულაგუსთან გაემგზავრა. დ. VII-ის საქმის გამოძიების დროს ყაენს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ დაძრულიყო ოქროს ურდოს ყაენი ბერქა. ჰულაგუმ გამოძიება შეწყვიტა, დ. VII საქართველოში დააბრუნა და ჯარით ხლება უბრძანა. 1263 ბერქასთან ბრძოლაში დამარცხებულმა ჰულაგუმ შირვანში სიბა ააგო ოქროს ურდოს შემოსევათა შესაკავებლად. ამ დროიდან აღმ. საქართვ. მეფე ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე ლაშქრით სიბაზე გადიოდა. 1265 დ. VII საქართვ. ჯარით აბაღაყაენის ლაშქარში იბრძოდა ბერქას წინააღმდეგ.

დ. VII-ის დროს ქვეყანა ეკონ. კრიზისმა მოიცვა. მეფისა და მწიგნობართუხუცეს ბასილი უჯარმელ- ჭყონდიდელის აგრარულმა პოლიტიკამ – საეკლ. მამულების ფეოდალებისათვის გადაცემამ – ვერ აღადგინა ფეოდალთა მიწათმფლობელობის ადრინდ. სიმტკიცე. საქართველოში ფეხს იკიდებდა მონღოლური წესები. 1266 საქართვ. სამეფოს გამოეყო სამცხე, რ-იც უშუალოდ ყაენს დაექვემდებარა. ამრიგად, XIII ს. 60- იანი წლებისათვის საქართველო ფაქტობრივად დაყოფილი იყო სამ პოლიტ. ერთეულად (აღმ. საქართველო, სამცხე და დას. საქართველო). ლიტ . იხ. სტ-თან დ ა ვ ი თ VIII. ვ.გუჩუა.