დავით VIII

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(დაახლ. 1273/74– 1310), საქართველოს მეფე 1293– 1310, დემეტრე II თავდადებულის ძე. 1284-იდან იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. 1289 დემეტრე II-მ ილხანთა ურდოში წაიყვანა. 1291 ათაბაგი ხუტლუბუღა შეეცადა ვახტანგ II-ის (დავით VI-ის ძე) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291/92 მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დ. VIII მეფედ დაამტკიცა. დ. VIII ფაქტობრივად აღმ. საქართვ. მეფე იყო, დას. საქართვ. კი კონსტანტინე I , დავით VI ნარინის ძე, განაგებდა. დ. VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1295 მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან. იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი 1295–1304) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა. 1297 დ. VIII ყაზანყაენმა ურდოში იხმო. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა. დ. VIII-მ ყაზანის წინააღმდეგ პოლიტ. კავშირი შეს- თავაზა ოქროს ურდოს ყაენს – მას თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა ელჩად და ირანში შესასვლელი უმოკლესი გზის (დარიალი) მიცემას დაპირდა. ამ კავშირის ჩაშლის მიზნით, ყაზან-ყაენი შეეცადა დაზავებოდა დ. VIII-ს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ყაზანმა ჯარები გამოგზავნა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად. როცა ამ გზი- თაც ვერაფერს გახდა, 1299 მეფედ დაამტკიცა დ. VIII-ის უმცროსი ძმა გიორგი (შემდგომ გიორგი V ბრწყინვალე).

მონღოლთა განუწყვეტელი შემოსევები ქვეყანას ანადგურებდა. დ. VIII-ის მომხრე მსხვილ ფეო- დალთა ნაწილი დარწმუნდა, რომ ბრძოლის გაგრძელება უაზრო იყო და ყაენს დამორჩილდა. დ. VIII კვლავ მთიულეთში გამაგრდა და საქართვ. იმ მხარეებს არბევდა, რ-ებიც ყაენის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. მალე დ. VIII თავის ძმას ვახტანგსაც გადაემტერა. ვახტანგი იძულებული გახდა ყაენს ხლებოდა. 1302 ყაენმა იგი საქართვ. მეფედ დაამტკიცა (იხ. ვახტანგ III ) დიდი სამხ. ძალის მიუხედავად, მონღოლებმა ვერ შეძლეს მთიულეთში შესვლა, რამაც მათ ძლევამოსილებას სახელი გაუტეხა. მაგრამ მონღოლთა ლაშქრის ყოველწლიურმა თარეშმა აღმ. საქართველო ააოხრა. ბრძოლებს შიმშილი მოჰყვა, რამაც ქართლის მოსახლეობა იძულებული გახადა სამცხეში გახიზნულიყო. წყარო: ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959. ლიტ .: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). ვ.გუჩუა.