დალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული მითოლოგიური პერსონაჟი; ნადირობის ქალღვთაება, ნადირთ პატრონი. მიეწერებოდა "წმინდა" ნადირთა (ჯიხვი, არჩვი, ირემი და სხვ.) გამრავლებისა და მფარველობის ფუნქცია, დახოცილი ნადირის აღდგენა- გაცოცხლების უნარი; შეეძლო მონადირისათვის ხელის მომართვაც და ზიანის მიყენებაც. მისი სამიჯნურო კავშირი რჩეულ მონადირეებთან, რაც მონადირეთა ღალატის შემთხვევაში მათი დაღუპვით მთავრდებოდა, ხელს უწყობდა ნადირთა ნაყოფიერებაგამრავლებას და მონადირის წარმატებას უზრუნველყოფდა.

რწმენა-წარმოდგენები დ-ის შესახებ განსაკუთრებით ცოცხლად იყო შემონახული სვანურ მითებში, რ-თა მიხედვით იგი ოქროსთმიანი ქალის სახით მიუვალ კლდეებში ბინადრობს. სვანთა წარმოდგენით, არსებობს როგორც ერთი ღვთაება დ., ისე მრავალი დ., რ-თაც იგივე ფუნქცია აკისრიათ. დ-ის კულტი გავრცელებული იყო კავკ. სხვა ხალხებშიც. ვეინახების უმაღლეს ღვთაებას, საერთოდ ღმერთს, საკულტო ობიექტს თუ მის სამლოცველოს "დელა", "დესლა" ანუ "დსალი" ეწოდებოდა. ვარაუდობენ, რომ რელიგიის განვითარების ასტრალურ საფეხურზე დ. მთიებს, კერძოდ, ცისკრის ვარსკვლავს დაუკავშირდა. დ-ის სახე გვხვდება ქართ. ზეპირსიტყვიერების სხვადასხვა ჟანრში. ქართულ ფოლკლორისტიკაში არსებობს მოსაზრება, რომ დ. მატრიარქატის ეპოქის ღვთაება იყო, შემდეგ კი ბოროტი ალის თვისებები შეიძინა.

ლიტ.: ბ ა რ დ ა ვ ე ლ ი ძ ე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953; ვ ი რ - ს ა ლ ა ძ ე ე., ქართული სამონადირეო ეპოსი, თბ., 1964; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ი., ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბ., 1986. თ.ოჩიაური.

დალი

ისტორიული მხარე აფხაზეთში, მდ. კოდორის ზემო წელ- ში. დ., რ-საც აფხაზეთის სვანეთსაც უწოდებენ, გეოგრაფიულად მკაფიოდ შემოსაზღვრული მხარეა. მას ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთავარი ქედის მონაკვეთი საზღვრავს, რ-საც გეოგრაფები პირობი- თად აფხაზეთის კავკასიონს ეძახიან. დ. ჩრდ.-დას-ით კავკასიონის მთავარი ქედის გვერდით შტოს – ჩხალთის ქედს, ხოლო აღმ-ით – სვანეთ-აფხაზეთის ქედს ემიჯნება. საკუთრივ კოდორის ხეობაში დ. ბაგადას ვიწროებამდე ვრცელდება.

დ-ის სოფლები მდ. კოდორის და მისი სათავეების – საკენისა და გვანდრის ნაპირებზეა განლაგებული. საკენის ხეობის ყველაზე მაღალი სოფელია საკენი, მის ქვემოთ მდებარეობს სოფ. ომარიშარა. მდ. გვანდრის ხეობაში გაშენებულია სოფ. გვანდრა, საკუთრივ მდ. კოდორის ნაპირებზე კი – სოფლები: მარჯვენა გენწვიში და მარცხენა გენწვიში , ზემო აჟარა და ქვემო აჟარა, ჩხალთა , მარჯვენა პტიშიდა მარცხენა პტიში , შაბათკვარა , ქვაბჩარა , ლათა და ზემო ლათა.

დ. არქეოლ. მონაცემებით ჯერ კიდევ ადრინდ. ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული. ამ დროიდან მის მოსახლეობას ქართველური მოდგმის ტომები (სვანები) შეადგენდნენ. ანტ. ხანაში იგი ეგრისის (კოლხიდის, ლაზიკის) სვანეთის საერისთავოში შედიოდა. VI–VII სს-ში დ. მისიმიანეთის სახელწოდებით ცალკე ადმ.-ტერ. ერთეულს წარმოადგენდა, რ-საც უშუალოდ ეგრისის (ლაზიკის) სამეფო კარი მართავდა. VIII–X სს-ში დ., როგორც სვანეთის საერისთავოს ნაწილი, აფხაზთა, ხოლო XI–XII სს-ში ერთიანი საქართვ. სამეფოში შედიოდა. დ-ის ხეობა მარუშიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.

XV ს. II ნახ-ში, ჩრდილოეთიდან განხორციელებული შემოსევების შემდეგ, დ. ქართ. მოსახლეობისაგან ნელ-ნელა დაიცალა და მათი ადგილი თანდათანობით ჩრდ. კავკასიიდან გადმოსულმა მთიელებმა დაიკავეს. ამის მიუხედავად მარუშიანთა საგვარეულომ დ-ში ხელისუფლება შეინარჩუნა, თუმცა თანდათანობით გააფხაზდა და მარშანიას (აფხაზურად – მაანის) გვარსახელი მიიღო.

XVII–XVIII სს-ში დ. მარშანიების საგვარეულოს გამგებლობაში და, ფაქტობრივად, სამთავრო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი იყო. ასეთი ვითარება XIX ს-ის დასაწყისში რუს. მიერ დას. საქართვ. დაპყრობის შემდეგაც დაახლოებით სამი ათეული წელი გაგრძელდა. 1837 მაისში რუს. ხელისუფლებამ დ. და წებელი (წებელდა) იარაღის ძალით დაიმორჩილა და იქ უშუალოდ რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა წებელდის საბოქაულო, რ-შიც დ. გააერ- თიანეს. 1840–41 იფეთქა აჯანყებამ. რუს. ხელისუფლებამ აჯანყება ჩააქრო და დ-ის მოსახლეობა – 500 კომლი – წებელდაში გადაასახლა, თუმცა მათი ერთი ნაწილი მალევე უკან დაბრუნდა. დარჩენილ ტერიტორიებზე ჩრდ. კავკასიის მთიელები გადმოსახლდნენ. 1867, აფხაზთა ანტირუსული აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, რუს. ხელისუფლებამ დაიწყო ოსმ. იმპერიაში აფხაზების მასობრივი გასახლება (იხ. მუჰაჯირობა ), რის შემდეგაც დ. მოსახლეობიდან მთლიანად დაიცალა. XX ს-ის დასაწყისში დ-ში ხუთი საუკუნის წინ გამოძევებული ქართ. მოსახლეობა დაბრუნდა.

1921–91 დ. აფხ. ავტონ. რესპ. საზღვრებში იყო და თავდაპირველად სოხუმის, შემდეგ კი გულრიფშის რ-ნში შედიოდა. 1993- იდან, აფხაზეთში სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ, 15 წლის მანძილზე დ. აფხაზეთის ერთადერთი რეგიონი იყო, რ-იც საქართვ. ხელისუფლების იურისდიქციას ემორჩილებოდა. რუსე- თის აგრესიის შედეგად 2008 აგვდან დ. ოკუპირებულია რუს. ჯარების მიერ. ლიტ .: Л а в р е н т ь е в, Статистическое описание Кутаисского генерал-губернаторства, СПб., 1858; М а е в с к и й В. Т., Кутаисская губерния. Военно-статистическое описание, Тфл., 1896. თ.ბერაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დალი&oldid=2182-დან“