დამოუკიდებელი საქართველო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაზეთი "დამოუკიდებელი საქართველო". 1926–39. პარიზი.

("La Géorgie Indépendante"), ყოველთვიური ქართულენოვანი გაზეთი, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანებული ფრონტის ორგანო. გამოდიოდა პარიზში 1926–39 (#1–159) წლებში. იბეჭდებოდა გაზეთის ფორმატზე 4 გვერდად (ზოგჯერ 8 გვერდადაც), 1928-იდან 1939- მდე კი (#25–159) გამოდიოდა 16-გვერდიანი ჟურნალის სახით. გაზეთის რედაქტორები იყვნენ ცნობილი ქართვ. პოლიტიკური და ეროვნული მოღვაწეები: ი. გობეჩია , გ. ურატაძე და ს. ფირცხალავა. გაზეთთან თანამშრომლობდნენ ქართვ. და უცხოელი ავტორები: ნ. ჟორდანია , გ. გვაზავა , ი. გობეჩია, შ. ამირეჯიბი , ს. ფირცხალავა, ნ. რამიშვილი, ალ. ასათიანი , მიხ. წერეთელი , ი. კეჭაყმაძე, ნ. ჭუმბურიძე, ე. შტრაუსი, რ. მაკდონალდი, ე. ბერშტეინი, ა. რენბერგი და სხვ.

"დ. ს-ს" პროგრამა, მიზანი და მიმართულება ასახულია 1926 წლის #1-ში გამოქვეყნებულ მოწინავე წერილში – " დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ი ს ა კ ე ნ " . "მთლიანი ფრონტით დამოუკიდებლობისაკენ!" – ამ სამი სიტყვით ამოიწურება გაზეთის დანიშნულება და მიზანი. გაზეთში გამოქვეყნებული მასალები თემატურად შემდეგნაირად იყოფა: მოწინავე სტატიები, წერილები, საქართველოს საკითხის გარშემო, კავკასია, კორესპონდენციები, ქართველები უცხოეთში, საქართველოს ამბები, უცხოეთი, ბიბლიოგრაფია და სხვადასხვა. გაზეთს ჰქონდა მუდმივი რუბრიკები: "საქართველოს საკითხი უცხოეთში", "რუსთაველიანა", "ქართველები პარიზში" და სხვ. "დ. ს-ში" ქვეყნდებოდა ისტ. დოკუმენტები, უნიკალური პუბლიკაციები და ფოტოილუსტრაციები. ქართ. ემიგრანტულ ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში ბევრი დაწერილა 1918 წლის 26 მაისზე, საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტ. დღეზე, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გაზ. "დ. ს-ს" 1927 #17-ის პუბლიკაცია, სადაც გამოქვეყნებულია ამ დღესთან დაკავშირებული უცნობი დეტალები.

"დ. ს-ში" 1933 წელს (#86– 92) გამოქვეყნებულია წერილების სერია "აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს", რ-შიც სკრუპულოზურობითა და პროფ. სიღრმით დახატულია XX ს. 20 – 30-იანი წლების აფხაზეთში შექმნილი სოც.-ეკონ. თუ კულტ.- პოლიტ. მდგომარეობის სურათი, ნაწინასწარმეტყველებია XX ს-ის ბოლოს მომხდარი ტრაგიკული მოვლენები.

"დ. ს-ს" ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს 20–30-იანი წლების საქართვ. ისტ., პუბლიცისტიკის, ქართ. სოც. და პოლიტ. აზრისა და ემიგრაციის ისტ. შესასწავლად. ლიტ. : შ ა რ ა ძ ე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 2, თბ., 2001.