დანიელიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰ. დანიელიანი.
ჰ. დ ა ნ ი ე ლ ი ა ნ ი. ანუში, ა. ტიგრანიანის ოპერა "ანუში".

ჰაიკანუშ ბაღდასარის ასული [3 (15). XII. 1893, თბილისი, – 19. IV. 1958, ერევანი], სომეხი მომღერალი (ლირ. კოლორატურული სოპრანო). სსრკ (1939) და საქართველოს სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1946). 1920 დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია. 1922–32 იყო თბილ., 1933–43 – ერევნის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრების სოლისტი. 1943–51 ერევნის კონსერვ. პედაგოგი (1949-იდან – პროფესორი). შესრულებული აქვს პარტიები: ეთერი, ლატავრა (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"; ამ უკანასკნელის პირველი შემსრულებელია, 1928); ანუში (ა. ტიგრანიანის "ანუში"); ოლიმპია (ტ. ჩუხაჭიანის "არშაკ II"); ანტონიდა (მ. გლინკას "სიცოცხლე მეფისათვის") და სხვ. გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი. დ. არაყიშვილის რომანსების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. გამოირჩეოდა ლამაზი ტემბრის ხმით, მაღალი ვოკალურ-სცენური ოსტატობით, მკაფიო არტისტული ინდივიდუალობით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.