დანკოსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ე. დ'ანკოსი.

(d’ Encausse) ელენ კარერ (ქალიშვილობაში – ელენე გიორგის ასული ზ უ რ ა ბ ი შ ვ ი ლ ი) (დ. 1929, პარიზი), პოლიტოლოგი, სოვეტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, საფრანგეთის აკადემიის [ე. წ. უკვდავთა აკადემია, რ-ის შემადგენლობაში დაარსების დღიდან (1635) მუდმივად 40 "უკვდავია", მათგან სულ სამი ქალია] წევრი (1989) და მისი მდივანი. ნ. ნიკოლაძის შვილიშვილის შვილი. წარჩინებით დაამთავრა პარიზის პოლიტ. მეცნიერებათა ინ-ტი. 1976 სორბონის უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – "ბოლშევიკები და ეროვნებები 1929 წლამდე", სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს. პარიზის უნ-ტში ლექციებს კითხულობდა სსრ კავშირის პოლიტ. და სოც. ისტორიაზე. საერთაშ. ურთიერთობათა კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა სსრკ სექციას. იყო კვლევის უფროსი პოლიტ. მეცნიერებათა ეროვნ. ინ-ტში (საფრანგეთი). 1971-იდან მონაწილეობდა ჩიკაგოს უნ-ტის სლავური კომიტეტის სლავურ ჯგუფში. 1972 პარიზში გამოვიდა მისი კაპიტ. ნაშრომი "საბჭოთა კავშირი – ლენინიდან სტალინამდე. 1917–1953 წლები". 1978 გამოიცა მისი განთქმული ნაშრომი "დამსხვრეული იმპერია", რ-შიც იწინასწარმეტყველა საბჭ. კავშირის დაშლა და მეცნიერულად უჩვენა, რომ საბჭოეთში სრულებითაც არ არის მოგვარებული ეროვნ. საკითხი, მწვავედ დგას ეროვნ. უმცირესობათა პრობლემა, რაც ეროვნ. ერთეულებად დაშლის საფრთხეს უქადის მას. 1986 გამოქვეყნდა მისი ნაშრომი "არც ომი, არც ზავი", რ-იც ეხება ლ. ბრეჟნევის დროინდელ სსრ კავშირსა და მის პოლიტიკას. მიღებული აქვს საფრ. უმაღლესი ჯილდოები, მ. შ. "საპატიო ლეგიონის" რაინდის ორდენი და საფრ. "ღირსების ორდენი". 2003 მაისში დ. იყო თბილისში. თსუ-ის რექტორმა იგი დააჯილდოვა ი. ჯავახიშვილის მედლით.

ლიტ .: უ რ უ შ ა ძ ე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005; შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 3, თბ., 1993. ლ. ურუშაძე.