დაპერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Dapper) ოლფერტ (გ. 1690), ჰოლანდიელი ექიმი, მწერალი და გეოგრაფი. იმოგზაურა მრავალ ქვეყანაში და გამოაქვეყნა ამ მოგზაურობათა აღწერა. ჩვენთვის საინტერესოა 1681 ნიურნბერგში დაბეჭდილი დ-ის ნაშრომის იოჰან ბეერნისეული გერმ. თარგმანი სათაურით: „აზიის უშუალო და დაწვრილებითი აღწერა", რ-შიც სხვა ქვეყნებთან ერთად სპარსეთის სამეფოცაა წარმოდგენილი. ნაშრომის წყაროა ანტ. ხანის მწერალთა ცნობები და მოგზაურობათა აღწერილობანი. ნაშრომს ახლავს ესტამპები, რუკები, მ. შ. სამეგრელოს რუკა, უმნიშვნელოვანესი ქალაქების სქემები, ქართ. ანბანის ნიმუში, რ-იც დ-ს ორიგინალურად მიაჩნია და ა. შ. დ. ახასიათებს საქართვ. კუთხეებს, მის საზღვრებს, ბუნებას, ისტორიას, მოსახლეობის ზნე-ჩვეულებებს და სამეურნეო საქმიანობას, ენას და დამწერლობას, რელიგიას, მმართველობის სისტემას და სხვ. დ. ქართველებს ახასიათებს ზრდილ, მეგობრულ და მეომარ ხალხად, რ-საც იარაღით ხელში განუწყვეტლივ უწევს ბრძოლა სამშობლოსა და ქრისტ. სარწმუნოების დასაცავად. ქართველები გამოირჩევიან კარგი აღნაგობითა და შესახედაობით, ხოლო მათი ქალები აზიის უმშვენიერესი ქმნილებები არიანო. საქართვ. კუთხეებიდან დ. განსაკუთრებით ვრცლად აღწერს სამეგრელოსა და ქართლ-კახეთს, ხოლო მეზობელი ქვეყნებიდან – ჩერქეზეთს და სხვ. დ. შენიშნავს, რომ XVII ს. დასაწყისში ოსმალეთსა და ირანს შორის ძალზე დაიძაბა ურთიერთობა – ორივეს ქართლ-კახეთზე ბატონობის პრეტენზია ჰქონდა. თეიმურაზ I -ისა და ლუარსაბ II-ის დამოყვრება შაჰ აბას I-მა საბაბად გამოიყენა და ქართლ-კახეთში შემოიჭრა (1613). დ. აღნიშნავს შაჰის გულქვაობას, რ-მაც მეფე ლუარსაბ II ციხეში მოაშთობინა, თეიმურაზ I-ის ორივე ვაჟი – ლევანი და ალექსანდრე – დაასაჭურისებინა, ხოლო დედა – ქეთევანი სარწმუნოებისადმი ერთგულების გამო წამებით მოაკვლევინა. დ. გულისტკივილით აღწერს საშინელ სურათს, რ-იც შაჰმა თავს დაატეხა კახეთს – მშობლიური მიწიდან აყრილი მოსახლეობის დიდი ნაწილი გზაში დაიხოცა, ირანისაკენ მიმავალი გზა მოხუცებისა და ბავშვების გვამებით მოიფინა, ირანში კი ოჯახი არ დარჩა, სადაც ქართვ. კაცი თუ ქალი მონად არ ჰყოლოდათ. დ. ეხება ოსმალეთის ჯარის 1618 ლაშქრობას ირანში, აგრეთვე თეიმურაზ I-ის მოკავშირე სომეხ დელი მელიქს, აღნიშნავს დას. საქართველოში ტყვის სყიდვის სამწუხარო ფაქტებს და სხვ.

ლიტ .: დ ა ვ ი თ ა შ ვ ი ლ ი ი., ოლფერტ დაპერის ცნობები საქართველოს შესახებ, «ცისკარი», 1972, #6; О р л о в с к а я Н. К., Грузия в литературах Западной Европы XVII–XVIII вв., Тб., 1965. ნ. გიოშვილი.